ინტერნეტში ბევრი ყალბი ამბავი ვრცელდება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ ამოიცნო ყალბი ამბავი, თავის დაცვა რომ შეძლო. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 2020 წლის მარტიდან აჭარის მთის 3 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან სწორედ ამ კუთხით მუშაობს.

ახლახან ორგანიზაციამ დაასრულა მეორედ გამოცხადებული ონლაინკურსი, რომელშიც 9 სოფლიდან 80 ახალგაზრდა იყო ჩართული.

სწავლება დისტანციურ რეჟიმში, ორ თვეს გაგრძელდა.

Zoom-პლატფორმაზე მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები. იმართებოდა დისკუსიები, მოამზადეს ონლაინქვიზები, ნახეს ამ თემაზე მომზადებული დოკუმენტური ფილმები.

„მონაწილეებმა შეიძინეს ის უნარები, რაც მათ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეში, პირადი ინფორმაციის დაცვაში დაეხმარება; მიღებული ინფორმაცია ასევე მისცემს თითოეულ მონაწილეს საშუალებას, არ გახდნენ დეზინფორმაციისა და კიბერგულინგის მსხვერპლი; შეძლებენ გარშემომყოფების დაცვას ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

სწავლების პროცესში განიხილეს შემდეგ თემები:

[checklist]

  • მედიაწიგნიერება და მისი მნიშვნელობა;
  • ყალბი ამბები და პროფილები;
  • ვებგვერდებისა და მათი სანდოობის გადამოწმების საშუალებები;
  • ფოტომანიპულაცია და ფოტოს გადამოწმების ხერხები;
  • ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია;
  • პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
  • კიბერბულინგი;
  • სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. [/checklist]

ჯამში მონაწილეთა აქტიურობითა და მაქსიმალური ქულათა რაოდენობით გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ 75$-ის ღირებულების წიგნები და კომპიუტერული ტექნიკის აქსესუარები.

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” სწავლებას ატარებს პროექტის ფარგლებში – “დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში”.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED].

____

მთავარი ფოტო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის 2020 წლის ონლაინკურსის გამარჯვებულები. მარიამ ბერიძე, როსტომ შამანაძე და სალომე შანთაძე

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version