საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის პირველწყაროს ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ ეძებენ.

„15 ახალი შემთხვევიდან 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 – საკარანტინო სივრციდან, ოღონდ ე.წ. შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევებია. დანარჩენი 5 ასევე საკარანტინო სივრციდანაა, ოღონდ მანამდე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

ერთი არის საბურთალოს წყაროსთან დაკავშირებული შემთხვევა და ორის წყაროს მოძიება გრძელდება,“ – თქვა ეზგუბაიამ.

მან ასევე დასძინა, რომ ახალი შემთხვევების მატება მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების უგულებელყოფას უკავშირდება.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქცევით სწორად. არ ვაკეთებთ დისტანცირებას და არ ვხმარობთ პირადი დაცვის საშუალებებს,“ – განაცხადა მან.

მთავრობის ოფიციალური საიტის stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 704 გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version