მთავარი,სიახლეები

70 000 ქალი საქართველოდან სექსუალური განათლების ანდერგრაუნდში

20.02.2020 • 5379
70 000 ქალი საქართველოდან სექსუალური განათლების ანდერგრაუნდში

სივრცე ქალური საუბრებისთვის სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ყველაზე დიდი ქართული ფეისბუქჯგუფია – მხოლოდ ქალებისთვის. ერთი წლის წინ შექმნილ ჯგუფში თითქმის 68 ათასი ქალია გაერთიანებული. ჯგუფის წევრების რაოდენობა წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდება. ქალთა ჯგუფის იდეა სექსუალურ განათლებაზე თავიდან თამარ ფონიავას მოუვიდა, მაგრამ მაქსიმუმ 100 ქალისგან შემდგარ ჯგუფს ელოდა, ვერ წარმოიდგენდა, თუ ჯგუფში გაწევრიანების მსურველი 25 ათასი თხოვნის განხილვა მოუწევდა ერთად. 

ჯგუფში დაცული და არაძალადობრივი გარემოა, სადაც ყველა ქალს შეუძლია დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები ისე, რომ არავინ გაკიცხოს. თუმცა დაცული სივრცის შექმნა ადმინს და რამდენიმე მოდერატორს დროისა და ენერგიის ხარჯზე უწევს: ჯგუფში ყოველდღიურად 500-მდე კითხვა იგზავნება, მათი ნაწილი იფილტრება და ჯგუფში ყოველდღე 100 პოსტი იდება. 

ამერიკულ ჯგუფში ვიყავი, სადაც სექსუალური ჯანმრთელობის და რეპროდუქციის საკითხებს განიხილავდნენ თავისუფლად და მაშინ ვფიქრობდი, ნეტა, ვინმე მსგავსს საქართველოშიც გააკეთებდეს-მეთქი. ქალთა ჯანმრთელობის ჯგუფში ხშირად იწერებოდა თავდაცვის საშუალებების, სექსუალურ ცხოვრებაში პრობლემების, სექსუალური დისფუნქციის თემაზე და მივხვდი, რომ აუცილებელი იყო ქალებს გვქონოდა მხოლოდ ამ თემებზე ორიენტირებული სასაუბრო სივრცე.  

თავიდან ჯგუფის მიზანი იყო გვესაუბრა სექსუალურ ცხოვრებაზე, სექსუალურ ჯანმრთელობაზე, რაც გულისხმობს სექსუალური სიამოვნების, ინტიმური ცხოვრების პოზიტიურ გააზრებას, საკუთარი უფლებების ცოდნას, სექსუალური გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციას, დაცულ და უსაფრთხო სექსზე ინფორმაციას, საკუთარი უფლებების შესახებ ცოდნას, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ა.შ.” – ამბობს თამარ ფონიავა.

16-17 წლის გოგოები ყველაზე დაუცველები არიან სექსუალური გზით გადამდები დაავადებების, ძალადობის, შევიწროების მიმართ 

 

ჯგუფში წესები საკმაოდ მკაცრადაა დაცული, აკრძალულია ჯგუფიდან სქრინშოთების გატანა, პოსტებსა და კომენტარებში მიუღებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, ჯგუფში არ არის ადგილი განსჯისა და დაცინვისთვის. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში წევრები უპირობოდ იბლოკებიან. ქალების ჯგუფი სოლიდარულ, ერთ დიდ თემად იქცა, სადაც არ არსებობს ტაბუდადებული თემები და წევრები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, რჩევას და დამოკიდებულებებს უზიარებენ. ჯგუფის პოსტები, ერთი შეხედვით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ „იატაკქვეშა“ სექსუალური რევოლუცია საქართველოში უკვე მოხდა, თუმცა ამაზე ღიად არავინ საუბრობს. სხვა მხრივ ჯგუფი კარგად აჩვენებს სექსუალურ განათლებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ინფორმაციულ ვაკუუმს, რასაც ვერ ავსებს სკოლა, უნივერსიტეტი, მედია და ინტერნეტის ქაოტური ინფორმაცია. განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ეს საჯარო და აკადემიური სექტორები უზრუნველყოფს სექსუალურ განათლებას. საქართველოში მსგავს თემებზე სასაუბროდ მხოლოდ დახურული სივრცეები არსებობს.  

„სექსუალური განათლება მოიცავს სექსუალური სიამოვნების, ინტიმური ცხოვრების დადებითად გააზრების ჰარმონიის საკითხებს, სქესობრივი განათლებისგან განსხვავებით, რაც მხოლოდ რეპროდუქციას ეხება. 

ხშირად გოგოებმა არ იციან უბრალოდ ანატომიაც. ჯგუფში საუბარი საბაზისო ანატომიიდან დავიწყეთ: ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების აგებულება, სახელები, მენსტრუაცია, სგგ-ების რისკი და ა.შ. შემდეგ მივედით ისეთ თემებზე, როგორიცაა სექსუალური შევიწრობისა და ძალადობის ფორმების გააზრება, ახალგაზრდებმა, მაგალითად, არ იციან, როგორი ქცევა შეიძლება იყოს სექსუალური შევიწროება, არ იციან რა არის გაუპატიურებარომ გაუპატიურება შეიძლება ქორწინებაშიც მოხდეს. ამ დროს 16-17 წლის გოგოები ინფორმაციის არარსებობის გამო ყველაზე მოწყვლადები არიან, სექსუალური გზით გადამდები დაავადებების, ძალადობის, შევიწროების მიმართ

მხოლოდ 2016 წელს 15-19 წლის ქალებში აბორტის გაკეთების 951 შემთხვევაა დარეგისტრირებული (საქსტატი). სექსუალური განათლება არამხოლოდ ხელს უწყობს ახალგაზრდა ქალების სექსუალური აქტივობების წახალისებას, არამედ მათი სიცოცხლის, ჯანრთელობისა და მენტალური სიჯანსაღის უმნიშვნელოვანესი ელემეტია. 

18-24 წლის ბიჭებს  67% და გოგოების 87% ამბობს, რომ უსაფრთხო სექსის შესახებ მშობლები არ ესაუბრებოდნენ (კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში, 2014). არ აქვთ სივრცე სახლში, სკოლაში, იმავე სიტუაციაში არიან მეგობრებიც

ჯგუფში არ ვაწევრიანებთ 14 წლამდე გოგოებს. საერთოდ კი, მომხრე ვარ ახალგაზრდები იყვნენ ჯგუფში, რომ ზრდასრულმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება და ინფორმაცია გავაზიაროთ და მათ ამ ფორმით დავეხმაროთ”, – ამბობს თამარ ფონიავა. 

თამარ ფონიავა

როცა გაქვს ისეთი სექსი, როგორიც გინდა და თან გაქვს დანაშაულის შეგრძნებაც 

ქალთა ემანსიპაცია სექსუალური თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ქალების სხეულის, მათი სექსუალური ცხოვრების კონტროლით იწყება ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმები, რასაც ხშირად ქალების მკვლელობის ყოველდღიურ, მშრალ სტატისტიკადქცეულ შედეგებამდე მივყავართ. თავისუფლებას და მენტალური სიჯანსაღის ხარისხს დიდწილად განსაზღვრავს, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს საკუთარი ინტიმური ცხოვრების მიმართ. 

ხშირია შემთხვევა, როცა ქალების ჯგუფიდან სქრინებს იპარავენ და საჯაროდ კიცხავენ კომენტარების და კითხვების ავტორებს – ძირითადად კაცები. თამარ ფონიავა ამას ტოქსიკური მასკულინობის დაკარგვის შიშს უწოდებს. 

„ჯგუფიდან გატანილ სქრინებზე ირონიულად პოსტავდნენ კაცებიც, ქალებიც. კაცების ჯგუფს თუ დააკვირდებით, ისინი ძალიან თავისუფლად საუბრობენ საკუთარ პარტნიორებზე, სექსის ტექნიკაზე, გამოცდილებაზე. იმავე თემაზე თუ ქალი დაძრავს სიტყვას, აუცილებლად ხდება შანტაჟის სამიზნე, მის სქრინებს იპარავენ და ოჯახთან დაპირისპირების საფრთხეც ექმნებათ. 

კულტურაში, რომელშიც გაგვზარდეს, ქალი ნივთს უთანაბრდება. თუ ქალთან ინტიმური ურთიერთობა აქვთ, ე.ი. ეს ქალი გამოიყენეს, საქალწულე აპკის დაკარგვით თითქოს რაღაც წაართვეს. მათ სექსუალურ ჯანმრთელობაზე მხოლოდ მაშინ ზრუნავენ, როცა საქმე შვილების გაჩენაზე მიდგება. ქალისთვის სექსი ქორწინებამდე კონტროლისა და ჩაგვრის წყაროა, ქორწინების შემდეგ კი – ვალდებულება. ქალების უმეტესობა გინეკოლოგთან მაშინ მიდის, როცა შვილების გაჩენაზე მიდგება საქმე, მანამ კი ითმენენ ათასგვარ სექსუალურ დისფუნქციას, ინფექციებსა და დაავადებებს.

ჩემს ჯგუფში გოგოების უმეტესობა აღნიშნავს, რომ სექსუალური ცხოვრების დაწყება მათთვის შფოთვას, დეპრესიულ განწყობებსა და საკუთარი თავის მიმართ ზიზღის ჩამოყალიბებას უკავშირდება“, – ამბობს თამარ ფონიავა. 

68 ათასი ქალი ფემინისტური პროექტის გარშემო 

მიზოგინური, დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კომენტარების შემთხვევაში, გარდა წევრების დარეპორტებისა, ადმინები და მოდერატორები წერენ ინფორმაციულ პოსტებს, თუ რა არის ფობია, დისკრიმინაცია, როგორ ვაზიანებთ ასეთი დამოკიდებულებით ერთმანეთს და სასაუბრო სივრცეს. საზოგადოებაში ტაბუდადებულ თემებზე პოსტებს ჯგუფში თავიდან ქალების ნაწილის აღშფოთება მოჰყვებოდა, მაგრამ ეს დამოკიდებულება დროთა განმავლობაში შეიცვალა. 

თავიდან პოსტების, კითხვების უმრავლესობა ანონიმური იყო. ნდობისა და სოლიდარობის განცდის ზრდასთან ერთად ქალები უფრო და უფრო მეტს წერენ ვინაობის დაუფარავადაც.  

ჯგუფის იდეის ავტორი ამბობს, რომ 70 ათასამდე ქალია გაერთიანებული ამ ფემინისტურ პროექტში, სადაც ერთმანეთს რჩევებით, ცოდნის გაზიარებით, ადვოკატირებით, სამედიცინო თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაში, თანხის შეგროვებითაც ეხმარებიან. 

„მუქარა და ლანძღვა კაცებისგან ჩემთვის ყოველდღიურობად იქცა” 

ქალების ჯგუფს ხშირად მისდის კაცების პროფაილებისგან ჯგუფში გაწევრიანების მოთხოვნა, რაც ჯგუფის წესებით აკრძალულია. 

„ხშირად ვიღებ  მუქარის წერილებს კაცებისგან, რომლებსაც უბრალოდ არ მოსწონთ, რომ ასეთი ჯგუფი არსებობს და მიიჩნევენ, რომ საშინელებას ვაკეთებთ. ხანდახან თავს მაცოდებენ, რომ ვიღაცამ ჯგუფში მათზე რაღაც თქვა და მათი უფლებები დაირღვა. ხანდახან მეუბნებიან, რომ მიჩივლებენ. კაცებისგან ეს დამოკიდებულება უკვე ყოველდღიურობად იქცა ჩემთვის. არიან კაცები, რომლებიც გემუქრებიან და საქმეებს გირჩევენ, კაცები, რომლებიც გეხვეწებიან ჯგუფში გაწევრიანებას, მიუხედავად აკრძალვისა. პოულობენ ჩემს პირად პროფილს და მწერენ, ბოლო დროს, მაგალითად, იარაღიანი კაცის ფოტოთი მწერს ვიღაც, მირეკავს, მემუქრება, რომ მიჩივლებსარ მოსწონს რასაც ვაკეთებთ, რომ ასეთი ჯგუფი არსებობს, რომ ქალებისთვის ასეთი სივრცის არსებობა დაუშვებელია. ხანდახან მიკავშირდებიან მოტივით, რომ მათ სექსუალური შევიწროვება დააბრალეს და სქრინები გასაჯაროვდა ჯგუფში, თავს მსხვერპლად მიიჩნევენ. რაშიც თავად არიან დამნაშავეები, იმით ემუქრებიან ჯგუფს“, – ამბობს თამარ ფონიავა.

„არც ერთ ასაკში არ არის დასაშვები ქალისთვის სექსუალური ურთიერთობა ქორწინების გარეშე”

გენდერული საკითხების შესახებ გაეროს 2013 წლის კვლევის მიხედვით,  საქართველოში გამოკითხული ქალების 68% მიიჩნევს, რომ არც ერთ ასაკში არ არის დასაშვები ქალისთვის სექსუალური ურთიერთობა ქორწინების გარეშე.  იმავეს ფიქრობს გამოკითხული კაცების 31%.

ჯგუფზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში ქალებს ძალიან აქტიური და საინტერესო სექსუალური ცხოვრება აქვთ, მაგრამ ცალკე საკითხია ამ თემებზე საუბრის პრობლემა. ჯგუფმა აჩვენა, რომ ღია საუბრებისთვის დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნა შესაძლებელია, რაც ბევრი ქალისთვის პრობლემაა ოჯახშიც კი, სადაც ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდე თავს და იღებდე მაქსიმალურ მხარდაჭერას. 

ბევრი გოგო წერს, რომ 16 წლის ასაკში მსგავს ჯგუფში ყოფნის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, უსიამოვო გამოცდილებას აირიდებდა თავიდან.

თამარის თქმით, ჯგუფზე ზედაპირული დაკვირვებაც კი აჩვენებს, რომ საქართველოში ქალის სექსუალური ცხოვრება სტრესით, შფოთვით და კონტროლითაა სავსე.  

თამარ ფონიავა:

„სექსუალური ემანსიპაცია თავზე არ დაგვეცემა, რადგან პირდაპირ გადის კაცების მიერ ქალის სხეულის კონტროლზე. ჩვენს კულტურაში კაცი დომინანტია, დომინანტობას კი თან ახლავს ძალაუფლება და პრივილეგიები, კაცები თავად არ მოისურვებენ ამ პოზიციის დაკარგვას, მხოლოდ ქალები თუ შეცვლიან არსებულ რეალობას.

რა თქმა უნდა, ყველა ქალს ვერ დავავალდებულებთ იყვნენ რევოლუციონერები, მებრძოლები და ძლიერები, ეს პროცესი დიდ მენტალურ გამძლეობას მოითხოვს. როგორც ცნობილი ლოზუნგი ამბობს “ყველაფერი პირადი პოლიტიკურია”, აუცილებელი არაა რევოლუციონერობა, ყველა ჩვენგანს გვაქვს პირად ცხოვრებაში დაწყებული პატარა ბრძოლები მოსაგები. ამიტომაც ინტიმურ ცხოვრებაში პატარა ცვლილებების შეტანაც კი წინ წაგვწევს.

მაგალითად, გააზრება იმის, თუ რა არის ძალადობა, გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება, ტოქსიკური ურთიერთობები. გააზრება იმისა, რომ ქალებისთვის საკუთარი კეთილდღეობა უნდა იყოს პრიორიტეტული და სოლიდარობის ქსელის არსებობა – რაც ჯგუფში ხდება ამ ეტაპზე.  ქალების დუმილი საკუთარ პირად ცხოვრებაზე  ჯგუფის გარეთ აიხსნება იმიჯის შელახვის, პირადი ცხოვრების დანგრევის თავიდან აცილებით. შეიძლება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც კი გახდე, თუ სექსუალურ განათლებაზე საჯაროდ საუბრობ და ცდილობ რაიმე შეცვალო. ჩვენ ვცხოვრობთ ორმაგი სტანდარტების პირობებში, ერთი და იმავე ქცევის გამო ქალები და კაცები განსხვავებულ განწყობებს ქმნიან საზოგადოებაში, მაშინ, როცა კაცებს თავისუფლად შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ ინტიმურ ცხოვრებაზე, ქალები შანტაჟის, ტერორის, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები ხდებიან ოჯახისა თუ პარტნიორებისგან.

დედებს ახალგაზრდა ქალები ძალით დაჰყავთ საქალწულე აპკის შესამოწმებლად, პარტნიორები ტოქსიკურ ურთიერთობებს აგებენ და არ უფრთხილდებიან პარტნიორი ქალების მენტალურ მდგომარეობას… ქალები გაბრაზებულები არიან ამ პროცესების ფონზე, რომელიც საზრდოობს  სექსიზმითა და მიზოგინიით და სწორედ გაბრაზებული ქალები ცვლიან რეალობას.


ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/255105/

 

გადაბეჭდვის წესი