მთავარი,სიახლეები

საქართველოს მოქალაქის ერაყელ მეუღლეს ბინადრობას არ აძლევენ [ვიდეო]

13.11.2019 • 2746
საქართველოს მოქალაქის ერაყელ მეუღლეს ბინადრობას არ აძლევენ [ვიდეო]

ქეთი გაბაიძემ ერაყის მოქალაქესთან 6 წლის წინ იქორწინა. მათ ორი მცირეწლოვანი გოგო ჰყავთ. ქეთის მეუღლეს მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ბინადრობის უფლება ჰქონდა, მაგრამ ოთხ თვეში ეს უფლება ეწურება. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ერაყის მოქალაქეს ქვეყანაში დარჩენის უფლებას იუსტიციის სამინისტრო აღარ უგრძელებს.

ქეთის მეუღლემ ბახტიიარ შვანმა იცის ქართული და ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, რომელიც 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, მენეჯერად მუშაობს.

იუსტიციის სამინისტროსგან ბინადრობის უფლების გაგრძელებაზე ბოლო უარის მიღების შემდეგ ცოლ-ქმარმა აღარ იცის, როგორი იქნება მათი მომავალი. ქეთი ამბობს, რომ თუკი მეუღლე ვერ მიიღებს ლეგალური ცხოვრების უფლებას საქართველოში, ის და მისი შვილები  ქუჩაში აღმოჩნდებიან, რადგან მეუღლე იხდის ბინის ქირას და კომუნალურ გადასახადებს.

„თუ ჩემს მეუღლეს არ მისცემენ ბინადრობის უფლებას და მოუწევს სამსახურის, ქვეყნის დატოვება, ჩემი შვილებით ქუჩაში დავრჩები. „მე ჩემს ქვეყანაში მინდა ცხოვრება, მაგრამ თუ ჩემი ქვეყანა არ მაფასებს, როგორც მის მოქალაქეს და ამდენი თხოვნის მიუხედავად მაინც დაარღვევს ჩემი ოჯახის უფლებას, მე და ჩვენ შვილებსაც მოგვიწევს მოქალაქეობაზე უარის თქმა“, – ამბობს ქეთი.

მუხლი, რომლის საფუძველზეც ბახტიიარს ბინადრობაზე უარს ეუბნებიან, ტერორიზმის საფრთხეზე საუბრობს.

„ჩემს ოჯახში არაერთხელ მოვიდნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, ყველაფერი შეამოწმეს, მე მზად ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო. ჩემს ბიოგრაფიაში ვერ იპოვიან რაიმე საეჭვოს და საფრთხის შემცველს ქვეყნისთვის“, – ამბობს ბახტიიარ შვანი, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია.

ბახტიიარ შვანს და ქეთი გაბაიძეს ორი შვილი – მარიამი და ქრისტინე ჰყავთ.

ბახტიიარ შვანი ამბობს, რომ მან არაერთხელ მიმართა სასამართლოს და მის საბუთებში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მოსამართლე ნანა აფციაურმა 2017 წლის 29 ნოემბერს ბათილად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს გადაწყვეტილება და უწყებას დაავალა, რომ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური, ადმინისტრაციული აქტი ბახტიიარ აჰმედ მაჰმუდ შვანისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ ისევ იმავე დასაბუთებით უთხრა უარი ბინადრობაზე.

„იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას,“ – ასე ახსნა სახელმწიფო სერვისების სააგენტომ 24 ოქტომბრის წერილში ბინადრობაზე უარის თქმა.

სასამართლოს განჩინება

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს „ბათუმელებმაც“ მიმართა წერილობით 5 ნოემბერს და ითხოვა განმარტება, თუ რატომ ეუბნებოდა სახელმწიფო ბახტიიარ შვანს ბინადრობაზე უარს, რომელსაც ქართველი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. სერვისების სააგენტომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონიდან ამონარიდი მოგვაწოდა წერილობით, სადაც უარის თქმის საფუძვლებია ჩამოწერილი.

თუმცა აქედან, რომელი პუნქტის საფუძველზე ეუბნებოდნენ უარს ერაყის მოქალაქეს, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს არ დაუკონკრეტებია. შესაბამისად, ამავე უწყებას დღეს, 13 ნოემბერსაც, მიმართა „ბათუმელებმა“ წერილობით. სააგენტოში განაცხადეს, რომ პასუხს ათ დღეში წერილობით მოგვაწვდიან.

ბახტიიარ შვანის აზრით, მის მიმართ სახელმწიფო ახორციელებს დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით, რადგან ქვეყნის კანონი მას უფლებას აძლევს, ჰქონდეს მუდმივი ცხოვრების უფლება საქართველოში.

კანონის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მე-15 მუხლის მიხედვით, „მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე“.

„რადგან ბახტიიარი მუსლიმია და ასევე ერაყიდანაა წარმოშობით, ამ ნიშნით ეუბნებიან მას ბინადრობაზე უარს“, – ამბობს მისი მეუღლე ქეთი გაბაიძე.

„ყველა ერაყელი ხომ ცუდი არ არის, რა ჩემი ბრალია, თუ ერაყელი ვარ“, – გვეუბნება ბახტიაარი.

ის ამბობს, რომ საქართველოში ლეგალურად მუშაობს, იხდის გადასახადებს ბიუჯეტში, აქვს პროფესია.

ქეთის თქმით, ბახტიიარი რომ საფრთხეს ქმნიდეს, პირველ რიგში, ეს მის ოჯახზე აისახებოდა.

„მე თუ ცოლი, ორი ბავშვით მასთან ერთად ვცხოვრობ ექვსი წელია და ერთხელაც კი არ გვქონია კამათი, დავიჯერო ჩემს ქვეყანას შეუქმნის საფრთხეს?  – არა, რა თქმა უნდა“, – ამბობს ქეთი გაბაიძე.

ქეთისა და ბახტიიარის შვილები – მარიამი და ქრისტინა, ბათუმში საჯარო სკოლაში სწავლობენ.

ქეთი ამბობს, რომ  ეს გაუგებრობა მის ოჯახს პრობლემებს უქმნის, რადგან არ იცის, როგორი იქნება მათი მომავალი.

„მინდა ბინა ვიყიდო, გავფართოვდე, რაღაც შევცვალო ცხოვრებაში. ახლა არ ვიცი, სად მომიწევს ყოფნა. სამშობლოში წასვლაც უნდა ბახტიიარს, მშობლები ენატრება, მაგრამ თუკი არ გაირკვევა ბინადრობის საკითხი, მერე ალბათ აღარ შემოუშვებენ ქვეყანაში, თუკი ახლა წავა. მე კი მინდა, რომ ერთად ვიყოთ და ოჯახი ერთად ვმართოთ“, – ამბობს ქეთი გაბაიძე.

მისი აზრით, სახელმწიფო პატივს უნდა სცემდეს თავის მოქალაქეს და მის ათასგზის თხოვნაზე სამართლიანად რეაგირებდეს.

„ერთხელ კი არ მივმართეთ, ათასჯერ და პასუხი არ გვაქვს. მაინც და მაინც მილიარდერი უნდა იყოს, რომ პასუხი გაგვცენ? ეს ხომ უსამართლობაა“, – ამბობს ქეთი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: