მთიანი აჭარა

“სად წავიდა სკამები?”

03.09.2012 • 2546
“სად წავიდა სკამები?”

ბორის მიქელაძე ვაჟთან ერთად
ბორის მიქელაძე ვაჟთან ერთად

 მას შემდეგ, რაც ზურაბ ნოღაიდელი  მოძრაობის თავმჯდომარეობიდან გადაირჩიეს,   განახლდა მოძრაობის  აჭარის  რეგიონული  შემადგენლობაც.

 

 მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“  სერგო ჯავახიძემ  გადაიბარა, აჭარაში  რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა კი – ბორის მიქელაძემ. ის ამ მოძრაობის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ხელვაჩაურში. მიქელაძე ნოღაიდელის   დროსაც იყო ამ პარტიაში, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის   არჩევნებამდე,  როგორც თავად ამბობს, შტაბი პროტესტის ნიშნად დატოვა.  მას დღეს ყოფილ  თანაგუნდელებთან შეკითხვები აქვს, მაგალითად: „სად წავიდა  შტაბების კუთვნილი     სკამები  და კომპიუტერები“. ავეჯის გარეშე დარჩენილ რეგიონულ შტაბში პოლიტიკური  მოძრაობის ახალი პროგრამაც  არ აღმოაჩნდათ.

 

 ბორის მიქელაძე აბაშიძის დროს „აღორძინების“ მიტინგებზე  აქტიური პირი იყო.  „ვარდების  რევოლუციის“ შემდეგ  უმუშევარი დარჩა. იგი  აბაშიძის დროს  მის ყოფილ დამსაქმებელს,  ცნობილ ბიზნესმენ თენგიზ ბაკურიძეს ბრალდებებს  8 წლის შემდეგ   უყენებს. 

 

 ინტერვიუ ბორის მიქელაძესთან  

 

 

– განხეთქილების  შემდეგ  რეგიონული  თავმჯდომარის პოსტზე  აგირჩიეს,  ნოღაიდელმა ყოფილი თანაპარტიელების  მისამართით განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილისა და ადეიშვილის დაკვეთას ასრულებდნენ. ამ განცხადების ადრესატი თქვენც  ხართ თუ არა?

 

– მოძრაობაში მოხდა განხეთქილება, პრობლემა ფინანსური დავალიანების საკითხია. სასამართლოში არის საქმე, ნელ-ნელა ირკვევა, ვინ იყო დამნაშავე. ბათუმსა და ხელვაჩაურში კარდაკარის თანხები გადასახადია. მე, სხვათაშორის, ამ განხეთქილებამდე ადრე წავედი მოძრაობიდან, შევნიშნე, რომ მსგავსი რამის გაკეთებას აპირებდნენ. მივმართე ბატონ ზურაბსაც, ნუგზარ კაკალაძესაც, რომ თუ თქვენ აპირებთ, რომ ხალხს საქმე გააკათებინოთ და თანხა არ გადაუხადოთ, მაშინ მე ვტოვებ არა მოძრაობას, არამედ შტაბს-მეთქი. რამდენიმე თვის შემდეგ ხალხის უკმაყოფილების შესახებ ტელევიზიით მოვისმინე. ეს იმის ბრალია, რომ ბათუმსა და ხელვაჩაურში დანიშნეს ხალხი, რომლებიც თავისთვის აკეთებდნენ ყველაფერს. ქალაქში შტაბს ხელმძღვანელობდა ჯუმბერ  კობალაძე, რომელიც საკრებულოს წევრია, ხოლო ხელვაჩაური უშიშროების ყოფილ თანამშრომელს, დავით სამნიძეს ანდეს. მეტსაც გეტყვით – აჭარაში ჩვენს ოფისებში გვქონდა ყველაფერი, შემდეგ დაიკარგა:  სკამები, კომპიტურები, მაგიდები, საქაღალდეები, ტელევიზორები, დივან-სავარძლები   გაქრა. ვისაც  ვეკითხები, მეუბნებიან –  არ ვიციო.

 

– ვის ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული ინვეტარზე?

– ქობულეთის საკრებულოს მაშინდელი  წევრი ნუგზარ კაკალაძე იყო რეგიონის მასშტაბით ხელმძღვანელი და ფინანსებს ზაზა დავითაძე ხელმძღვანელობდა. რეგიონის მასშტაბით მოძრაობაში ყველაზე წესიერი კაცი გურამ ხოზრევანიძე იყო.

 

– ნოღაიდელმა ჯავახაძისა და მისი  მხარდამჭერების მისამართით თქვა, რომ არიან „ნასედკები“ და აგენტები. ვარაუდობენ, რომ თქვენი მოძრაობა შეიძლება იყოს ხელისუფლებისგან მართული…

 

-ეს პარტია რომ ხელისუფლებასთან იყოს კავშირში, ჩვენ ასე ვიქნებით? ერთი თეთრი არ გვაქვს ოფისში  და სკამი.

  

– ის რომ სკამი და ხელფასები არ გაქვთ, საკმარისი არგუმენტია ამ ვარაუდის გასაბათილებლად?

 

 

–       ჩვენ  ხელისუფლების ოპოზიციაში ვართ და ვაკრიტიკებთ. თუ დამნაშავეა, შეიძლება პარტიის თავმჯდომარე კი არა, ოჯახიდან მეუღლე გაუშვა და შვილები. ბრალდებას ხელისუფლებასთან  თანამშრომლობის შესახებ, სჭირდება ფაქტები და დამტკიცება. მე პიროვნული დაპირისპირება არ მაქვს ნოღაიდელთან, ერთი თვის წინ ვნახე  და ვისაუბრეთ. 

 

– პოლიტიკური საკითხები განიხილეთ? 

 

– ყველა პოლიტიკაზე ლაპარაკობს, მაგრამ არ დამიჯერებთ და არ მიკითხავს. მეორე დღეს აპირებდა უცხოეთში წასვლას, არ ვიცი, სხვა  პირადი საქმე ჰქონდა,  თუ   ბიზნესს დაუბრუნდა. ყოველდღიური კონტაქტი არ მაქვს. 

 

 

ნოღაიდელის ჩამოცილების შემდეგ საგარეო პოლიტიკის კურსი ხომ არ შეგიცვლიათ, „ედინაი რასიასთან“ გაფორმებული თანამშრომლების ხელშეკრულების შემდეგ თქვენ ოპონენტები პრორუსული ორიენტაციის  მოძრაობად მიგიჩნევდნენ, ამაზე რას იტყვით? 

 

– საგარეო პოლიტიკა ასეთია, რომ ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობა  რუსეთთანაც და აშშ-სთანაც. რამდენიმე დღის წინ ბატონი სერგო გამოვიდა ეთერით და იქ გამოიტანა ხელშეკრულება, რომელიც „ედინაია რასიასთან“ ჰქონდა გაფორმებული და ის იყო ასეთი ფორმით: ზურაბ ნოღაიდელმა გააფორმა ხელშეკრულება „ედინაია რასიასთან“ და არა – მოძრაობასთან. ესე იგი, თუ ნოღაიდელი არ იქნება თავმჯდომარე, ეს ხელშეკრულება ბათილია და სერგო ჯავახაძემ ის დახია პირდაპირ ეთერში. 

 

 

– პარტიას  ფინანსურად ვინ ეხმარება? 

 

– სახელმწიფოსგან ვიღებთ დაფინანსებას ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების შემდეგ. დღეს ისეთი დროა, ხალხს ქუჩაში რომ ვხვდებით,  ხელის ჩამორთმევის გვეშინია და ვინ დაგვაფინანსებს. 

 

 

– ასლან აბაშიძის დროს აღორძინების მიტინგებზე აქტიურობდით. ოპონენტები თქვენს  პოლიტიკურ წარსულს არ გახსენებენ? 

 

 

– მე ვიცავდი ასლან აბაშიძეს, მე უფლება მაქვს ვუჭერდე მხარს   ვინმეს, მაგრამ რაც ჩემზე განხორციელდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეს იყო  უკანონობა. 6 მაისს მივედი სამსახურში, მაშინ ბონის ბაზრის დირექტორის მოადგილე და დაცვის უფროსი ვიყავი. ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ მითხრა, რომ  მე ბაბუინი ვარ და სამსახური უნდა დავტოვო, მითხრა, რომ მე დამიჭერდნენ, რადგან გამოვდიოდი მიტინგებზე. ვუთხარი – მე თუ მიტინგზე მივდიოდი,  თქვენ მაგზავნიდით-მეთქი. მაიძულებდა, როგორც მისი ერთ-ერთი ობიექტის დაცვის უფროსს,  წავსულიყავი და სიტყვით გამოვსულიყავი, სამარშრუტო ტაქსს ბენზინს  უსხამდა და აგზავნიდა ხალხს. მე ბაბუინი ვარ და ის არა? აბაშიძის დროს ბაკურიძე ფლობდა სასტუმროებს „ლ ბაკურს“,  „ბონს“,  „წერეთელს“…  ასლანის წასვლის შემდეგ შეიძინა  კინოთეატრი „თბილისი“,  ცირკი,  „დომბიტა“,  აჭარპურის ქარხანა  და აშენებს ახლა სახლს. თენგიზი  გახდა სამმაგად მდიდარი და ბორია მიქელაძემ დაკარგა სახლ-კარი. ესაა სამართალი? 160 ლარი მქონდა ხელფასი, დღე-ღამე ტერიტორიაზე ვიყავი და  შრომის წიგნაკშიც არ ჩამიწერა, 6 მაისს  სახლში წავედი და დამხვდნენ უშიშროების თანამშრომლები, თმა გამითეთრდა და შაქარმა ამიწია. ნახეს, რომ რემონტიც არ მქონდა, შიდა პატიმრობა მქონდა, ცუდად არ მექცეოდნენ მაგრამ გარეთ არ მიშვებდნენ. გამოაცხადეს, რომ ვისაც იარაღი აქვს, უნდა ჩააბაროსო  და მე ეს მოჩენილი ხალხი არ მიშვებდა  გარეთ. იარაღი მართლაც მქონდა, მაქვს ეჭვი, რომ ბაკურიძეს უნდოდა ჩემი დაჭერა, რომ მისი ამბები არ მეთქვა. მე დავურეკე პოლიციელ  ნიაზ დავითაძეს, კანონის თანახმად მოვიდა ის ჩემთან სახლში, ჩაბარების აქტი გაფორმდა და ჩავაბარე იარაღი მას. შემდეგ გაირკვა, რომ ჩემი დაკავება უნდოდათ თურმე. სპეცოპერაცია რომ დაიგეგმა, ოქრუაშვილი გენპროკურორი იყო და უთხრეს, რომ მე იარაღის ჩაბარება მოვასწარი, ისევ ნიაზს აგზავნიდნენ აქტის  ეგზემპლარის გამოსართმევად. ნიაზმა უთხრა მათ, რომ ამ აქტის ათობით ეგზემპლარი მქონდა. მე გადავრჩი დაჭერას, მაგრამ  პოლკოვნიკ კაცს  სამსახური დაატოვებინეს და პენსიასაც არ უნიშნავენ დღემდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: