”ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ”

 

„ჩემს გაუსაძლის მდგომარეობაზე გიამბობთ, რაშიც მიწევს ცხოვრება. ძნელია ყველაფერი მოგიყვეთ, მაგრამ მოთმინებას და გაურკვევლობასაც თავისი ზღვარი აქვს. სამართალი აღარ არსებობს?! 21-ე საუკუნეში არაადამიანურ მდგომარეობაში მიწევს ცხოვრება. ადგილი, სადაც ვცხოვრობ, ძროხის სადგომს ჰგავს. ორივე მუხლზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ამის გამო სოფლის საპირფარეშოს მსგავს შენობაში ვერ დავდივარ და ბუნებრივ მოთხოვნილებას ბოთლში ან ცელოფნის პარკში ვიკმაყოფილებ. ვიცი, მძიმე წასაკითხია, მაგრამ ჩემი რეალობა ასეთია, წლებია ასე მიწევს ცხოვრება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ, ფაქტიურად გავნადგურდი ადამიანი. დევნილი ვარ, ყოველ დღე მესმის რადიოთი, რამდენი ბინა გაიცა. ხომ შეიძლებოდა ერთი მცირე ზომის ბინა ჩემთვისაც მოეცათ. ყოველ ღამე ვზივარ და ვტირი. ალბათ კიდევ არსებობენ გულისხმიერი ადამიანები, წაიკითხავენ ამ წერილს და დამიკავშირდებიან. იქნებ წლის ბოლომდე მეც მეშველოს და ახალ წელს ახალ სახლში შევხვდე. სიტყვები არ მყოფნის ჩემი მდგომარეობის აღსაწერად, მრცხვენია ასე რომ ვარ, გაითვალისწინეთ ჩემი საცოდავი მდგომარეობა.“ – ეს წერილი გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციაში ომარ როდონაიამ მოიტანა.