მთავარი,სიახლეები

87 წლის კაცი ქობულეთიდან, რომელმაც კოვიდი დაამარცხა

22.10.2020 • 2262
87 წლის კაცი ქობულეთიდან, რომელმაც კოვიდი დაამარცხა

87 წლის ოთარ აბაშიძე ერთ-ერთია იმ ათობით ასაკოვან ადამიანს შორის, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. ოთარი რვასულიან ოჯახში ქობულეთში, სოფელ ჩაქვისთავში ცხოვრობს. კორონავირუსი ოთარ აბაშიძის ოჯახის ხუთ წევრს დაუდასტურდა – შვილს, რძალს, ორ შვილიშვილს და თავად ოთარს. ვირუსი ყველამ დაამარცხა.

„ორი კვირა ვმკურნალობდი საავადმყოფოში. სანიმუშო ექიმები შემხვდა. უმაღლესი ყურადღება გამოიჩინეს ექიმებმა და დღეს მათი წყალობით სახლში ამოვედი. მშვიდობიანად გადავრჩი.

ექიმებიც ჩემით, როგორც მორჩილი ავადმყოფით, კმაყოფილები დარჩნენ. სიხარულით გამომაცილა ყველამ, საავადმყოფოში აღარ გვენახოს ერთმანეთი და ოჯახებში მივსულიყავითო, მითხრეს,“ –  ასე იხსენებს ოთარ აბაშიძე „ბათუმელებთან“ საავადმყოფოდან წამოსვლის მომენტს.

ოთარ აბაშიძის თქმით, როდესაც ის კლინიკაში შეიყვანეს, სუნთქვის უკმარისობა და კოვიდით გამოწვეული პნევმონია ჰქონდა. ამასთან, 87 წლის კაცს ათ წელზე მეტია შაქრიანი დიაბეტი აქვს.

„ჩემთან ერთად ბევრი კოვიდინფიცირებული იყო. ასაკოვანი მანდილოსნები, მოხუცი ცოლ-ქმარიც იყო. ექიმები ყველას კარგად გვივლიდნენ. ასეთ ყურადღებას არ მოველოდი ნამდვილად,“ – ამბობს ოთარ აბაშიძე.

კორონავირუსგადატანილი 87 წლის კაცი, სხვა თანატოლებს მიმართავს და ურჩევს, რომ როგორი დიაგნოზიც არ უნდა ჰქონდეთ, სიმშვიდე შეინარჩუნონ.

„გართულებები მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი არ არის თვითდაჯერებული იმაში, რომ მას ექიმები უშველიან. ადამიანი როცა უნარი აქვს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს, მალე გადაიტანს ყველაფერს. ასე ვუყურებ მე ამ ამბავს, ოპტიმისტურად,“ – გვითხრა ოთარ აბაშიძემ.

ოთარ აბაშიძე კლინიკა “მედცენტრში” 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

მთავარი ფოტო: ოთარ აბაშიძე და კლინიკა “მედცენტრის” სამედიცინო პერსონალი. ფოტო “მედცენტრის” ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: