ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში, კომენდანტის საათის დროს პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ შემთხვევაზე „ბათუმელებმა“ სტატია 3 აპრილს გამოაქვეყნა.

აღნიშნულზე შემთხვევაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 4 აპრილს დაიწყო. დაზარალებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

საიას განცხადებით, დაზარალებულის განმარტებით, 2 აპრილს დაახლოებით 23:45 სთ-ზე, იგი სახლიდან აფთიაქში მედიკამენტის შესაძენად გამოვიდა. მან ქუჩის მეორე მხარეს მდებარე აფთიაქში გადასასვლელად ნებართვა იმავე ქუჩაზე გაჩერებულ პოლიციის ეკიპაჟს სთხოვა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიტყვიერი თანხმობა მისცა, თუმცა მალევე,  მას ამავე ქუჩაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟი მიუახლოვდა. მანქანიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმული ორი და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ერთი პირი გადმოვიდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მიმართა სიტყვებით: „ბიჭო, შენ სად მიდიხარ, არ იცი, რომ კომენდატის საათია“, რაზეც მან განუმარტა, რომ წამლის შესაძენად აფთიაქში მიდიოდა და აღნიშნულზე სიტყვიერი თანხმობა პოლიციის სხვა თანამშრომლებისგან ჰქონდა.

დაზარალებული იხსენებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აგრესიულად მიმართეს, რის გამოც მან მობილური ტელეფონით საუბრის გადაღება დააპირა. ამან პოლიციელების კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია. ერთ-ერთმა პოლიციელმა ძალის გამოყენებით გამოართვა ტელეფონი და ხმამაღლა მიმართა დანარჩენ პოლიციელებს –  „დავაი ჩატენეთ მანქანაში.“

დაზარალებული ყვება, რომ იგი ძალის გამოყენებით დააგდეს ძირს და გაუკეთეს ხელბორკილები. მისი განმარტება, რომ  ხერხემალზე ჰქონდა პრობლემები და თავად ჩაჯდებოდა მანქანაში, პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. ამ პროცესში მან მანქანის ძარას თავი რამდენჯერმე მიარტყა. დაზარალებულის თქმით, პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ ზეწოლა მანქანაშიც გაგრძელდა. ერთ-ერთი პოლიციელი მუხლებით დააწვა თავზე, ასევე, ურტყამდა ხერხემლის არეში და ასევე, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში იგი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, მიეცათ შესაძლებლობა, დაკავშირებოდა ადვოკატს, პოლიციის თანამშრომლებმა უარი უთხრეს და განუმარტეს, რომ იყო კომენდანტის საათი და ადვოკატი ვერ მივიდოდა.

მეორე დილით იგი იზოლატორიდან ისევ პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში იმავე პოლიციელთაგან ერთ-ერთმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავის მოჭრით დაემუქრა.

პოლიციის განყოფილებაში მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლით შეუდგინეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმავე დღეს, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განიხილა სამართალდარღვევის საქმე, იგი სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. პოლიციის თანამშრომლებმა მას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3000 ლარიანი ჯარიმაც შეუდგინეს.

საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული შეზღუდვები ვერ გაამართლებს პოლიციელთა მხრიდან არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ჩადენას და პირის დაცვის უფლების გარეშე დატოვებას, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის #204 დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს არ ჩერდება საადვოკატო საქმიანობა და ამავე დადგენილების მიხედვით, გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება შეთანხმებულ სიაში მყოფ იმ პირებსა და მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. 

საიას მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს – დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.

ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრს – გააკეთოს მკაფიო განცხადება აღნიშნულ ფაქტზე და მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმებულ პირებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განუხრელად დაიცვან საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული უფლებები.

„სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმებულ პირებს მიეცეთ მკაფიო მითითება,  საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის პროცესში არ იმოქმედონ ფორმალურად და გაითვალისწინონ ინდივიდუალური გარემოებები, რომლებიც შესაძლოა გამორიცხავდეს პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას; გაატაროს პრევენციული ზომები, რათა დაკავებულ პირებს არ შეეზღუდოთ ადვოკატის ყოლის უფლება“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

__________________________

ფოტოზე: დაზიანებები პოლიციის მიერ 2 აპრილს დაკავებული კაცის სხეულზე

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version