მთავარი,სიახლეები

რუსეთში აფეთქების შედეგად საქართველოს რადიაციული საფრთხე არ ემუქრება – სააგენტო

21.08.2019 • 3021
რუსეთში აფეთქების შედეგად საქართველოს რადიაციული საფრთხე არ ემუქრება – სააგენტო

საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვასილ გედევანიშვილი ამბობს, რომ რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, 8 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას საქართველოში რადიაციული ფონის ცვლილებაზე ზეგავლენა არ ჰქონია. მისი თქმით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს სპეციალური სადგურები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ზომავენ სხვადასხვა მაჩვენებლებს ქვეყანაში, მათ შორის, რადიაციის დონეს.

„8 აგვისტოდან, როცა აფეთქების შესახებ გახდა ცნობილი, ვაკვირდებოდით მონაცემებს და ბოლო თვეების, დღეების განმავლობაში რადიაციული დონის ცვლილება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ გაზომვების საფუძველზე, რომ არანაირი გავლენა 8 აგვისტოს აფეთქებას საქართველოზე არ მოუხდენია.

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრია, გაეროს ორგანიზაციის, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არეგულირებს რადიაციულ საკითხებს. კონვენციის საფუძველზე ეს ორგანიზაცია სახელმწიფოებს ვალდებულებებს უწესებს, გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფოსგან შემდგარი სპეციალური ქსელიც და ინფორმაციას ვიღებთ ბირთვულ ინციდენტებზე. რაიმე ტიპის ინფორმაცია სადმე რადიაციული მატების შესახებ არ მიგვიღია,“ – ამბობს ვასილ გედევანიშვილი.

ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლესინა ზერბომ  ტვიტერზე  18 აგვისტოს გამოაქვეყნა აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციული ღრუბლის სავარაუდო გავრცელების მარშრუტი, სადაც მთელი კავკასიაა მოქცეული, მათ შორის საქართველო.

 

ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ლესინა ზერბო  ტვიტერზე აქვეყნებს აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციული ღრუბლის სავარაუდო გავრცელების მარშრუტსაც, სადაც მთელი კავკასიაა მოქცეული, მათ შორის საქართველო.

„რაიმე საფრთხის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად გავრცელდებოდა ინფორმაცია, რაც არ მომხდარა. ჩვენი მხრივ, დავუკავშირდით ნორვეგიის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახლომდებარე რეგიონია აფეთქების ადგილთან. მათაც აქვთ მსგავსი აპარატურა და გაცილებით უკეთესი, ვიდრე ჩვენ. გვითხრეს, რომ იქაც რადიაციული ფონის მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა. დავუკავშირდით ასევე უკრაინას. ახლო სახელმწიფოებშიც კი არ დაფიქრებულა რადიაციული ფონის მატება. არანაირი კვალი და საფრთხე არ არსებობს,“ – აცხადებს ვასილ გედევანიშვილი.

ბირთვული აფეთქება არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკში მდებარე ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე 8 აგვისტოს მოხდა. ოფიციალური მოსკოვი აფეთქებიდან მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რადიაციამ 2-ჯერ მოიმატა, რაც, მათი განმარტებით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ დრომდე კი ოფიციალური რუსეთი რადიაციის დონის, გავრცელების მარშრუტების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას აღარ ასაჯაროებს.

__________________

ფოტო: bbc

გადაბეჭდვის წესი