მთავარი,სიახლეები

ლავასოღლი თურქული ციხიდან გაათავისუფლეს, ადვოკატმა ოჯახს დაურეკა – ბაკურიძე

20.06.2020 • 3241
ლავასოღლი თურქული ციხიდან გაათავისუფლეს, ადვოკატმა ოჯახს დაურეკა – ბაკურიძე

მინდია ლავასოღლი თურქეთიდან ბელორუსიაში გადაიყვანეს. ამას ორგანიზაციის “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომელიც ლავასოღლის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სპიკერია.

მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის გაასამართლეს 2018 წელს. განაჩენის გამოტანის დროის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იყო გაურკვეველი მიზეზით. ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით პირველი ივნისიდან ბათუმში აქციება იმართება. ამ დრომდე შიმშილობს 15 ადამიანი.

“მიზანი მიღწეულია ნაწილობრივ. მინდია გორაძის ექსტრადირება მოხერხდა. წუხელ გვიან ის გადაიყვანეს საემიგრაციო სამსახურში, რის შემდეგ მან დატოვა საპატიმრო და თურქეთის ტერიტორია. დანარჩენ დეტალებზე ორშაბათს ….”- წერს ფეისბუქში თამაზ ბაკურიძე.

ლავასოღლის ბელორუსიაში გადაყვანის შესახებ კომენტარს ლავასოღლის და – ირინა გორაძე არ აკეთებს.

“ბათუმელები” ამ დრომდე ვერ დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას.

“მე ვენდობი თამაზ ბაკურიძეს, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ,”- აღნიშნა ლექსო კობაიძემ, იგი მინდია ლავასოღლის ადვოკატია.

“ბათუმელებთან” თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ იგი ბელორუს უფლებადამცველებს დღეს, მას შემდეგ, დაუკავშირდა, როცა გაიგო, რომ ლავასოღლის თურქმა ადვოკატმა ოჯახს ექსტრადირების შესახებ აცნობა.

“…მინდიას უნდა აერჩია მესამე ქვეყანა მოკლე დროში, ყველაზე ადრე ფრენა დანიშნული იყო ბელორუსიის მიმართულებით, ამიტომაც არჩევანი მან ამ ქვეყანაზე გააკეთა. მინდიას უთხრეს, რომ ის საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა. დღეს დილით ჩავიდა ბელორუსიაში,”- გვითხრა თამაზ ბაკურიძემ. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მინდია ლავასოღლი საემიგრაციო პატიმრობაშია და ჯერ უცნობია შემდეგი პროცედურები.

“უცნობია, გაგრძელდება თუ არა აქციები ბათუმში, ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას,”- დასძინა თამაზ ბაკურიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: