მთავარი,სიახლეები

რისთვის მიჰყავს 10 ათასი სტუდენტი „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში

02.12.2019 • 6428
რისთვის მიჰყავს 10 ათასი სტუდენტი „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში

10 ათასი სტუდენტის შეკრებას თბილისში დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ აპირებს. პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან შეკრიბა. სტუდენტები ბათუმიდანაც წავიდნენ.

„საქართველო გახდა ევროსაბჭოს 53 ქვეყნის თავმჯდომარე 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ორშაბათს, თბილისში ტარდება ღონისძიება ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს 10 000 სტუდენტი,“ – ამ შინაარსის შეტყობინება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს სტუდენტური თვითმმართველობიდან. შეტყობინებაში არაა დაკონკრეტებული, ვისი ორგანიზებით იმართება „ღონისძიება“, ვისი დაფინანსებით და რა მოხდება შეხვედრაზე.

სტუდენტური თვითმმართველობის შეტყობინებაში აღნიშნულია ისიც, რომ „საზღვაო აკადემიაც მიდის“, „დაფინანსდება მგზავრობა და კვება“ და კიდევ: „თვითმმართველობა მოაგვარებს არებს“.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, საზღვაო აკადემიაში გვითხრეს, რომ ამ ღონისძიების შესახებ ადმინისტრაციასთან არაფერი შეთანხმებულა და მათი ინფორმაციით ღონისძიებაზე გამგზავრების ორგანიზატორი სტუდენტური თვითმმართველობაა.

„მოწვევა“ მიიღეს საზღვაო აკადემიის სტუდენტებმაც სტუდენტური თვითმმართველობიდან. „ბათუმელებმა“ სცადა თვითმმართველობებთან დაკავშირება, თუმცა ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარის – დავით ზოიძის ტელეფონის ნომერზე გვითხრეს, რომ „დავითი ახლა ვერ ისაუბრებს და თავად გადმოგვირეკავს“. ამ საუბრის შემდეგ ეს ტელეფონის ნომერი გამორთულია.

რაც შეეხება საზღვაო აკადემიას, აქ სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე შოთა კაკაშვილია. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

„ბათუმელები“ ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის კიდევ ერთ წევრს დაუკავშირდა – მარიამ ხალვაშს, ვისგანაც სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია თბილისში გამგზავრებაზე.

„ჩვენ ახლა გზაში ვართ… ეს არ იქნება აქცია, იქნება ღონისძიება, არ ვიცი, რა ღონისძიება იქნება. შეხვედრა იქნება ორბელიანის ქუჩაზე,“ – გვიპასუხა მარიამ ხალვაშმა. მან არ გვითხრა, ვინ აფინანსებს მგზავრობას ან ვინ არის ამ ღონისძიების ორგანიზატორი.

ბათუმელმა სტუდენტებმა შეტყობინება პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან – ნიკა ცეცხლაძისგანაც მიიღეს. ამ შემთხვევაშიც საუბარია ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნაზე და ასევე: „კონცერტს დავესწრებით, ცოტა თბილისს შემოვივლით და წამოვალთ…“ – აღნიშნულია შეტყობინებაში.

იმ ღონისძიების ორგანიზატორი, რომელსაც სტუდენტები უნდა დაესწრონ, „ქართული ოცნებაა“  – ეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.

„ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაცია იწყებს ახალგაზრდულ კვირეულს სახელწოდებით  – „საქართველო – ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“. ახალგაზრდული კვირეული დღეს, 20.00 საათზე, განახლებულ ორბელიანის მოედანზე კონცერტით გაიხსნება… სწორედ ამ კვირეულზე დასასწრებად მიემგზავრებიან აჭარის  ორგანიზაციის ახალგაზრდები და სტუდენტები.

კვირეულის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’’, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.

„ახალგაზრდული კვირეული  7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება,“ – მოგვწერეს „ქართული ოცნებიდან“. პარტიის პრესცენტრში ამ დრომდე არ გვიპასუხეს: რამდენს დახარჯავს „ქართული ოცნება“ 10 ათასი სტუდენტის შესაკრებად.

მთავარი ფოტო: ქართული ოცნება – ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ფეისბუქგვერდიდან

ამავე თემაზე

https://netgazeti.ge/news/410953/

https://netgazeti.ge/news/410992/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: