კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

როცა საქმე დიდ ფულს ეხება – ანტიკური ნაქალაქარის ამბავი ქობულეთის ფიჭვნარში

27.04.2021 • 8843
როცა საქმე დიდ ფულს ეხება – ანტიკური ნაქალაქარის ამბავი ქობულეთის ფიჭვნარში

როცა საქმე დიდ ფულს ეხება, ინვესტორის კომფორტულად მოქმედებისთვის, მისთვის სასურველი პირობების მისაღებად, მთავრობა, როგორც დამხმარე და ხელშემწყობი, ყოველთვის პოულობს გამოსავალს. ასე მოხდა ქობულეთის ფიჭვნარში ანტიკური ნაქალაქარის შემთხვევაშიც – მთავრობის ზეპირი განცხადებით, აქ 500 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.  ამ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად კი, კომპანია აქ 250 მილიონ ლარს დახარჯავს.

მიუხედავად იმისა, რამდენად ღირებულ და დაცულ ტერიტორიას ეხება საქმე, რამდენად ფასეული შეიძლება იყოს ის, რასაც კონკრეტულ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შესვლის შემდეგ კარგავს ქვეყანა ან შეიძლება დაკარგოს, გადაწყვეტილებას მაინც დიდი ფულის სასარგებლოდ იღებენ. მთავრობის ასეთ პოლიტიკას ყოველთვის აკრიტიკებენ, წუხან, წერილებს წერენ და ღია მიმართვებს ავრცელებენ სპეციალისტები, თუმცა „ქარავანი მაინც მიდის“.

ამჯერად სამოქმედო არეალი ქობულეთის ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე შპს „გრინ რიზორტს“ გაუსუფთავეს. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, ფიჭვნარის ნაქალაქარის იმ ტერიტორიის საზღვრები შეცვალა, რომელსაც 2020 წლის მარტში თავადვე მიანიჭა ძეგლის სტატუსი, სააგენტომ ამ გადაწყვეტილებით ძეგლის ტერიტორიას  ნაკვეთები, არანაკლებ 10 ჰექტარი, გამოაკლო.

სპეციალისტების განმარტებით, სტატუსის გარეშე დარჩა ძველი ნამჭედური, ანუ ანტიკური პერიოდის ნაქალაქარის ტერიტორია, რომელიც ჯერ არ შეუსწავლიათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ფიჭვნარის ნაქალაქარზე, 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სტატუსის მოხსნა კომპანიამ საკუთარი გავლენებით, მთავრობის მონაწილეობითა და დიდი მონდომებით მოახერხა.

ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ სტატუსმინიჭებული ტერიტორიის საზღვრების შესაცვლელად დასკვნა იმ მეცნიერს დააწერინეს, რომელმაც მანამდე ძეგლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა ასევე წერილობით დაასაბუთა. მეტიც, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ სწორედ ამირან კახიძის დასაბუთება მიუთითა საფუძვლად, როცა ტერიტორიას სტატუსს ანიჭებდა.

ტერიტორია საზღვრების შეცვლამდე, რომელსაც ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

დასკვნის ავტორი პროფესორი ამირან კახიძე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ყოფილი დირექტორია. ამჟამად ის სსიპ „აჭარის მუზეუმის“ [მუზეუმების გაერთიანება] დირექტორის მრჩეველია.

„ბათუმელებისთვის“ ცნობილია ისიც, რომ პირველი დასკვნა, რომლითაც მეცნიერი ფიჭვნარის ტერიტორიისთვის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას ასაბუთებდა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში სსიპ „აჭარის მუზეუმის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, სულხან ოქროპირიძემ 2020 წლის 13 თებერვალს გააგზავნა და ტერიტორიისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.

ამ სიახლით შეწუხებულმა ინვესტორმა აჭარის მთავრობას მიმართა. სულხან ოქროპირიძის „ზედმეტი ინიციატივები“ ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში განიხილეს და ჩათვალეს, რომ მას „შეეშალა“.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში „აჭარის მუზეუმიდან“ გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ყოფილი ხელმძღვანელი, სულხან ოქროპირიძე აწერს ხელს, ვკითხულობთ:

„… ამჟამად, როგორც სამაროვანი, ისე ნაქალაქარის მნიშვნელოვანი ნაწილი გასხვისდა კერძო პირზე, რაც კიდევ უფრო დიდ საშიშროებას უქმნის ამ უნიკალურ ძეგლს. გთხოვთ, დაგვეხმაროთ ნაქალაქარის ტერიტორიის [ე.წ. ნამჭედურის ტერიტორია] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების საქმეში, ხოლო სამაროვანზე მოვახერხოთ ისეთი რეგულაციების დაწესება, რომ არქეოლოგიური დასკვნის გარეშე არ განხორციელდეს არანაირი სამშენებლო საქმიანობა.“

წერილს თან ერთვის ძეგლის სააღრიცხვო ბარათი და პროფესორ ამირან კახიძის დასკვნა, სადაც ის წერს:

„…გორაზე დაცულია ექვსი კულტურული ფენა. არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ აჩვენა, რომ გვიან ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურიდან ფიჭვნარში, კერძოდ, მდინარეების ჩოლოქისა და ოჩხამურის ხერთვისის ზონაში გაჩნდა სათემო დასახლებები, რომელთა გაერთიანების გზით წარმოიქმნა (ძვ.წ. XII ს-დან) დაბის ტიპის მსხვილი დასახლება, რომელიც ძვ.წ. VIII-VII სს მოითვლიდა არა მარტო მდინარეთა ხერთვისის ზონას, არამედ ტერიტორიას, რომელიც მდინარიდან ახალშავზღვურ ტერასამდე ვრცელდებოდა. ძვ.წ. VI-V სს-ში ფიჭვნარ-ჩოლოქის მსხვილი დასახლება ქალაქური ტიპის დასახლებად გაფორმდა. აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი ჯარგვლის ტიპის ნაგებობები, ანტიკური ხანის ბათქაშიანი შენობის ნაშთები, თიხით მოტკეპნილი და მოკირწყლული ეზო-მოედნები, შესაბამისი პერიოდის სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საკულტო (მათ შორის, ბერძნული კულტურისათვის დამახასიათებელი) დანიშნულების საგნები.“

ამირან კახიძე ამავე დასკვნაში წერს, რომ ამჟამად გათხრილია ნაქალაქარის ტერიტორიის ძალიან მცირე ნაწილი – კოლხური სამაროვანი (ძვ.წ. V-IV სს.). დღეისათვის სულ 500 სამარხია გათხრილი.

ამირან კახიძე: „ძირითადად ოთხკუთხა ან ოვალური ორმოსამარხებია, რომლებიც დამხრობილია ჩრდილოეთით (ადგილობრივი რწმენით) ან აღმოსავლეთით (დაკრძალვის ბერძნული წესის გავლენით). ასევე, გათხრილია ხის კუბოიანი ან სახურავიანი სამარხებიც. დაკრძალულია სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები. მდიდარი კოლხი მოსახლეობის სამარხები არ დაფიქსირებულა, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ ისინი ვანის მსგავსად ქალაქის სხვა ადგილას იკრძალებოდნენ. კოლხურ სამაროვანზე დაკრძალვის წესში ჩანს ბერძნული ტრადიციის ელემენტები: ქარონის მონეტის ჩაყოლება და აღაპის წესის შესრულება. ადგილობრივ ნაწარმთან ერთად აღმოჩენილია იმპორტული ნივთებიც. სამეთუნეო ნაწარმიდან გამოიყოფა ლოკალური ჯგუფი – ე.წ. ფიჭვნარული დოქები. აღმოჩენილია კოლხური ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები. მრავლადაა ნაპოვნი კოლხური მონეტები, მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა კოლხური ფულის უმცირესი ნომინალი – ჰემიტეტარტემორიონები, რომელიც მხოლოდ ფიჭვნარშია აღმოჩენილი“.

წერილის ბოლოს ამირან კახიძე ასკვნის:

ფიჭვნარის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ ძეგლთან, რომლის მემკვიდრეობაზე, მის მოვლა-პატრონობაზე არცერთი ოდნავ ცივილიზებული ქვეყანაც კი არ იტყოდა უარს. ფიჭვნარის ნაქალაქარის სპეციფიკიდან გამომდინარე და რიგი სხვა მიზეზების გათვალისწინებით (სამაროვნის გათხრის შემდეგ ადგილზე არაფერი რჩება, დიუნური ნამოსახლარის უდიდესი ნაწილი უკვე აღარ არსებობს), აუცილებელია ნაქალაქარის შენარჩუნებისთვის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭოს მის ნამოსახლარ ნაწილს – ნამჭედურს, რომელიც შესაძლებელია შენარჩუნდეს და იქცეს არქეოლოგიურ საიტად.

სპეციალისტი ეროვნულ სააგენტოს ასევე წერდა, რომ ნაქალაქარის  უდიდესი ნაწილი მიწით არის დაფარული, ხოლო დიუნური დასახლების უდიდესი ნაწილია დღეისთვის უკვე განადგურებული. ნაქალაქარის გათხრილი უბნების შესანარჩუნებლად სერიოზულ პრობლემას ქმნის გრუნტის წყლები. თუმცა, შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში, შესაძლებელია ცალკეული მონაკვეთების ფიქსაცია და კონსერვაცია. განსაკუთრებით, კოლხური სამაროვნის ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ბოლომდე შესწავლილი, ხშირია ქვიშის თვითნებური გატანის შემთხვევები, რაც სამარხების დარღვევას იწვევს.

2021 წლის 25 მარტს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიას 10 ჰექტარი გამოაკლო. კითხვაზე რას ეყრდნობოდა სააგენტო, როცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, გვიპასუხეს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმელებს“ გამოუგზავნა ასევე წერილის ასლი, რომელსაც პროფესორი ამირან კახიძე აწერს ხელს. ამ წერილით ის საზღვრების დაკორექტირებას ითხოვს. წერილი 2020 წლის ნოემბერში, სტატუსის მინიჭების მოთხოვნიდან ზუსტად 9 თვეშია დაწერილი.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საბჭო, რომელსაც ეს საკითხი უნდა გადაეწყვიტა, 2021 წლის 28 იანვარს შეიკრიბა და საზღვრების დაკორექტირებას მხარი ისე დაუჭირა, რომ სხდომაზე არც კი უმსჯელიათ. როგორც ოქმში წერია, კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ ჯაფარიძემ დადებითად შეაფასა საკითხი არქეოლოგიური ძეგლის გავრცელების საზღვრების კორექტირების თაობაზე, ხოლო დამსწრე კომისიის წევრებმა ერთხმად გაიზიარეს თავმჯდომარის პოზიცია.

ამ ოქმში კიდევ ერთი საინტერესო წინადადების მიხედვით, საკითხი დღის წერიგში ისევ სულხან ოქროპირიძის მიმართვის საფუძველზე შეიტანეს. არადა, ის ამ დროს უკვე თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო, ის 2020 წლის 28 დეკემბერს მოხსნეს.

ყველაფერი ქრონოლოგიურად რომ დალაგდეს, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე სტატუსის მინიჭებიდან ცოტა ხანში სულხან ოქროპირიძეს „მისი ზედმეტი ინიციატივებით გაფუჭებული საქმის გამოსწორება მოსთხოვეს“ და მანაც სცადა.

საზღვრების დაკორექტირებაზე მოთხოვნა, ამირან კახიძის ასევე შეცვლილ არგუმენტებთან ერთად სააგენტოში თავად გააგზავნა და საზღვრებიდან იმ ტერიტორიის ამოღება მოითხოვა, სადაც 2020 წელს მოკლევადიანი კვლევები ჩაატარეს და შურფები გაავლეს [ანუ ტერიტორია შეამოწმეს. საკონტროლო თხრილები ანუ შურფები ივლება ტერიტორიის შემოწმების მიზნით, შეიცავს თუ არა ის არქეოლოგიურ ნაშთებს]

ეროვნულმა სააგენტომ ეს საკითხი 2020 წლის სექტემბერში ზუმით ჩატარებულ სხდომაზე განიხილა. საბჭოს წევრებმა ურყოფითი პოზიციები დააფიქსირეს და დაკორექტირებაზე უარი თქვეს. ამის შემდეგ სულხან ოქროპირიძე მოხსნეს.

ის მედიასთან ამ თემაზე არ საუბრობს.

უცნობია, რატომ და ვისი მოთხოვნით განიხილეს გადაყენებული მუზეუმის დირექტორის წერილი ხელმეორედ, თუმცა ვიცით, რომ ამ სხდომას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების ხელმძღვანელი, ლაშა ასლანიშვილი ესწრებოდა და კორექტირების ვარიანტი საბჭოს სწორედ მან წარუდგინა.

„ბათუმელებთან“ საუბარი არც ლაშა ასლანიშვილმა ისურვა.

____

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/193098/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: