ბათუმის მერია ქალაქის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში გარევაჭრობის თემატური გეგმის შემუშავებას გეგმავს, გეგმის შემუშავების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით კი ბაზრის კვლევას ატარებს. დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარდგენა მერიაში 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.
როგორც მერიაში გვითხრეს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის შემდეგ თემატური გეგმის შემუშავებაზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდება. კონკურსში გამარჯვებულმა დოკუმენტი 14 კვირაში უნდა მოამზადოს.
გარევაჭრობის თემატური გეგმის შესამუშავებლად გეგმარებითი დავალება ქალაქის საკრებულომ 2019 წლის 31 იანვარს დაამტკიცა. განკარგულებით განისაზღვრა ძველი ბათუმის გარე ვაჭრობის არეალიც, რომლისთვისაც თემატური გეგმა შემუშავდება.
ამ გეგმის მეშვეობით კი, აღნიშნულ არეალში გადასაწყვეტია შემდეგი:
[checklist]
- „ბათუმის მოსახლეობისა და ტურისტების/ვიზიტორების ინტერესების გათვალისწინება; ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული იერის შენარჩუნება;
- ობიექტების მიმდებარე მრავალბინიანი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და სავაჭრო თუ სხვა პროფილის ობიექტების მესაკუთრეთა სამართლიანი ინტერესების დაცვა;
- სატრანსპორტო მოძრაობისა და ქვეითად, ველოსიპედით, აგრეთვე, შშმ და შშმმ პირთა გადაადგილების სათანადო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- გარემოსდაცვითი პირობების უზრუნველყოფა – მიკროკლიმატის გათვალისწინება, ინსოლაცია, აკუსტიკური ხმაურის რეჟიმი, ობიექტებისაგან მომდინარე შემაწუხებელი სუნისა თუ ოხშივრისაგან იზოლირება; ობიექტის ღამის განათება;
- გარე მოვაჭრეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება;
- ადგილების გეომეტრიული პარამეტრებისა დადგენა და ზუსტი ტოპოგრაფიული დამისამართება; საზოგადოებრივი სივრცეების ფუნქციურ-ტერიტორიული ათვისება; ობიექტების სტანდარტიზება და მხატვრულ-ესთეტიკური მახასიათებლების გაუმჯობესება; შშმ და შშმმ პირთათვის ობიექტების მოხერხებული მოწყობის ჩათვლით;
- გარე ვაჭრობის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფა; ობიექტების, საჭიროებისამებრ, ქსელებზე [წყალმომარაგება და კანალიზაცია, ელექტრომომარაგება] მიერთების ტექნიკური წინადადებების შედგენა;
- ქალაქის ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდა;
- გეგმის ჰარმონიზება-ინტეგრირება ქ.ბათუმის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა-დაგეგმარების არსებულ, თუ შემუშავების პროცესში მყოფ დოკუმენტაციასთან“.
[/checklist]
განსაზღვრულ არეალში თემატური გეგმის შემუშავების ძირითად მიზანს, გეგმარებითი დავალების მიხედვით, წარმოადგენს „გარევაჭრობის განახლებული კომპლექსური პირობების ჩამოყალიბება, რაც აამაღლებს ცხოვრების ხარისხს და განამტკიცებს ბათუმის, როგორც თანამედროვე ევროპული ქალაქის, იერს“.
დავალებაში ხაზგასმულია ასევე, რომ გეგმის გადაწყვეტილებები არ გავრცელდება გამწვანებული ტერიტორიების იმ ნაწილებზე, რომლების ფაქტობრივად დაფარულია მცენარეულობით; სტაციონარულ და/ან დროებით ბაზრებსა და ბაზრობებზე; ბათუმის მერიის მიერ სანქცირებული ერთჯერადი ღონისძიებების ჩატარების ტერიტორიებზე; გარევაჭრობის მობილურ ობიექტებზე; საზოგადოებრივი ტუალეტების განთავსებაზე.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გარევაჭრობის საქონლის ნომენკლატურაში არ შედის: თამბაქოს ნაწარმი; ალკოჰოლური სასმელები [ლუდის გარდა]; ცოცხალი ცხოველები; მალფუჭებადი პროდუქტები – თევზი, ხორცი და ხორცპროდუქტები; რძე და რძის ნაწარმი [ნაყინის გარდა], რომლებიც შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმს საჭიროებს.
გეგმა არ მოიცავს ასევე შემდეგ სუბიექტებს: „ფეხზე მოვაჭრეებს“; ქუჩის მუსიკოსებს; ერთჯერადი პერფორმანსების მონაწილეებს; საქველმოქმედო აქციების მონაწილეებს; პოლიტიკური აქციების მონაწილეებს.
გეგმის შემადგენლობაში არ შედის: ადგილების მიჩენის წესები თუ ფორმები [აუქციონი თუ სხვა]; რეგულარული გადასახადისა თუ მოსაკრებლის ოდენობის დადგენა.
სამომავლოდ გეგმის შემდგენელს მოუწევს ჩაატაროს წინასაპროექტო კვლევა და ანალიზი. რაც მოიცავს დოკუმენტურ [კამერულ], ნატურულ [საველე], სოციოლოგიურ კვლევებს და მრავალფაქტორულ ანალიზს [SWOT-ანალიზი].
„გეგმარებითი დავალების დებულებების ცალსახა გააზრებისა და მომავალში შესაძლებელი სამართლებრივი დავების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტია წინამდებარე გეგმარებით დავალებაში გამოყენებული და კონკრეტულ რეალობას მისადაგებული, აპრობირებული ოპერატიული ცნება-ტერმინების ცალსახა განმარტება“ – აღნიშნულია საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.
შესაბამისად, გეგმარებით დავალებაში არაერთი ტერმინია განმარტებული. მათ შორის:
გარე ვაჭრობის ობიექტები – გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობი ან/და დანადგარები;
გარე ვაჭრობის მობილური ობიექტები – გარე ვაჭრობის გადაადგილებადი ობიექტები, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 1,1 მეტრს, სიგრძე – 0,8 მეტრს, სიგანე – 0,6 მეტრს;
გარე ვაჭრობა – საზოგადოებრივ სივრცეში ნებისმიერი ნივთის [ცხოველების ჩათვლით];
გაყიდვა, მომსახურება, შემოთავაზება – ფულადი მოგებისა ან სხვაგვარი გამორჩენის მიზნით;
გარე მოვაჭრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გარე ვაჭრობას ეწევა დადგენილი წესით გაცემული გარე ვაჭრობის ნებართვის შესაბამისად;
რეგულარული გარე მოვაჭრე – გარე მოვაჭრე, რომელსაც რეგულარულად [უწყვეტად] ეწევა გარე ვაჭრობას;
ეპიზოდური გარე მოვაჭრე – გარე მოვაჭრე, რომელიც არარეგულარულად [სპორადულად] ეწევა გარე ვაჭრობას;
„ფეხზე ვაჭრობა“ – ვაჭრობა, რომელსაც მოვაჭრე მისდევს ქვეითად ან გადაადგილების ძრავისგარეშე საშუალებით;
„ფეხზე მოვაჭრე“ [ინგლ. – peddler] – ქვეითად ან გადაადგილების მექანიკური საშუალებით მოძრავი გარე მოვაჭრე;
გარე ვაჭრობის ნებართვა – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და პირობებით გარე მოვაჭრისათვის გარე ვაჭრობის ნებართვის დამადასტურებელი საბუთი;
გარე ვაჭრობის ადგილი – საზოგადოებრივ სივრცეში დადგენილი წესით გარე ვაჭრობისათვის გამოყოფილი, ფიზიკურად მონიშნული თუ მოუნიშნავი ფართობი.
