მთავარი,სიახლეები

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს მოამზადებენ, რაშიც 1 მილიონი დაიხარჯება

04.01.2021 • 1413
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს მოამზადებენ, რაშიც 1 მილიონი დაიხარჯება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალი ტენდერის მოსამზადებლად სხვადასხვა საკონსულტაციო და საკონტროლო მომსახურების შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს. სააგენტოს ინფორმაციით, შესყიდვების საფასური საორიენტაციოდ არაუმეტეს 1 020 000 ლარია.

სააგენტო აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის „პროექტის დაწყების დღიდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონსულტაციას უწევდნენ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც იცნობენ პროექტის ყველა დეტალს და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აღნიშნულ კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება“.

„ღონისძიების შეზღუდული ვადები და წინასწარ დაგეგმვის შეუძლებლობა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისათვის საჭიროა მაქსიმალურად მოკლედ დროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნისა და გამოცდილების იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა მიმართულებების საკონსულტაციო და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვა.
დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები (Dechert Georgia (შემდგომში შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“), White & Case, Port Consultants Rotterdam, ა ა.შ.), რომლებიც სრულად არიან ჩართულნი პროექტში, იცნობენ პროექტის ყველა დეტალს და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აღნიშნულ/ასეთ კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს.
ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშრისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან, რაც წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ გარანტიას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის პროექტების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს განაცხადში.

შესყიდვების საფასურის გადახდას სააგენტო მისთვის გამოყოფილი 2021 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში გეგმავს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის მუხლში – „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება“ – 2021 წლისთვის 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი. მთლიანად პროგრამისთვის კი, რომელიც 2021-2024 წლებზეა გათვლილი – 6 მილიონი ლარი.

ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ „საშუალოვადიან პერიოდში შერჩეული ინვესტორის მიერ მოხდება პროექტისათვის საჭირო დაფინანსების მოზიდვა, სასესხო ხელშეკრულებების, ასევე ტერმინალის ოპერატორთან ხელშეკრულების გაფორმება და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. პორტი დაიწყებს ოპერირებას, სააგენტო განახორციელებს მონიტორინგს, მათ შორის შესრულების ძირითად ინდიკატორებზე – 2024 წ;  2021 წელს გათვალისწინებულია ტენდერის შედეგად გამოვლენილ ინვესტორთან მოლაპარაკებების წარმოება და საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმება“.

ბიუჯეტის კანონში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობა არ აღიარებს ანაკლიის პორტიდან მომდინარე ვალდებულებებს:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება. 2020 წლის 29 ივლისს კერძო პარტნიორმა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, სარჩელი შეიტანა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში და დაიწყო დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. აღნიშნული გარემეოებების გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიგვაჩნია სტანდარტის ფარგლებში ვალდებულებების აღიარება. 2018 წლის ბოლოს ანაკლიის პორტიდან მომდინარე ვალდებულებები შეფასებული იყო 169 705 000 ლარად“.

ამ თემაზე:

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მთავარი ფოტო: ანაკლიის პორტის მშენებლობა/მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: