მთავარი,სიახლეები

პენსია შეუწყვიტეს 67 წლის ქალს, რომელიც თანხას აგროვებდა ბანკში, საპენსიო ანგარიშზე

11.11.2019 • 11101
პენსია შეუწყვიტეს 67 წლის ქალს, რომელიც თანხას აგროვებდა ბანკში, საპენსიო ანგარიშზე

თუ პენსიონერი ხართ და კუთვნილი სახელწიფო პენსიის შეგროვება გადაწყვიტეთ საპენსიო ანგარიშზე ისე, რომ ჩარიცხულ პენსიას არ გამოიტანთ, ექვს თვეში სახელმწიფო  პენსიას საერთოდ შეგიჩერებთ.

ასეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდა 67 წლის პენსიონერი, მედეა კვაჭაძე თბილისში. მას საპენსიო სააგენტომ კუთვნილი 7 თვის პენსია, 1 260 ლარი [2019 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში პენსია 180 ლარი იყო] მხოლოდ იმიტომ არ მისცა, რომ პენსიონერს რამდენიმე თვის განმავლობაში პენსია ანგარიშიდან არ გაჰქონდა, რადგან თანხის შენახვა ჰქონდა გადაწყვეტილი.

„არ მაქვს ისეთი გაჭირვება, ოჯახში შვილებთან ერთად ვცხოვრობ, და მყავს ამერიკაში და იქედან რაღაცას მიგზავნის ხოლმე. გადავწყვიტე, პენსია მომეგროვებინა და შემენახა რემონტისთვის. ერთხელაც ბავშვებისთვის მინდოდა მეყიდა რაღაც, მივედი, გამოვიტანე ცოტა ფული და ვიკითხე, რამდენი დამრჩა ანგარიშზე. მცირე თანხა მითხრეს და გამიკვირდა, კი მაგრამ, ამდენი ხანია არ გამომიტანია, უფრო მეტი თანხა რატომ არ დაგროვდა-მეთქი. გადაამოწმა ოპერატორმა და მითხრა, თქვენ შეწყვეტილი გაქვთ პენსია რამდენი ხანიაო. ვუთხარი, რას ჰქვია შეწყვეტილია, გგონიათ მოვკვდი-თქო?“ – გვიყვება მედეა კვაჭაძე.

მედეა კვაჭაძის თქმით, მას პენსია ისე შეუწყვიტეს, რომ არავინ დაკავშირებია და არავის გაუფრთხილებია იმის თაობაზე, რომ თუ კი პენსიას ექვსი თვის განმავლობაში საპენსიო ანგარიშიდან არ გაიტანდა, პენსიას შეუწყვეტდნენ.

„არ უნდა დაერეკათ? როგორმე ხომ უნდა შეეტყობინებინათ ჩემთვის? რა საქციელია ეს? როგორ შეიძლება ამხელა ფულის დაკარგვა“, – ამბობს მედეა კვაჭაძე. 2019 წლის იანვარში მან განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მას პენსია აღუდგინეს, თუმცა  პენსიის შეჩერების პერიოდიდან – ერთი წელი და შვიდი თვე, სახელმწიფომ მხოლოდ ერთი წლის პენსია აუნაზღაურა და სოციალური მომსახურების სააგენტომ უარი განაცხადა პენსიონერისათვის აენაზღაურებინა დარჩენილი 7 თვის თანხა.

მედეა კვაჭაძემ მუშაობა 18 წლიდან დაიწყო, ჯერ რუსთავში მუშაობდა დამხმარე მუშად, შემდეგ – საავადმყოფოში, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ კი ეკონომისტად – წლების განმავლობაში.

„ძალიან დავზარალდი, ვერ წარმომედგინა, რომ ასე დამეკარგებოდა ფული. მინდა სხვებისთვის მაინც იყოს გასათვალისწინებელი, მითხრეს, რომ შეიძლება რამე შეიცვალოს“, – გვითხრა მედეა კვაჭაძემ. მისი სახელით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით.

საია ითხოვს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს პენსიის შეჩერებას, თუ პენსიონერმა 6 თვის განმავლობაში საბანკო ანგარიშზე დატოვა პენსია. პენსიონერს აქვს პენსიის განახლების მოთხოვნის უფლება, თუმცა მას აუნაზღაურდება მხოლოდ ერთი წლის პენსია.

„საპენსიო თანხებზე ადამიანს აქვს საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება ასევე გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას დაზოგვის გზით დააგროვოს უფრო მეტი თანხა, პენსიის შეჩერების გზით კი სახელმწიფო სჯის პენსიონერს თავისი ფულის მიმართ მესაკუთრული უფლებამოსილების გამოყენების გამო“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ამასთან, საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია ის, რომ სახელმწიფო სრულად არ ანაზღაურებს მის მიერ არაკონსტიტუციურად შეჩერებული პენსიის თანხას და იხდის მხოლოდ ერთი წლის მიუღებელ პენსიას. საიას აზრით, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას.

ამავე თემაზე:

პენსია სესხად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: