მთავარი,სიახლეები

„დინამო“ ბათუმის სპონსორმა გუნდის მიტოვება გადაიფიქრა

01.11.2019 • 2741
„დინამო“ ბათუმის სპონსორმა გუნდის მიტოვება გადაიფიქრა

საფეხბურთო  კლუბ “დინამო“ ბათუმის სპონსორი არჩილ ბერიძე ამბობს, რომ გუნდის მიტოვება გადაიფიქრა. წასვლის შესახებ განცხადება მან დღეს, 1-ელ ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, მას შემდეგ გააკეთა, რაც „დინამო” ბათუმი საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა. გულშემატკივართა აზრით, მათი ფავორიტი გუნდის მარცხის მიზეზი მსაჯის შეცდომებია – მათ მიაჩნიათ, რომ მსაჯმა „დინამოს“ სასარგებლოდ „პენალტი“ არ დანიშნა და, ზოგადად, “ცუდად იმსაჯა”.

“ბათუმელები” არჩილ ბერიძეს დაუკავშირდა და დეტალების დაზუსტება სთხოვა. არჩილ ბერიძემ გვითხრა, რომ გუნდის მიტოვება გადაიფიქრა. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს “დინამო“ ბათუმის სპონსორთან.

  • ბატონო არჩილ, რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება, რატომ ტოვებდით გუნდს?

არაფერი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ხვალ ჩავნიშნეთ 1-ელ საათზე პრესკონფერენცია და ვიტყვით ყველაფერს. ვიტყვით დღევანდელი თამაშის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რა იყო… მაგრამ ამით ბათუმის „დინამოს“ წარმატებას, ბათუმის „დინამოს“ განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, დამიჯერეთ.

  • ანუ არ აპირებთ გუნდის დატოვებას?

გუნდის წარმატებას საფრთხე არ ემუქრება.

  • როგორ გავიგოთ, ცოტა ორაზროვანი პასუხია, რჩებით გუნდის სპონსორად?

კი, კი ვრჩები.

  • მაშინ, რატომ გამოაქვეყნეთ განცხადება, რომელშიც წასვლის შესახებ წერდით?  

განპირობებული იყო იმით, რომ მე ხვალ გავაკეთებ განცხადებას ამ თამაშზე. თუ როგორ არ შეიძლება ასე ტარდებოდეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშები. მით უფრო მაშინ, როცა გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. არ შეიძლება ერთმა ნაძირალამ გადააყოლოს გუნდის განვითარებას, ფედერაციის წინსვლას და ამდენ გაკეთებულ საქმეს ყველაფერი.

ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის „დინამოს“ წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება.

  • მსაჯს გულისხმობთ?

დიახ, დიახ, ვგულისხმობ კიკაჩეიშვილს. დღეს მას არ მოსვლია ეს შეცდომით. ყველაფერი გააკეთა გამიზნულად – იმისთვის, რომ „დინამოს“ წინსვლისთვის ხელი შეეშალა. აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა გამიზნულად. შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ ექსპერტს ავუხსნა, ვისაც პრეტენზია ექნება იმაზე და იტყვის, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია.

_____

დინამობათუმი ჯერჯერობით ეროვნული ლიგის ლიდერი გუნდია. მიმდინარე გათამაშებაში ის პირველ ადგილზეა და 64 ქულა აქვს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/237185/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: