განათლება,მთავარი,სიახლეები

საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

11.09.2020 • 2679
საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი და ფოთი. სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე უკვე გადადებული იყო ბათუმსა და ქობულეთში.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ორი კვირით, ისევე როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს პირველ ოქტომბრამდე, ოღონდ მსხვილ ქალაქებში – ისეთში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი, ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში, ისევე როგორც სკოლებში, დაიწყება პირველი ოქტომბრიდან“, – განაცხადა დღეს, 11 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

„ეს საჭიროა იმისათვის, რომ შევაფასოთ მიმდინარე რისკები, გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან ერთად ორი კვირა და ამის შემდგომ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღესვე მან განმარტა, რომ ეს ეხება სასწავლო პროცესს შენობაში, ხოლო დისტანციური სწავლების პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს.

ბოლო დღეებია საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. დღეს, 11 სექტემბერს, ქვეყანაში დადასტურდა 87 ახალი შემთხვევა. გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ იწყება კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: