რატომ ვერ აშენდა კუბთაუერი ბათუმში – სამინისტრომ ხელშეკრულება გააუქმა, მიწას კი ვერ იბრუნებს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ე.წ. კუბთაუერის მშენებლობაზე კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება აჭარის ფინანთა და ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად გააუქმა, ტერიტორიას კი, სადაც მშენებლობა იყო დაგეგმილი, საკუთრებაში ჯერ ვერ იბრუნებს.

გოგებაშვილის ქუჩაზე 440,95 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და 1621 კვ/მ მიწის ნაკვეთი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად, პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა შპს ADOG GEORGIA-ს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობლობის გამო ხელშეკრულებაში ცვლილება შვიდჯერ შევიდა; ბოლო ცვლილებით კი, 2016 წლის სექტემბერში, კომპანია დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლდებოდა, თუ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა.

სამინისტროს ინფორმაციით, გაფორმდა შეთანხმების აქტიც, რომლითაც ნასყიდობის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და კომპანიამ საბოლოოდ შემდეგი ვალდებულებების შესრულება იკისრა:

2016-2017 წლებში, ახალი შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში უნდა დაესრულებინა ნულოვანი ნიშნულის, მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მშენებლობა; 2018 წლის 1 თებერვლამდე ბათუმის მერიასთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად ააშენებდა და ექსპლუატაციაში შეიყვანდა არანაკლებ 22-სართულიან შენობა-ნაგებობას, ხოლო 2018 წლის 11 თებერვლამდე ამ შენობაში აამოქმედებდა არანაკლებ 180-ნომრიან სასტუმროსა და კაზინოს. ამ ყველაფერში კომპანიას 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა; სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან 6 თვის ვადაში კი უნდა შეექმნა არანაკლებ 100 სამუშაო
ადგილი.

სამინისტროსგან მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისი მტკიცებულებები, კომპანიას სამინისტროში მაშინ არ წარუდგენია.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სამინისტრომ 2018 წლის მაისში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „ADOG GEORGIA-სთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების დადგენისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით“.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ მათ 2018 წლის 12 ივნისის წერილით მიმართა, „რომლითაც განმარტა მის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის დამაბრკოლებელი გარემოებები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის მოითხოვა დამატებითი ვადა“.

თუმცა, მანამდე, 2018 წლის 04 ივნისს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ადმინისტრაციული წარმოების დროს, სამინისტროში მიიღეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 31 მაისის წერილი, რომ ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, სადაც მოვალე მხარეს წარმოადგენს შპს ADOG GEORGIA, რის გამოც, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით რეალიზაციას ექვემდებარება ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა №10-12-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი. ანუ, ის უძრავი ქონება, რომელიც პირობადებულ საკუთრებაში აქვს გადაცემული ADOG GEORGIA-ს.

„მოცემული ფაქტობრივი გარემოება და ხელშეკრულებაში შეტანილი არაერთი ცვლილებები ცხადყოფს, რომ მყიდველს გააჩნია ფინანსური პრობლემები. ადმინისტრაციული წარმოების დროს მყიდველის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების დასამტკიცებლად, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა არ გამომდინარეობდა მისი ბრალეულობიდან“, – აღნიშნულია სამინისტროსგან მოწოდებულ დოკუმენტში.

აქედან გამომდინარე, 2018 წლის 14 ივნისს, ანუ ორი დღის შემდეგ, რაც კომპანიამ სამინისტროს დამატებითი ვადა მოთხოვა, სამინისტრომ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა.

ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, რომელსაც ხელს მაშინდელი მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე აწერს, აღნიშნულია, რომ „2018 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ADOG GEORGIA-ს ჯამში ერიცხება პირგასამტეხლო [ჯარიმა] 3 655 355 ლარისა და 3 720 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. რაც დღემდე არ არის გადახდილი“.

ამავე ბრძანებით გადაწყდა, რომ ADOG-GEORGIA-ს არ აუნაზღაურდეს გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები, გაუქმდეს კომპანიაზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, საჯარო რეესტრს კი ეთხოვა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს რეესტრის ჩანაწერებში უძრავ ქონებაზე; ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს კი უნდა უზრუნველეყო ამ ქონების [1621 კვ.მ მიწის ნაკვეთის] მიღება-ჩაბარება და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებებისათვის ღონისძიებების გატარება.

