მთავარი,სიახლეები

რა მოხდება, თუ დეკანოზი მამალაძე ვა-ბანკზე წავა და „გუდას თავს მოხსნის“ – თეოლოგის შეფასება

22.02.2019 • 5122
რა მოხდება, თუ დეკანოზი მამალაძე ვა-ბანკზე წავა და „გუდას თავს მოხსნის“ – თეოლოგის შეფასება

დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოში მოხვედრამ და შემდეგ მისმა ზიარებამ სასულიერო იერარქების საჯარო გამოსვლები გააქტიურა. ისინი ღიად საუბრობენ ციხიდან დეკანოზის მუქარაზე და მის მიერ გამოგზავნილ „მამხილებელ წერილეებზე“. ეპისკოპოსები არ ამბობენ, კონკრეტულად რის მხილებით ემუქრება გიორგი მამალაძე საპატრიარქოს, თუმცა ამ ფრაზებით აღწერენ ციხიდან მიღებულ წერილს: „საეკლესიო ბედუკაძეობა“, „მკვლელობაზე უფრო დიდი დანაშაული,“ „მორალურ-ზნეობრივი ხასიათის დანაშაული,“ „ყურში არ შეიშვება“, „ღმერთმა ნუ ქნას ეს ამბავი ვინმემ გაიგოს“, „ყველამ რაღაც იცის, მაგრამ ვერ ბედავს თქმას“…

რით ემუქრება დეკანოზი მამალაძე საპატრიარქოს, რატომ გახდა დეკანოზის მიერ 2017 წელს ოთხი ეპისკოპოსისთვის გამოგზავნილი წერილი ახლა აქტუალური და რა ეტაპზე გადავიდა „ციანიდის საქმე“ – „ბათუმელები“ თეოლოგს, მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მირიან, „მკვლელობაზე უფრო დიდ დანაშაულსა“ და „საეკლესიო ბედუკაძეობაზე“ საუბრობენ – ამჯერად ეპისკოპოსები. გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რით ემუქრება დეკანოზი მამალაძე საპატრიარქოს. ხომ არ უნდა ველოდოთ „ციანიდი ორს“?

საეკლესიო სივრცეში ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ გიორგი მამალაძეს აქვს საკმაოდ სერიოზული კომპრომატი უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირთან დაკავშირებით. ეს შეეხება ამ სასულიერო პირის ქცევას არაფორმალურ მდგომარეობაში, რომლის გახმაურებაც ძალიან დიდ უხერხულობას შეუქმნის ყველას. პირველ რიგში კი პატრიარქის გარემოცვას და თავად დეკანოზ მამალაძესაც. კომპრომატების არსებობის შემთხვევაში, მათი გავრცელება ნიშნავს აპოკალიფსს პრაქტიკული თვალსაზრისით. ეს იქნება ყველა დროის უდიდესი სკანდალი, რომელსაც კი საპატრიარქოსთან მიმართებაში ადგილი ჰქონია.

  • თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

თავიდანვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ეს ცნობები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჯერჯერობით, მხოლოდ ზეპირი საუბრებიდან არის ნასესხები. ფაქტობრივად, მცხეთა-თბილისის ეპარქიაში ამ კომპრომატზე თითქმის მთელი სასულიერო დასია ინფორმიერებული, თუმცა ამას ხმამაღლა არავინ ამბობს, ამას ვერავინ ბედავს… მოკლედ რომ ვთქვათ, მამა გიორგი მამალაძეს შეუძლია გაწიროს საკუთარი თავი და პრაქტიკულად მოაწყოს  აპოკალიფსი.

  • თქვენი ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მოიპოვა ეს კომპრომატები დეკანოზმა მამალაძემ?

არა. ჩემი ინფორმაციით, ეს კომპრომატი გახდა მიზეზი მისი „გაციანიდებისა“. სავარაუდო საპატრიარქოში გაიგეს, რომ ეს კომპრომატი ჰქონდა დეკანოზ მამალაძეს… დეკანოზის მოულოდნელად საზღვარგარეთ წასვლამ დააჩქარა მისი დაკავება. საპატრიარქოში ალბათ იფიქრეს, რომ დეკანოზი უცხოეთიდან აპირებდა ამ კომპრომატის გასაჯაროვებას. შესაძლოა იმ მომენტისათვის, მისი დაკავება იყო იზოლაციის ერთ-ერთი გზა. საპატრიაქოში, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ციხიდან დეკანოზი მამალაძე ამას ვეღარ გაბედავდა. ისედაც, ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთულია… სავარაუდოდ ჰქონდათ იმედი, რომ ეს კომპრომატი განადგურდებოდა. აქტუალური საჯარო კომენტარებიდან გამომდინარე უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ მოცემულ მომენტში ვაჭრობა მიმდინარეობს, რათა ამ ადამიანმა დუმილი ბოლომდე შეინარჩუნოს.

  • თქვენს ვერსიას რომ მივყვეთ, დეკანოზის დაკავება რატომ გამორიცხავდა ამ კომპრომატის გავრცელების საფრთხეს?

ასე ფიქრობდნენ, სავარაუდოდ, საპატრიარქოში, რომ ციხეში ყოფნა საუკეთესო იზოლაციაა. 1998 წლიდან მოყოლებული ეკლესიიდან ინტელექტუალური რესურსი აქტიურად იდევნება. შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი სტრატეგიული ბჭობის შედეგად იქნა მიღებული. საპატრიარქო უფრო ალბათ ფიქრობდა, ციხეში დეკანოზს ისე დაამუშავებდნენ, რომ ის ამას ვეღარ გაბედავდა, ან აიძულებდნენ, რომ გაენადგურებინა ეს კომპრომატი.

თუმცა უკვე ვხედავთ, რომ ეს ასე არ მოხდა. თავად მამალაძე ვარაუდობდა, რომ მას მალე გამოუშვებდნენ, ბოლომდე არ გაწირავდნენ. ვარაუდობდნენ, რომ მოხდებოდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასე არ მოხდა. რაც დრო გადის, მამალაძეს ციხიდან გამოსვლის იმედი უფრო და უფრო ეწურება. ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ ამ პროცესს – მამალაძე აანალიზებს, რომ ციხიდან მის გამოყვანას არავინ ცდილობს, ქმედითი არაფერი ხდება…

  • ჭიათურის და საჩხერის მიტროპლიტმა დანიელმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ეკლესია დეკანოზის შეწყალების წინააღმდეგი არ არის. რატომ მივიდა საპატრიარქო ამ გადაწყვეტილებამდე?

პირველად ხდება, როცა საპატრიარქო მიდის დათმობაზე ამ თემატიკაში. მეუფე დანიელი პატრიარქთან დაახლოებული პირია და მან თქვა, რომ პატრიარქი არ არის წინააღმდეგი, შეიწყალონ მამალაძე. ახლა მიმდინარეობს ვაჭრობა რაღაცა – რაღაცის სანაცვლოდ.

  • თქვენი აზრით, რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს თავისუფლება გიორგი მამალაძემ?

თუ მამალაძე მისცემს პირობას საპატრიარქოს, რომ ეს კომპრომატი გაქრება, მაშინ თავისუფლებას მიიღებს, მაგრამ, ალბათ, სადღაც ამ კომპრომატის ასლი ინახება და ამის გარანტიას ვერ აძლევს მამალაძე საპატრიარქოს. ეს გარიგება ვერ დგება. როგორც ჩანს: მამალაძე მაინც ვა-ბანკზე არ მიდის და იტოვებს კოზირს. არც საპატრიარქოს სჯერა ბოლომდე, რომ მამალაძე წავა ამ ნაბიჯზე და გაასაჯაროვებს კომპრომატს. ვაჭრობა მიდის მამალაძის დუმილის მისაღებად, თუმცა ისე მიდის ეს პროცესი, რომ დუმილისა და ამ ამბის მშვიდობიანად დასრულების შესაძლებლობა აღარ რჩება.

  • ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსმა პეტრემ ისაუბრა პირველად ციხიდან დეკანოზის მიერ გამოგზავნილ მუქარის წერილებზე. მან ახსენა „საეკლესიო ბედუკაძეობა“ და ის, რომ საუბარი არ ეხება ქონების მოხვეჭას. ასევე თქვა, რომ ეს ამბავი „ყურში არ შეიშვება“. რატომ გადაწყვიტა მეუფე პეტრემ მუქარის წერილებზე ახლა საუბარი?

მეუფე პეტრე მიხვდა, რომ ეს კაცი [დეკანოზი] გაწირეს. მან ასევე გაანალიზა, რომ ოთხ კედელში გამოკეტილი ადამიანი უფრო საშიშია, ვიდრე გარეთ. მირზა სუბელიანის [ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის საქმე] მაგალითზეც გამოჩნდა, რომ იქ მყოფი ადამიანი, შესაძლოა, უფრო მეტ რისკზე წავიდეს. ინფორმაციული გარღვევაც ხომ მას შემდეგ დაიწყო, როცა მირზა სუბელიანი დაკავეს, მანამდე მას ინფორმაცია არ გაუცია. პეტრემ ეს გაისიგრძეგანა, ამიტომ იმეორებდა, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, გამოუშვითო.

  • რა როლი აქვს ამ პროცესში ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის? ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა მასზე მიანიშნა, როცა დეკანოზ მამლაძის მისამართით თქვა: „როდესაც გადმოვიდა [დეკანოზი] მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, რაღაც უცებ მოხდა მისი გადმოყვანა, რაღაც უცებ მოხდა ყველაფრის ჩაბარება, რა ვიცი ასეთი უნარები რა ჰქონდა, რომელსაც ჯერ აჭარაში ჰქონდა ყველაფერი ჩაბარებული, მერე აქ მოვიდა საპატრიარქოში და უცებ ჩაიბარა ყველაფერი, თითქოს სხვა არ იყო საქართველოს ეკლესიაშიო“. მან მიანიშნა, რომ დეკანოზს მეუფე დიმიტრი მფარველობდა. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მეუფე დიმიტრი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც დეკანოზი ემუქრება?

ეპისკოპოსების ნაწილი ამით მიანიშნებს, რომ თუ ზიარების ღირსი იყო მამალაძე, მაშინ ორივე – დეკანოზიც და დიმიტრიც მართალნი არიან ღვთის წინაშე, თუ არადა პირიქით, ორივეს სინდისზე იყოს. თვითონ არ აზიარეს, რადგან გამოვიდოდა, რომ დამნაშავედ აღარ სცნობენ.

დეკანოზი მამალაძე იყო მეუფე დიმიტრის ფავორიტი. ის თავის თვალად და ყურად ჩასვა საპატრიაქოში, გარკვეული გამიზნულობით. მამალაძემ იმუშავა იქ მრავალი განხრით. აღმოაჩინა, რომ საპატრიარქოში არსებობს, ასე ვთქვათ, შავი ეკონომიკა. საერთოდ, ჩვენი ეკლესია არის ფეოდალური მოწყობის, ეკონომიკური თვალსაზრისით. იმის თქმა, რომ ეკლესიის შიგნით შავი ეკონომიკა არსებობს, არავის გააკვირვებდა. მერე დეკანოზმა იფიქრა, რომ ფსონი დაედო უფრო სხვა რამეზე…

თუ მამალაძე წავა ვა-ბანკზე და „გუდას თავს მოხსნის“, გამოვა, რომ დიმიტრიმ აგენტი ჩაუსვა საკუთარ ბიძას. ანტონს სურს მიანიშნოს, რომ დიმიტრიც პასუხისმგებელია ამ საკითხებზე. დიმიტრის სურდა, რომ ყოფილიყო ტახტის მემკვიდრე და მეუფე ანტონი მიეკუთვნება საპირისპირო ბანაკს, რომელსაც არ სურს დიმიტრი მორიგ პატრიარქად იხილოს.

  • მეუფე დანიელი რომელ ბანაკს ეკუთვნის? ისიც საუბრობდა დეკანოზის ზიარების პასუხისმგებლობაზე.

დანიელი მიეკუთვნება თავის თავის ჯგუფს. ის არის ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი. დამოუკიდებელი თამაში მას დიდი ხანია დაწყებული ჰქონდა. მისი მრევლი თავის დროზე გახდა ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე. ამ პოლიტიკური გუნდის სცენიდან გასვლის შემდეგ კი, მას ეს შანსები შეუმცირდა. თანაც, ასპარეზზე სხვა, ახალი ესპისკოპოსები გამოვიდნენ. მოკლედ, მეუფე დანიელს ცოტა ხანი პაუზა ჰქონდა აღებული. მისი ერთ-ერთი როლი, სადაც თვითონ საკუთარ თავს ხედავს, არის მედიატორი ეკლესიას და საზოგადოებას, ინტელექტუალურ წრეებს შორის. მას გააჩნია შიდა სამოქმედო გეგმა. ატარებს საერთაშორისო შეკრებებს ან მონაწილეობს მასში, ასევე გამოდიოდა თეოლოგიური ჟურნალი და ამას მეუფე დანიელის ეგიდით ახორციელბდნენ და ა. შ.

  • ამ დრომდე უცნობია, რა თემაზე ისაბრებს ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი ოთხი დღის წინ დაანონსებულ პრესკონფერენციაზე. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

მეუფე დიმიტრიმ ჯერ არ იცის, რა აქვს სათქმელი. მოცემულ მომენტში მხარეებს შორის მიდის მორიგება. ამას ამძაფრებს ისიც, რომ დეკანოზი მამალაძე გახდა ცუდად, მას, სავარაუდოდ, ჯანმრთელობა შეერყა. ორი სცენარია: შესაძლოა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და ის მოინდომებს, რომ გაასაჯაროვოს ეს ინფორმაცია, რათა სინდისი გაიწმიდოს. მეორე ვარიანტია, რომ გაჩუმდეს ბოლომდე, მაგრამ თუკი რამე მოუვა, გამწარებულ გულზე შესაძლოა ეს ინფორმაცია გაასაჯაროვოს, მაგალითად, მისმა ძმამ. სიტუაციის განვითარების არც სხვა კომბინაციაა გამორიცხული. „ციანიდის საქმე“, ინტენსიურ ფაზაში გადავიდა და დუმილის შენარჩუნების პირი უკვე მას აღარ უჩანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: