მთავარი,სიახლეები

კომენდანტის საათის დროს დაკავებული: პოლიციელებმა მცემეს და იარაღით დამემუქრნენ

03.04.2020 • 6077
კომენდანტის საათის დროს დაკავებული: პოლიციელებმა მცემეს და იარაღით დამემუქრნენ

„პოლიციელებმა მანქანაში შემტენეს და მცემეს, როგორც ეს შეიძლებოდა მანქანაში, ვიდრე პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანდნენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში მცხოვრები ვ.მ. მას ვინაობის გამხელა არ სურს, რადგან ფიქრობს, რომ მისი უსაფრთხოება არც ახლაა დაცული.

ვ.მ. ადმინისტრაციული წესით გუშინ, 2 აპრილს, დაახლოებით ღამის 11 საათზე დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე დღეს, 3 აპრილს განიხილა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ. მოქალაქის თქმით, იგი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს და 500 ლარით დააჯარიმეს. უცნობია, მას ედავება თუ არა პოლიცია კომენდანტის საათის პირობების დარღვევის გამო.

ვ.მ. ადასტურებს, რომ დაკავების დროს პოლიციელებს მართლაც შეაგინა, თუმცა მისი თქმით, მანამდე პოლიციელებთან იკამათა.

„ანტიბიოტიკი მჭირდებოდა, რაც არ იყო ჩემს სახლთან ახლოს მდებარე აფთიაქში. აფთიაქთან ახლოს პოლიციის მანქანა იყო გაჩერებული. ვუთხარი, აქ არაა ის წამალი, რაც მჭირდება და ჭავჭავაძის ქუჩაზე გადავალ-მეთქი. კარგიო, მიპასუხეს. ყაზბეგის ქუჩაზე ვიყავი, როცა სხვა პოლიციელებმა გამაჩერეს, პირდაპირ ბორდიურზე გააჩერეს ავტომანქანა და ყვირილით მომვარდნენ, არ იცი, რომ კომენდანტის საათიაო? აგდებულად მითხრეს, რა ანტიბიოტიკი გინდაო. ვუთხარი, თქვენ ძველი ბიჭები ხართ, თუ პოლიციელები-მეთქი და მობილური ამოვიღე, რომ გადამეღო. ამაზე გაბრაზდა ერთ-ერთი და ძალით ჩამსვეს მანქანაში… მანქანაში მირტყამდა, თან ჩემთვის შარვლის გახდას ცდილობდა, არ ამბობდა, რა უნდოდა, შემეშვით-მეთქი, ვყვიროდი,“ – გვიყვება ვ.მ.

მოქალაქის თქმით, პოლიციელებმა ძალადობა მეორე განყოფილებაში მისვლისთანავე შეწყვიტეს. ვ.მ.-ს თქმით, მის სხეულზე არსებული დაზიანებები დააფიქსირეს წინასწარი დაკავების განყოფილების იზოლატორში შეყვანის დროს, სამართალდარღვევის ოქმი კი, დღეს დილით ჩააბარეს.

„ვითხოვდი ადვოკატს, მაგრამ არ მომცეს არაფრის უფლება, არც ახლობლებთან დამარეკინეს…. მეძებდნენ გუშინ მთელი ღამე. ოჯახთან დაკავშირება დღეს მოვახერხე, ვიდრე სასამართლო პროცესზე შემიყვანდნენ.

მე მოსამართლესთანაც ვაღიარე, რომ მართლაც შევაგინე პოლიციელებს, მაგრამ ისინი არაადამიანურად მომექცნენ. დილით, როცა ოქმი ჩამაბარეს, ის პოლიციელი ისევ შემხვდა, რომელმაც დამაკავა და დამემუქრა – „მერე გნახავ და შუბლს გაგიხვრიტავო“. მოსამართლემ მითხრა, არ უნდა შეგეგინებინაო. აუცილებლად მივმართავ შესაბამის უწყებებს,“ – გვიყვება ვ.მ.

ვ.მ.-მ გვაჩვენა სხეულზე მიყენებული დაზიანებების ამსახველი ფოტოებიც. ამ დრომდე მას არ მიუმართია რომელიმე სამედიცინო დაწესებულებისთვის და არც სახელმწიფო ინსპექტორისთვის, რომელიც მსგავს შემთხვევებს იძიებს.

_____
მთავარი ფოტო: დაზიანებები პოლიციის მიერ წუხელ დაკავებული კაცის სხეულზე

გადაბეჭდვის წესი