მთავარი,სიახლეები

“სოკარი” გაზს შეუწყვეტს აბონენტებს, რომლებიც დავალიანებას ვერ იხდიან

24.03.2020 • 8258
“სოკარი” გაზს შეუწყვეტს აბონენტებს, რომლებიც დავალიანებას ვერ იხდიან

24 მარტის მდგომარეობით, „სოკარი“ არ აპირებს მოქალაქეებს, რომლებიც გაზის დავალიანებას ვერ იხდიან, თანხის გადახდა გადაუვადოს. „სოკარის“ წარმომადგენლები თითოეულ ასეთ აბონენტთან მიდიან და ეუბნებიან, რომ გაზს ჩაუჭრიან, თუკი მიმდინარე დავალიანებას ვერ გადაიხდიან.

„ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. ერთ-ერთის თქმით, მათმა ოჯახმა შემოსავალი დაკარგა და ამ ეტაპზე გადახდას ვერ ახერხებს.

„ჩემი ქმარი სამარშრუტო ხაზზე მუშაობს. ყოველდღიურ შემოსავალზე ვიყავით დამოკიდებული. გაზის დავალიანება ნაწილი გადახდილი გვაქვს, მაგრამ იმის გამო, რომ თებერვალი ცივი იყო და გათბობა გაზზე გვაქვს, მაინც ბევრი დაგვრჩა გადასახდელი. გუშინ მოვიდნენ „სოკარიდან“ და გვითხრეს, თუ 24 მარტის 2 საათამდე არ გადავიხდით დავალიანებას, გაზს ჩაგვიჭრიან. არ ვიცით, როგორ უნდა გადავიხადოთ ეს თანხა,“ – გვითხრა მოქალაქემ.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალურ ოფისს დაუკავშირდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი ამბობს, რომ „მოქალაქეებს, სამწუხაროდ, დავალიანებებს ვერ გადაუვადებენ“.

„ჩვენ ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში. ყველა იმ პროცედურების დაცვით, რაც საგანგებო მდგომარეობამდე გვქონდა. ეს პროცედურები: დარიცხვა, გადახდა, ვცდილობთ, რომ გაკონტროლებული იყოს. ამ რეჟიმიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ დისტანციურად, ტელეფონით, სხვადასხვა საშუალებით შევახსენოთ აბონენტებს, რომ გადასახდელი აქვთ  მიმდინარე თანხები. მთელი ერთი კვირა ამაზე ვიმუშავეთ. ვინც ვერ გადაიხადა, იძულებული ვართ, რომ მათთან გავთიშოთ გაზის მიწოდება, რომ დავალიანება კიდევ უფრო არ გაიზარდოს,“ –  ამბობს ვახტანგ ბერიშვილი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს კომპანია გადავადებაზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბერიშვილი პასუხობს:

„მესმის ეს მდგომარეობა, მაგრამ ინდივიდუალურად, ერთეულების გადასაწყვეტი თემა არაა. სახელმწიფოსთანაც ალბათ რაიმე მოლაპარაკება შეიძლება მიმდინარეობდეს. რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და განაცხადა, რომ კომუნალურ გადასახადებზე ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არაა ან გადავადებაზე, ან განულებაზე, ან სხვადასხვა ღონისძიებებზე. ისიც მოვისმინეთ, რომ რაღაც კომუნალურ ვაუჩერზე იყო საუბარი. სხვა რამე დამატებითი დავალება ან შეთანხმება ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს.  თუ თანხას ვერ გადაიხდიან, გაზის მიწოდება შეუწყდებათ, მიმდინარე ვალებზეა საუბარი“.

საქართველოში კორონავირუსის პრევენციის გამო 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თვითდასაქმებული ათასობით ადამიანი დროებით უმუშევრადაა დარჩენილი.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/435090/

იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: