„დროა გავერთიანდეთ, ცალ-ცალკე გვამარცხებენ“ – წერენ პროტესტში მყოფი მაღაროელები, რომლებიც 335-ე დღეა მათი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვენ და შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან.
მიმართვის ტექსტი ფეისბუქზე მაღაროელის გვერდზე გამოქვეყნდა.
„დღეს საქართველოს მასშტაბით პროტესტის არაერთი კერაა. ნაწილი სოციალური პროტესტია, ნაწილი – სამოქალაქო. ეს არ არის შემთხვევითი და ერთმანეთისგან მოწყვეტილი პროცესები.
ჩვენ, ჭიათურელი მშრომელები, უკვე 335 დღეა სამართლიან პროტესტში ვიმყოფებით. ამ პერიოდში ჩვენს მიმართ განხორციელდა არაერთი რეპრესიული ქმედება – როგორც დისკრიმინაციული, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით. გვყავს ოთხი უსამართლოდ დაკავებული თანამებრძოლი, რომლებიც მხოლოდ ერთ რამეს ითხოვენ: სამართლიან, მიუკერძოებელ სასამართლოს და სამართლიან გადაწყვეტილებას.
ამავე დროს, სოციალური პროტესტი მიმდინარეობს რუსთავის აზოტში, სამოქალაქო პროტესტია ბათუმსა და თბილისში, ასევე ბალდაში, სურებში და სხვა ლოკაციებზე. ეს ყველაფერი ცხადყოფს ერთ მარტივ რეალობას – ქვეყნის მასშტაბით მუშათა და სოციალურ კლასში დაგროვილია მასიური უკმაყოფილება.
მეგობრებო, პრობლემა სწორედ ის არის, რომ დღეს ყველანი ცალ-ცალკე ვდგავართ. დროა ეს შეიცვალოს. ერთადერთი, რის წინაშეც ნებისმიერი ხელისუფლება უძლურია, არის გაერთიანებული სოციალური პროტესტი.
ამ პროცესში პროფკავშირებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლის შესრულება. თუმცა საქართველოში არსებული ფორმალური, „ყვითელი“ გაერთიანებული პროფკავშირი ამ ბრძოლას ვერ ემსახურება – მათი ჩართულობა ხშირად პირიქით, აზიანებს პროცესს. გამოსავალი არის დამოუკიდებელი, რეალურად მშრომელებზე დაფუძნებული პროფკავშირები.
ჩვენ ცოტანი არ ვართ. ცოტანია ის ელიტა, რომელიც დღეს თავზე გვაზის და ყელში გვიჭერს. ლოგიკურად და დემოკრატიულ სახელმწიფოში ისინი ჩვენი დაქირავებულები უნდა იყვნენ, არა – ბატონები.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფოს დოვლათის შემქმნელი მუშათა კლასი, არაფერს ვითხოვთ ზედმეტს:
- ღირსეულ და უსაფრთხო შრომის პირობებს
- სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას
- სოლიდარობას ყველა პროტესტში მყოფისა და ყველა უსამართლო პატიმრის მიმართ
დროა გავერთიანდეთ. ცალ-ცალკე გვამარცხებენ – ერთად ვხდებით ძალა“ – ნათქვამია მაღაროელების განცხადებაში.
___________
ფოტო: მაღაროელი/facebook






