რეკლამა

„ნარინჯისფერი რთველი“ 2016

19.12.2016 • 3334
„ნარინჯისფერი რთველი“ 2016

დასავლეთ საქართველოში ციტრუსის სეზონი აქტიურ ფაზაშია. მანდარინი საქართველოს აგრობიზნესისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. ქვეყანაში მანდარინი, უმეტესწილად, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. ძირითადი მწარმოებელი რეგიონებია: აჭარა (76%), გურია (19%), სამეგრელო და ზემო სვანეთი (4%). მხოლოდ აჭარის რეგიონის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეციტრუსეობით დაკავებულია ჯამში 23 000 ოჯახი, რაც აჭარის რეგიონში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 50%-ს შეადგენს.

ციტრუსების სასურსათო მოხმარება ქვეყანაში წელიწადში საშუალოდ 60-70 ათას ტონას შეადგენს, სადაც 80% მანდარინს უკავია. წლების მიხედვით მოხმარება ცვალებადია და ძირითადად დამოკიდებულია კონკრეტულ წელს ადგილობრივი მოსავლის რაოდენობაზე.

მანდარინის მოსავლის აღების აქტიური პერიოდი ნოემბრიდან იწყება და დეკემბრამდე გრძელდება.

ბოლო წლების განმავლობაში მეციტრუსეობის სექტორის განვითარების მიზნით ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის არ მთავრობის ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა.

2016 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით ექსპორტირებულია რაოდენობის – 17 400 ტონამდე მანდარინი, უკვე გადამუშავებულია 6800 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი.

მიმდინარე წელს ქართული მანდარინის ექსპორტი ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და მოლდოვა. 16 დეკემბრის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება: რუსეთი – 54.77 % (9568 ტ.); უკრაინა – 29.60 % (5170 ტ.); სომხეთი – 12.65 % (2209 ტ.); ყაზახეთი – 1.56 % (272 ტ.); ყირგიზეთი – 0.68 % (119 ტ.); უზბეკეთი – 0.44 % (77 ტ.); ბელარუსი – 0.11 % (20 ტ.); პოლონეთი 0.11% (20 ტ.); მოლდოვა – 0.06 % (10 ტ.); აზერბაიჯანი – 0.02 % (3ტ.)

2016 წელს მანდარინის ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით არ განხორციელებულა, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა 39 ტონა ლიმონის ექსპორტი გერმანიის მიმართულებით, რომლის ღირებულებაც 217 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

საქართველოდან მანდარინის ექსპორტის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ რაოდენობრივად მანდარინის ექსპორტი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დეკემბერ-იანვარში ფიქსირდება. ფულად გამოსახულებაში კი – ერთი კილოგრამი მანდარინის ექსპორტის ყველაზე მაღალი ფასი თებერვალშია.

unnamedბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად წარმართვისა და არასტანდარტული ნაყოფის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. აჭარის არ მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლების მსგავსად, სახელმწიფო ახორციელებს გადამუშავებული მანდარინის სუბსიდირებას ყოველ ერთ კილოგრამ მანდარინზე 0,1 ლარის ოდენობით. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შემფუთავ-დამახარისხებელ საწარმოებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ) წარმომადგენლობასთან, სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო კომპანიებთან, ციტრუსის ტარა მასალის დამამზადებლებთან, სასაწყობე მეურნეობების წარმომადგენლობებთან, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისა და სოფლის რწმუნებულებთან, მეციტრუსე ფერმერებთან.

ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებისა და უკვე არსებულ ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის მიზნით, ცენტრალური ხელისუფლება და აჭარის არ მთავრობა არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებენ. მათ შორის: 30 ოქტომბერს ჩატარდა ციტრუსის საერთაშორისო ფორუმი და სანფორმაციო ტური, რომელშიც 8 ქვეყნის ციტრუსის ექსპორტიორი 19 მსხვილი კომპანია მონაწილეობდა; შემუშავდა მსხვილი გადამამუშავებელი ქარხნებისა და მცირე შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმოების ორგანიზებული, კოორდინირებული მუშაობის მოდელი, რაც რეგიონში, ერთი თვის განმავლობაში, 20 000 ტონაზე მეტი საექსპორტო ციტრუსის წარმოების – ევროსტანდარტების შესაბამისად პარაფინირების საშუალებას იძლევა; რეგიონში ამოქმედდა ახალი, რიგით მეოთხე და გაძლიერდა უკვე არსებული მსხვილი შემფუთავ-დამხარისხებელი საწარმოები.

ქვეყანაში მანდარინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, აუცილებელია ქართული ციტრუსის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ადგილობრივი ასორტიმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ადრეული სიმწიფის ყინვაგამძლე, მაღალპროდუქტიული ჯიშების დანერგვას.

აჭარის არ მთავრობის ინიციატივით, ციტრუსის სექტორის მდგრადი განვითარებისთვის, შემუშავების პროცესშია აჭარის რეგიონში მეციტრუსეობის განვითარების სტრატეგია, რომლის თანახმად 2017 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის აგროსერვისცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა საცდელ სადემონსტრაციო სანერგე მსხვილ სადედე პლანტაციად გარდაიქმნება, რაც შესაძლებელს გახდის 2017 წელს რეგიონში არსებული ციტრუსის პლანტაციების 100 ჰა ფართობი, ხოლო რამდენიმე წელიწადში 500 ჰა ფართობი ადრეული მსხმოიარობის ციტრუსოვანთა ჯიშებით ჩანაცვლდეს.

მასალა მომზადებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

გადაბეჭდვის წესი