სამინისტრომ საჯარო რეესტრს ცვლილების რეგისტრაციისთვის 2018 წლის ივნისში მიმართა, თუმცა რეესტრმა საქმის წარმოება შეწყვიტა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ქონებაზე რეგისტრირებული იყო ყადღა-აკრძალვა, ამიტომ რეესტრმა სამინისტროს [როგორც დაინტერესებულ მხარეს] მოსთხოვა წარედგინა „საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის ინიციატორის წერილობითი თანხმობა უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით“.

რეესტრის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ სამინისტრომ ასეთი თანხმობა ვერ წარადგინა, შესაბამისად, მიწის ნაკვეთი დღეს [2019 წლის 16 თებერვალს] საჯარო რეესტრში კვლავ კომპანიის საკუთრებად ირიცხება.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩვენ გვაქვს შეტანილი სარჩელები. ერთი – კომპანიის მიერ პირგასამტეხლოს გადახდასთან დაკავშირებით; მეორე – ქონებას ადევს ყადაღა, კომპანიას ჰქონდა ვალი კერძო მესაკუთრეებთან, რის გამოც დაედო ეს ყადაღა და ამის გამო ვერ აღირიცხა აჭარის საკუთრებაში – ამიტომ სარჩელით ვითხოვთ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ამ ყადაღის მოხსნის თაობაზე“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

შპს „ADOG GEORGIA“,  საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქემ მუსა სულეიმანოვმა 2010 წელს დაარეგისტრირა. ის კომპანიის 100% წილის მფლობელია. კომპანიის დირექტორი კი მიხეილ ძოძუაშვილია, რომელსაც „ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა.

„ჯერ კიდევ ვარკვევთ დეტალებს და უახლოეს პერიოდში დაწვრილებით გვეცოდინება ყველაფერი, ისიც, თუ რატომ მოხდა ეს გასულ წელს, რაც ჩემთვისაც სიურპრიზი იყო… თუმცა, არ მგონია, რომ ვინმეს აინტერესებდეს იქ პრობლემები შეიქმნას, ყველა დაინტერესებული არის, რომ… ლამაზი შენობაა და გამოვიდეს რაც შეიძლება კარგად“, – გვითხრა კომპანიის დირექტორმა.

კითხვაზე, კომპანია კვლავ სამინისტროსთან აპირებს საკითხის გარკვევას თუ სასამართლოს მიმართავს? – მიხეილ ძოძუაშვილი პასუხობს: „ყველანაირ გზას მივმართავთ, რომ სახელმწიფოც იყოს კმაყოფილი, ფირმაც და ვისაც მაგ პროექტთან აქვს შეხება, ანუ უკმაყოფილო მხარე არ ჰყავდეს ამ პროექტს. მე მაინც მგონია, რომ გაუგებრობა უფრო იყო, ვიდრე სხვა რაღაც…“

„კუბთაუერთან“ დაკავშირებით „ბათუმელები“ კომპანიის დირექტორს დაახლოებით ორი წლის წინაც ესაუბრა. მაშინ მიხეილ ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიას განსაკუთრებით რთულ პირობებში უწევდა მუშაობა: „გამომდინარე იქედან, რომ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს, თითქმის ყველა ეტაპს ვათანხმებთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან და ამის შემდეგ ვაგრძელებთ სამუშაოებს“.

ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პრობლემებზე კომპანიის დირექტორს დღესაც ვკითხეთ. „ყველაფერი ერთმანეთზე იყო გადაბმული – ადგილიც, ქალაქის ცენტრში იყო, საშუალებაც უნდა გქონდეს იმის, რომ იმუშაო ნორმალურად… ყოველ შემთხვევაში, მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება. არ მგონია ვინმეს ისეთი მიდგომა ჰქონდეს, რომ აი, თქვენ არ ააშენოთ“, – გვითხრა მიხეილ ძოძუაშვილმა.

ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა, ადგილი სადაც კუბთაუერი უნდა აშენებულიყო / 16.02.2019

ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა, ადგილი სადაც კუბთაუერი უნდა აშენებულიყო / 16.02.2019

ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა, საინფორმაციო დაფა იმ ადგილზე სადაც კუბთაუერი უნდა აშენებულიყო / 16.02.2019

მთავარი ფოტო: „კუბთაუერი“, წყარო ado-g.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com