მარი ბოლქვაძე: ვარჯიში ექვსი წლის წინ ბათუმში გიორგი დიქტოპულოსთან დავიწყე. შემდეგ კი სამი წლით თბილისში გადავედი, სადაც ვიქტორ ბაქშისთან ვემზადებოდი. მოგვიანებით ისევ ბათუმში დავბრუნდი და ვარჯიშიც აქ გავაგრძელე. ზამთარში კი ორი-სამი თვით ინგლისში მივემგზავრები, სადაც ოთო ბუჩჰოლდიტთან გავდივარ წვრთნებს.

– როგორც ვიცი, საქართველოს ჩემპიონი ხარ…

 

 

– დიახ, საქართველოს ორგზის ჩემპიონი ვარ 14 წლამდე ასაკის ჩოგბურთელთა შორის. პირველად შარშან გავიმარჯვე, წელს კი – მეორედ.

– „ბათუმი ლეიდის ოუფენ“ შენი პირველი საერთაშორისო ტურნირია?

 

 

– ჩემ ასაკობრივ კატეგორიაში ევროტურნირებზე ხშირად ვმონაწილეობ და 14 წლის ასაკის ჩოგბურთელთა შორის რეიტინგში 54-ე ადგილზე ვარ, დიდებში კი წელს პირველად ვცადე ბედი.

– მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წრეში დამარცხდი, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლეილა მესხს და აჭარის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვლადიმერ ასათიანს შენთვის საქებარი სიტყვები არ დაუშურიათ…

 

 

– მადლობას ვეტყვი ორივეს. რაც შეეხება ჩემ მარცხს, პაშკოვა 23 წლისაა, ასაკითაც და ფიზიკურადაც ჩემზე დიდია. მართალია, გამარჯვების შანსი მქონდა, მაგრამ აქ უკვე გამოცდილებამ ითამაშა დიდი როლი და შეხვედრა 4:6 / 5:7 დავთმე. თუმცა გული ნამდვილად არ მწყდება. კარგი გამოცდილება მივიღე. რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, მე და ბარბარე ერისთავმა პირველი წრე გავიარეთ, მაგრამ მეორეში უკრაინელ წყვილთან დავმარცხდით.

– მარი, როგორც სპორტსმენს, საკუთარი თავის დადებით და უარყოფით მხარეებად რა მიგაჩნია?

 

 

– დადებითი? – ალბათ სტაბილურობა და ტექნიკა. უარყოფითზე კი… ფსიქოლოგიურად ძალიან განვიცდი თითოეულ წაგებულ ბურთს, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ამაზეც ვმუშაობ და იმედია, მალე ამ ნაკლს აღმოვფხვრი.

– ამჟამად რომელი ტურნირისთვის ემზადები?

 

 

– თელავში მივემგზავრები, სადაც 50-ათასიან ტურნირში (დიდები) მივიღებ მონაწილეობას. ვეცდები, იქ უკეთ ვიასპარეზო.

– მისაბაძი სპორტსმენი?

 

 

– მარია შარაპოვა, ძალიან მომწონს როგორც ქალი და როგორც ჩოგბურთელი.

– ოცნება?

– გავხდე მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი და მოვიგო „როლან გაროსი“.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version