შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენისა და ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 15 ქულაზე მეტი.
ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა – 16.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა – 18.
სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა -16.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.
დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.