შუახევში, სოფელ ბუთურაულში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს, 23 აპრილს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სოფლიდან დროულ გასახლებას ითხოვენ.
„მიწა ნაპრალებითაა სავსე, დაღებული აქვს პირი მიწას, სახლებზე სულ ბზარებია. მეშინია, არ ჩამოინგრეს და შიგნით არ მოვყვეთ… გეოლოგები სწავლობენ, მაგრამ დროულად არ დებენ დასკვნას. ვისაც დასკვნა აქვს, მასაც არ ასახლებენ,“ – ამბობს ბუთურაულში მცხოვრები რუსლან მიქელაძე.
ადგილობრივების თქმით, სოფელში მეწყრული პროცესი ჰესის მშენებლობის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა. „ასევე დახმა წიწვოვანი ხეები და შრება წყალი“, – ამტკიცებენ ისინი.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილების თქმით, ბუთურაულში ზუსტად 40 ოჯახს ემუქრება საფრთხე.
„გეოლოგები იყვნენ მოსულები, მაგრამ თოვლი იყო და ვერ შეისწავლეს. ჩვენ გავაგზავნეთ თხოვნა, რომ დაჩქარდეს შესწავლა, თოვლი დაშრა, მალე მოვლენ და შეისწავლიან,“ – გვითხრა შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ. მისი განმარტებით, გეოლოგების დასკვნები ადრეც მომზადდა, მაგრამ მოსახლეობა მას არ დაეთანხმა და ინდივიდუალური შესწავლის მოთხოვნა დაისვა, რაც დაკმაყოფილდა. შუახევის მერი ასევე ამბობს, რომ სოფელ ბუთურაულიდან 33 ოჯახი გეოლოგების დასკვნის შესაბამისად უკვე მისცეს კომპენსაცია განსახლებისთვის და ამ ეტაპზე არცერთი ოჯახი არ ექვემდებარება გასახლებას.
შუახევის მერი არ ეთანხმება მოსახლეობის შეხედულებას, რომ ჰესის მშენებლობას უკავშირდება წყლის გაქრობის პრობლემა, ან ხეების გახმობა.
„მდინარის მარჯვენა მხარესაა ეს სოფელი, ამ მხარეს ჰესი საერთოდ არ შეხებია… ხეები ყველგან ხმება, ქედაშიც ხმება,“ – აღნიშნავს შუახევის მერი.
ფრიდონ ფუტკარაძის თქმით, სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მალე მოგვარდება, რადგან უკვე შიდა ქსელის მონტაჟზეა ტენდერი გამოცხადებული, ხოლო წიწვოვან ხეებს, მისივე თქმით, მწერი ანადგურებს, რის გამოც მწერსაჭერი ხაფანგები დაუმონტაჟებიათ.
„მე არ ვარ მაგის სპეციალისტი, მაგრამ ეს მწერი ანადგურებს წიწვოვან ხეებს… გააქტიურებულია ასევე სანიტარული ჭრები, რაც მოაგვარებს ამ პრობლემას“, – დასძინა ფრიდონ ფუტკარაძემ.