მთავარი,სიახლეები

სად იცხოვრებს 12 წლის გოგო, რომლის ოჯახიც ჯოჭოში მეწყერმა იმსხვერპლა?

06.10.2020 • 9179
სად იცხოვრებს 12 წლის გოგო, რომლის ოჯახიც ჯოჭოში მეწყერმა იმსხვერპლა?

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. სახლში იმ დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. მშობლებისა და 14 წლის ძმის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ 12 წლის თიკო თედორაძე ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

ორგანიზაცია „კეთილსოფელის“ ხელმძღვანელმა, მანანა სარიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ მარტოდ დარჩენილ 12 წლის თიკოს მისი ორგანიზაცია აჩუქებს საცხოვრებელ ბინას.

დეტალებზე „ბათუმელები“ მანანა სარიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ხუთსართულიანი კორპუსი ბათუმში, სხალთის ქუჩაზე შენდება.

„მე ვაშენებ ბათუმში ხუთსართულიან კორპუსს, რომელშიც საჩუქრად გადავცემ ბინებს იმ ოჯახებს, ვისაც ჰყავს შშმ პირი, არიან მრავალშვილიანი და უსახლკარო, მეწყრით დაზარალებულები. ოთხი სართული უკვე აშენებულია და იმედია  მალე დასრულდება“, – ამბობს მანანა სარიშვილი.

მისი თქმით, კორპუსში საცხოვრებელი ფართობების გარდა განთავსებული იქნება სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ პირთათვის და დღის ცენტრი აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის. სარიშვილის თქმით, თიკო თედორაძეს ამ კორპუსში გარემონტებული ბინა  მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაეცემა.

თიკო თედორაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა მწერალმა გიორგი კეკელიძემაც. როგორც ის ფეისბუქში წერს, თიკო თედორაძე დეკემბრიდან „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიას მიიღებს.  „სულ მივადევნებთ თვალ-ყურს – თიკა საუკეთესო განათლებას მიიღებს“, – წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქზე.

რაც შეეხება აჭარის მთავრობას, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სტიქიის ზონაში მისვლის დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავრობა მარტოდ დარჩენილ არასრულწლოვან გოგონას დაეხმარება.

„ყველაფერს გავაკეთებთ, მას ექნება აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა სახელმწიფოსგან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან.

„ბათუმელები“ დღეს, 6 ოქტომბერს, დაუკავშირდა აჭარის მთავრობას და ჰკითხა, კონკრეტულად რა სახის დახმარებაზეა საუბარი. მთავრობის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

განახლებული ინფორმაცია: თიკო თედორაძის საკითხზე აჭარის მთავრობიდან „ბათუმელებს“ დღეს, 7 ოქტომბერს დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ 12 წლის თიკოს აჭარის მთავრობა საცხოვრებელ ბინას გადასცემს. ჯერჯერობით აჭარის მთავრობაში არ დაუკონკრეტებიათ ბინის გადაცემის დრო და მდებარეობა. „ამ ეტაპზე დაზუსტებით ის შეგვიძლია გითხრათ, რომ გოგონას ლეპტოპი გადაეცა საჩუქრად“ – გვითხრეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

_______________________________

მთავარ ფოტოზე: თიკო თედორაძე მანანა სარიშვილთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: