მთავარი,სიახლეები

მუსიკის მასწავლებელი, მეფუტკრე ქალი და სხვები – როგორ მოვიპოვოთ EU-ს დაფინანსება სოფლად

03.07.2019 • 3345
მუსიკის მასწავლებელი, მეფუტკრე ქალი და სხვები –  როგორ მოვიპოვოთ EU-ს დაფინანსება სოფლად

ხულოსა და ქედაში უკვე შეარჩიეს ფერმერები, რომლებიც ევროკავშირისგან გრანტს მიიღებენ. სოფლად მცხოვრები 27 ადამიანი ხულოში და ამდენივე ქედაში, სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსდება. წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ჯამში 1 067 900 ლარის გრანტი გაიცა. ეს მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე, ტურიზმის ან სხვა ბიზნესის განვითარებას სოფლად. ევროკავშირი საქართველოში სოფლის გაძლიერებას 2013 წლიდან ცდილობს. ევროპის სამეზობლო პროგრამის – ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი საქართველოში 179,5 მილიონ ევროს ხარჯავს – 2013 წლიდან 2022 წლის ჩათვლით.

რა შემთხვევაში ფინანსდება ფერმერი? როგორ ვითარდება ის ბიზნესი, რომელიც ასევე ENPARD-ის ფარგლებში წინა წლებში დაფინანსდა? – „ბათუმელები“ ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.

ევროკავშირისგან დაფინანსებული ქალები ხულოში

„პირველად რომ ავაწყვე ჩემით საბანი, 12 წლისა ვიყავი. ჩემით დავამუშავე მატყლი, გავრეცხე და დავფინე მზეზე, მერე გავაშრე, ავაწყვე. ერთი კვირა დამჭირდა სულ. მანამდე სულ დედას ვეხმარებოდი,“ – გვიყვება ლია მახარაძე. ის დაბა ხულოში ცხოვრობს. მატყლის და ბამბის საბნების სამკერვალოს მოწყობას აპირებს ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსებით. ლია მახარაძე გრანტის სახით მიღებული 52 500 ლარით საკერავ მანქანებს შეიძენს და მასალას, რომლითაც საბნები უნდა შეიკეროს. ახალი სამკერვალოს ასაშენებლად კი, 22 500 ლარი დაიხარჯება. ეს ლიას და მისი ოჯახის თანამონაწილეობაა ამ პროექტში.

ლია სოფელ ხიხაძირში იზრდებოდა. ამბობს, რომ წლების წინ მატყლის საბნების მოსამზადებლად დიდი შრომა და ენერგია იყო საჭირო, რადგან არ არსებობდა საკერავი მანქანა და მატყლსაც საკუთარი ხელით ამუშავებდნენ. „აქამდე თუ ხელით ვკერავდი ლეიბებს და საბნებს, ახლა მანქანები უფრო სწრაფად იზამენ იმავეს,“ – ირწმუნება ის.

ლია მახარაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ მატყლის საბნები და ლეიბები კარგად გაიყიდება, რადგან მთაში მკაცრი ზამთარია.

„ახლა მცირეწლოვანი მყავს ბავშვი, ვეღარ ვამზადებ… ბოლო დროს დედამთილი მეხმარებოდა, სხვა არავინ. მატყლის საბანზე და ლეიბზე ახლაც დიდი მოთხოვნაა, საოჯახო ტიპის სასტუმროები კითხულობენ, მზითევშიც ისევ ყველა ატანს გოგოს მატყლის საბანს, ლეიბს და ბალიშს. ერთი სეფის საბანი დაახლოებით 70 ლარი ჯდება. მატყლს აქაც იყიდი, მაგრამ მე ლილოს ბაზრობაზე ვყიდულობ, იქ უფრო იაფია,“ – ამბობს ლია მახარაძე.

ლია მახარაძე

ლია ხულოს მერიაში მუშაობს მთავარ სპეციალისტად. ამბობს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, ბიზნესის მართვასაც შეძლებს.

მეფუტკრე რუსუდანი: ბაბუამ მასწავლა ფუტკართან მუშაობა

უკვე ექვსი წელია მეფუტკრეობით არის დაკავებული ხულოში, სოფელ პაქსაძეებში მცხოვრები რუსუდან გელაძე. მან ევროკავშირისგან 10 100 ლარი მიიღო სპეციალური სატვირთო მანქანის შესაძენად, რომლითაც მეფუტკრე ქალი ფუტკრის ოჯახების მთებში გადაყვანას შეძლებს.

„უკვე შემეძლება მომთაბარეობა. აქ  ყვავილობა უკვე დამთავრდა, ახლა რომ იყოს მანქანა, უკვე წავიყვანდი  ფუტკარს მთაში საბალახოდ… მთაში წაყვანა მეტ მოსავალს ნიშნავს,“ – განმარტავს რუსუდან გელაძე.

რუსუდანი 30 წლისაა და ორი შვილი ჰყავს. მას საოჯახო ბიზნესში მეუღლე ეხმარება – თეიმურაზ სურმანიძე. რუსუდანი გვიყვება, რომ სოფელ ნანიაკეთში იზრდებოდა და დედის ბაბუამ ასწავლა ფუტკართან მუშაობა.

სკა

„შრომა ბევრი სჭირდება, მაგრამ საყვარელი საქმეა… ადრეც ხალისით მივდიოდი ფუტკართან, სულ არ მეშინოდა. ახლაც რომ მიხვიდე ჩემს ფუტკრებთან, ისეთი კარგი სურნელია, ისე ბზუიან. ფუტკარმა უნდა იცოდეს, რომ გულით აკეთებ საქმეს, მთავარი ესაა,“ – დასძენს რუსუდან გელაძე.

მუსიკის მასწავლებელი, რომელიც კალმახს უვლის

„ახლა ერთბაშად შემიძლია 7 ახალი აუზი ავაშენო და საკალმახე გავაფართოვო… რომ არა ეს მხარდაჭერა ევროკავშირისგან, ერთ ადგილას ვიყავი გაჩერებული. აქ კი სხვა რა გამოსავალი მაქვს? ეს უნდა ვაკეთო,“ – გვიყვება ქედაში, სოფელ ახოში მცხოვრები თამაზ ნაკაშიძე.

პროფესიით მუსიკოსმა საკალმახის მოწყობა 7 წლის წინ გადაწყვიტა. სკოლაში მუსიკის გაკვეთილებს რომ მორჩება, სახლის ქვემოთ, თავისი ხელით მოწყობილ საკალმახეში ჩადის და შვილთან – მამუკასთან ერთად მუშაობს.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2490164444545772/

„აქ ცივი წყალი მოდის, ანკარა, აი, მაღალი მთა პერანგადან. ისეთი ცივია, რომ ვერც კი ბანაობენ ზაფხულში… კალმახსაც ეს უყვარს – ცივი წყალი და სისუფთავე. სიბინძურეს ვერ იტანს კალმახი, ზემოთ ამოდის და ვეღარ ისვენებს. საკალმახესაც „პერანგა“ დავარქვი,“ – ამბობს თამაზ ნაკაშიძე.

საკალმახე „პერანგაში“ ტონამდე კალმახს ზრდიან, ახალი აუზების აშენების შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. თამაზი გვიყვება, რომ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება თევზის მიმწოდებელიც გახდეს ბაზარზე. „ახლა მხოლოდ ადგილიდან მიაქვთ თევზი რესტორნებისთვის, ტირილ-ქორწილებისთვის,“ – დასძენს ის.

მეკალმახეები აქვე ქვირითზეც მუშაობენ და ლიფსიტები გამოჰყავთ. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში „პერანგას“ 16 ათას ლარს მისცემენ. თანადაფინანსების პრინციპის გათვალისწინებით, თამაზ ნაკაშიძე ამ ბიზნესში საკუთარ 4 ათას ლარსაც ჩადებს.

თამაზ ნაკაშიძე

„შემოსავალი კი გვაქვს, მაგრამ ერთბაშად არა, რომ რაღაც განავითარო… საკვებიც გაძვირდა. ახლა 95 ლარი ღირს ერთი ტომარა თევზის საკვები, ოჯახშიც ბევრი ხარჯია. პირობა მაქვს აღებული, რომ ახალი აუზების შემდეგ, მინიმუმ 8 ადამიანს დავასაქმებ. თითო-თითო მცველი სჭირდება ყველა აუზს,“ – გვითხრა თამაზ ნაკაშიძემ.

რა მოუვიდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მოცვის ბაღს?

წლების წინ ბუთურაულში, მიქელაძეების ბაღთან, ხშირად ნახავდით მთავრობის წარმომადგენლებს – სადემონსტრაციო ბაღში შეკრებილები ათვალიერებდნენ, როგორ გაიხარა ამერიკული ჯიშის ლურჯმა მოცვმა შუახევში. თავის დროზე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ამ ბაღებიდან მიღებული მოცვის გაყიდვას მეწარმეები ევროპის ბაზარზე კარგ ფასად [4-5$] შეძლებდნენ. 2013 წელს ევროკავშირის გრანტი – 9 100 ლარი შუახევში მცხოვრებ ბიძაშვილებს, ზვიად და გოჩა მიქელაძეებს მისცეს. დღეს ამ ბაღთან აღარავინ მიდის – მოცვის ბაღი ხმება.

„მურაბისთვის და ჩაისთვის გვყოფნის, იმდენი მოდის, მეტი არა… აღარ ღირს მუშაობა. ვაპირებთ, რომ ბუჩქების უმეტესობა ავჩეხოთ და ვენახი გავაშენოთ… ეს ნაკვეთი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეარჩია, გზაგაყასარზეა, ყველა დაინახავს და თქვენც მოგებას ნახავთ, ძვირი ღირს მოცვიო. მას შემდეგ, რაც პრობლემები დაგვეწყო, აღარავინ გამოჩენილა,“ – გვიყვება ზვიად მიქელაძე, რომელსაც მოცვის ბაღში ველოდით, ვიდრე ის სამარშრუტო ხაზზე მუშაობისგან გათავისუფლდებოდა. ფერმერი ახლა მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობს მარშრუტზე – „ბუთურაული-ბათუმი“.

ფერმერი კონკრეტულ პრობლემებს ასახელებს, რის გამოც მას ბაღის მიტოვება მოუხდა: მოცვის ნერგების დაზიანებული ფესვებით, ბოსტნეულზე გათვლილი სარწყავი სისტემა, უწყლობა, მიწის დაბალი მჟავიანობა… ზვიადი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება თავის დროზე მთავრობამ სპონტანურად მიიღო.

მოცვის სადემონსტარციო ნაკვეთი. ამ ნაკვეთზე მოცვის ნაცვლად ვაზის გაშენებას აპირებენ

„ერთი წლის ნერგი მოიტანეს და გვითხრეს, სამ წელიწადში გახდება მინიმუმ მეტრ-ნახევარიო. არ გაიზარდა არც ერთი მაგხელა. პირიქით, ნაწილმა ხმობა დაიწყო – მოწოდებულ ნერგებს ფესვთა სისტემა განვითარებული არ ჰქონდა. ამას გარდა, სარწყავი სისტემა, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოაწყო, თურმე იყო გათვლილი ბოსტნეულზე, ისე იყო დახვრეტილი, რომ წყალი მოცვის ფესვთან არ მიდიოდა. წყალიც პრობლემაა სოფელში. მოცვს კი, დღეში ორჯერ მორწყვა სჭირდება. ნიადაგის მჟავიანობაც მერე შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ დაბალი იყო და ხელოვნური ჩარევა იყო საჭირო, ერთ ჯერზე მჟავიანობის ამაღლებას დაახლოებით 150 ლარი სჭირდება. წელიწადში სამჯერ არის საჭირო,“ – პრობლემების ჩამოთვლას განაგრძობს ზვიადი.

ვეკითხებით, თუ ესაუბრა ამ თემაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს. გვპასუხობს, რომ წლების წინ სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა, მაგრამ „არ მომისმინეს და საუბრიდან მალევე კოოპერატივიც ფორმალურად გამიუქმესო“.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/436855837155700/

ზვიად მიქელაძის თქმით, გასულ წელს ჯამში 100 კილოგრამი მოცვის გაყიდვა შეძლო. ამბობს, რომ ადგილზე 1 კილოგრამში 7 ლარი გადაუხადეს. წელს კი, ბუჩქების გასხვლა გადაწყვიტა და კიდევ უფრო ნაკლებ მოსავალს ელის.

ფერმერს ასევე ვკითხეთ, ვინ არის, მისი აზრით, პასუხისმგებელი, როცა ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა შედეგს ვერ იღებს?

„პასუხი უნდა მოეთხოვოს ალბათ იმას, ვინც ტენდერი მოიგო და ასეთი ნერგები მოიტანა… ალბათ, ჩვენც უნდა მოგვეთხოვოს პასუხი, რადგან ინფორმაცია არ გვქონდა,“ – გვიპასუხა ზვიად მიქელაძემ.

ზვიად მიქელაძე

ზვიად მიქელაძის თქმით, მოცვის მოვლის პროცესში ინფორმაციას ისინი ძირითადად მუნიციპალიტეტის აგროსერვისცენტრიდან იღებდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. „სანამ ჩვენ რამე ვისწავლეთ, ნერგები გახმა“, – აღნიშნა ზვიადმა და ისევ მოცვის მწკრივებს გაუყვა.

რა შეიცვალა ფერმერისთვის ევროკავშირისგან დაფინანსებული პროექტებით?

„ENPARD პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის განვითარებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. ENPARD-ის პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის მხარდაჭერას და წახალისებასაც ახდენს. ამასთან, პოტენციურ მეწარმეებს საპროექტო წინადადებების ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაში ეხმარება. პროგრამის მხარდაჭერით ასევე გათვალისწინებულია სოფლად არსებული მომსახურებების გაუმჯობესება….“ – მოგვწერეს ENPARD -ის საკომუნიკაციო ქსელიდან.

ENPARD-ის პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სულ 280 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დაფინანსდა, მათ შორის, 77 აჭარაში. კოოპერატივები დააფინანსეს გრანტებით, ასევე გაუწიეს ტექნიკური და საექსპერტო დახმარება. პროგრამის მეორე ფაზა 2019 წელს სრულდება.

ვახტანგ კონცელიძე, UNDP-ის კოორდინატორი აჭარაში ამბობს, რომ პირველ ეტაპზე დაფინანსებული პროექტების ეფექტურობის კვლევა 2018 წელს ჩატარდა.

„კვლევის მიხედვით, დაფინანსებული პროექტების 65 პროცენტი მუშაობდა… გამოჩნდა, რომ თანამონაწილეობა არის აუცილებელი პირობა – თუკი ფერმერი საკუთარ ფულს არ ხარჯავს კონკრეტულ პროექტში, ეს ქმნის სირთულეებს. მეორე მთავარი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, არის სპეციფიკური ცოდნა.

პოზიტიური შედეგია ის, რომ სუპერმარკეტში ნახავთ უკვე თაფლს, რომელსაც ქართული წარწერა აქვს. დაახლოებით 7 წლის წინ ასეთ რამეს ვერ ნახავდი. რომ გაიარო ხილით მოვაჭრეების მაღაზიებში, იქ ნახავთ მოცვს, რომელიც ქართული მოცვია,“ – ამბობს ვახტანგ კონცელიძე, UNDP-ის კოორდინატორი აჭარაში.

„ფერმერისთვის რაც გაკეთდა, რამაც შეცვალა უკეთესობისკენ მათი ცხოვრება, არის ის, რომ გააჩნდათ ხელმისაწვდომობა მიეღოთ ინფორმაცია და კონსულტაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. გარდა ამისა, არის დახმარებები საგრანტო საკითხებში კონკრეტულ რეგიონებში და მათ გაუჩნდათ წვდომა ამ საგრანტო დახმარებებზე,“ – ამბობს ხატია წილოსანი, გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

როგორ იღებენ ფერმერები დაფინანსებას ევროკავშირისგან?

ამჟამად ENPARD-ის პროგრამა მოქმედებს ქედის, ხულოს, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ბორჯომის, ყაზბეგის, წალკის, ახმეტის, წყალტუბოს და მესტიის მუნიციპალიტეტებში.

წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ჯამში 1 067 900 ლარის გრანტი გაიცა.

რატომ ვერ გავდივართ ევროკავშირის ბაზარზე? 

ექსპერტები თუ ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ისევ ვერ ქმნიან მასობრივად პროდუქტს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტს დააკმაყოფილებს. გარდა ამისა, რთულია მასობრივად ერთგვაროვანი პროდუქტის შექმნა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ევროკავშირის რომელიმე ბაზარზე გასვლა.

მცირემიწიანობა და სათანადო აგროკულტურა – ამ მიზეზებს ასახელებს ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი მთავარ ფაქტორად, რის გამოც ადგილობრივი პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე ვერ გადის. მინისტრის თქმით, ფერმერების უმეტესობა ისევ ტრადიციულ მეთოდს იყენებს და თანამედროვე აგროწესების გაზიარებაზე უარს ამბობს.

ოპტიმისტურადაა განწყობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე:

„ადგილობრივი წარმოშობის პროდუქტები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ ბაზარზე და საერთაშორისო ბაზრებზეც. იგივე სამეგრელოში თხილის კოოპერატივი 600-მდე ფერმერს აერთიანებს, მათ ექნებათ ერთგვაროვანი პროდუქცია და შეძლებენ თავიანთი სიტყვა თქვან, ეს ეტაპობრივად ხდება,“ – გვითხრა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. ის ადასტურებს, რომ არათუ ექსპორტზე გატანა, სოფლის მეურნეობის წილი ქართულ ეკონომიკაში მცირდება.

„ბოლო პერიოდში შემცირების ტენდენცია არის, მაგრამ ეს იმას გულისხმობს, რომ ეკონომიკის სხვა მიმართულებები ვითარდება და სამუშაო ძალა პირველადი წარმოების პროდუქციის შექმნისგან გადაადგილდება ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება იქნება უფრო თვალსაჩინო. მაგალითად, სოფლის განვითარების კუთხით ტურიზმი ვითარდება და ფერმერები, რომლებიც დაკავებული იყვნენ თავიანთი პირადი მოხმარების პროდუქციის შექმნით, სხვა სექტორში გადავიდნენ,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

„საექსპერტო ოდენობა გვაქვს მხოლოდ თაფლი და ციტრუსი. ეს არის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ თაფლი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს – იყენებენ პრეპარატს, რომელიც არ არის  დაშვებული ევროკავშირის ქვეყნებში. ციტრუსზე იყო მცდელობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ციტრუსის ექსპორტიორებს ისევ ძველი კავშირების გამოყენება ურჩევნიათ და უადვილდებათ,“ – ეს UNDP-ის კოორდინატორის, ვახტანგ კონცელიძის პოზიციაა.

დეტალურად გაეცანით, რამდენ მილიონ ევროს ხარჯავს ევროკავშირი სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: