მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიიდან 3 თანამშრომელი გაუშვეს – ჟურნალისტები საპროტესტო აქციას აანონსებენ [LIVE]

30.07.2020 • 2844
აჭარის ტელევიზიიდან 3 თანამშრომელი გაუშვეს – ჟურნალისტები საპროტესტო აქციას აანონსებენ [LIVE]

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს. შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამშრომლებს მაუწყებლის დირექტორის ხელმოწერილი ბრძანება დღეს, 30 ივლისს ჩააბარეს.

„2007 წლიდან ვარ ამ ტელევიზიაში და აი, ამით დააფასა ჩემი გაღებული დრო, ენერგია, ჯანმრთელობა… ყველას და ყველაფერს დავაკელი  აქ რომ ყოფილიყო კარგად ყველაფერი. დღეს მომცეს გათავისუფლების ფურცელი. ამით დამიფასა მაუწყებელმა აქ მუშაობა, ამ ხნის განმავლობაში. ერთი საყვედურიც არ მიმიღია. ათობით პროექტის ავტორი ვარ ამ ტელევიზიაში,“ –  ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი მურვანიძე.

უსამართლოდ გათავისუფლებულად მიიჩნევს თავს ბაჩო გურაბანიძეც.

„ჩემი გათავისუფლების საფუძველი გახდა ერთი თვის წინ მომხდარი უმნიშვნელო ინციდენტი, რომელიც მოხდა აივანზე ჩემსა და ჩემს მეგობარს შორის. ინციდენტი დასრულდა მშვიდობიანად. შიდა წარმოება დაიწყო. ორწუთიანი ინციდენტი იყო, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე. არასასურველია, რა თქმა უნდა, როცა მაუწყებლის შენობაში ხდება მსგავსი რაღაც, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რომ, ვთქვათ, ასეთი მკაცრი დასჯის ობიექტები გავმხდარიყავით. ჩვენს გათავისუფლებას სხვა ქვეტექსტები აქვს და ამაზე ვისაუბრებთ ძალიან მალე. იურისტებთან გავივლით კონსულტაციებს და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ აუცილებლად.

ეს გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ ინციდენტის გამო მიღებული. გაგვათავისუფლეს იმიტომ, რომ ამ ინციდენტში ფიგურირებს იმ აქციის თემა, რომელიც ჩვენ მოვაწყეთ აჭარის მაუწყებლის წინ, 26 ივნისს. შესაბამისად, მე, პირადად, ვფიქრობ და მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო მოტივი ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლების. ამისთვის გამოინახა შესაბამისი მიზეზი და დაგვითხოვეს სამსახურიდან,“ – ამბობს ბაჩო გურაბანიძე „ბათუმელებთან“.

აჭარის მაუწყებლის გადაცემა „ჰეშთეგში“ კოლეგების გათავისუფლების შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრეს. გიორგი არობელიძემ ეთერში თქვა, რომ გათავისუფლებულები ალტერნატიული პროფკავშირების დამფუძნებლები არიან, რომელიც „ახალი მენეჯმენტის პარტიულ დღის წესრიგს არ ეგუება“.

გადაცემა „ჰეშთეგმა“ ეთერი პროტესტის ნიშნად შეწყვიტა. მანამდე კი თქვეს, რომ პროტესტი იქნება რადიკალური და ამ გადაწყვეტილებასთან შეგუებას არავინ აპირებს. „საქმე გვაქვს ფაქტთან, რომელმაც შეძრა ტელევიზიაში დასაქმებული თითოეული ადამიანი. ძალიან ბევრი თანამშრომელი დადგება აქ და გაჩნდება სოლიდარობის დიდი კერა, რომელიც რადიკალურ პროტესტში გადაიზრდება, თუ, რა თქმა უნდა, არ შეცვალეს გადაწყვეტილება“.

?LIVE ჟურნალისტების საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიასთან

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2020

გადაბეჭდვის წესი


ასევე: