რეკლამა

ოთარ დანელია: რთველისთვის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია

15.08.2016 • 1883
ოთარ დანელია: რთველისთვის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

რთველის წინ მსგავსი შეხვედრების გამართვა რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა და მასზე ხელისუფლების წარმომადგენლები მეწარმეებთან ერთად დარგში არსებულ მდგომარეობასა და რთველის წარმატებულად ჩატარების ხელშემწყობ ღონისძიებებს განიხილავენ.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია და რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები.

otar danelia

ოთარ დანელია

„მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრაზე ყველა დეტალი განვიხილეთ, რათა მიმდინარე წელს რთველის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. წელს, საწარმოო გადამუშავებისთვის დაახლოებით 150 ათას ტონამდე ყურძენს ველოდებით. მნიშვნელოვანია, რომ დარგი მაქსიმალურად მზად იყოს ყურძნის მისაღებად. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის კუთხით ბოლო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. ჩვენი მიზანია, საერთოდ გამოვიდეთ სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს ხელშეწყობა კვლავ საჭიროა,“ – განაცხადა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ყურძნის მიღებას 100-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს და არც ერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია გაიცემა შემდეგი ოდენობით: კახეთის რეგიონში – 1 კგ. რქაწითელზე – 45 თეთრი; 1 კგ. კახურ მწვანეზე – 45 თეთრი; 1 კგ. საფერავზე – 20 თეთრი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში: მუჯურეთული/ალექსანდროული – 2 ლარი;

როგორც მინისტრმა მეწარმეებს განუცხადა, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ფერმერებისაგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით, გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მლნ ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 3 წლის ვადით.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას, არ ერევა ფასების რეგულაციებში, რადგან ფასს არეგულირებს ბაზარი.

ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა რთველი 2016-ის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა. რთველის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება. შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. შტაბის ფუნქციონირება რთველის პროცესში ჩართულ მხარეებს (სამინისტროს წარმომადგენლები, მეწარმეები, მევენახეები) შორის აქტიურ კომუნიკაციას და კოორდინაციას შეუწყობს ხელს. გასული წლის მსგავსად, ამოქმედდება ცხელი ხაზი – 1505 და სპეციალური ვებგვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა პირებმა 24 საათის განმავლობაში მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

„რთველის წინ ტრადიციულად ვიკრიბებით ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, რათა წლევანდელი რთველის ტექნიკური სახის დეტალები გავიაროთ. მოგეხსენებათ ყურძენი უკვე მწიფობაში შედის და აგვისტოს ბოლო რიცხვებში, რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში გაიხსნება. მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით მეტ მოსავალს ველოდებით. გაზრდილია საფერავის ჯიშის ყურძენის რაოდენობაც და მასზე მოთხოვნაც“ _ აღნიშნა სამანიშვილმა. მისი თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან კახეთის რეგიონში და ადგილზე გაეცნობიან მოახლოებულ რთველთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რაც რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვას ემსახურება.

შეხვედრაზე გიორგი სამანიშვილმა ქართული ღვინის ექსპორტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა დღემდე შენარჩუნებულია – 7 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლამდე ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 55,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი – 152% (2 475 557), ბელარუსი – 122% (575 166), უკრაინა – 72% (2 595 947), რუსეთი – 50% (12 748 273), პოლონეთი – 29% (1 190 926), ესტონეთი – 57% (379 650), ყირგიზეთი – 107% (163 966), გერმანია – 21% (174 166), იაპონია – 12% (101 448), დიდი ბრიტანეთი – 44% (58 618) და სხვა.

გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების ფონზე, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოსთვის ექსპორტის წლიურმა მაჩვენებელმა 45-50 მლნ ბოთლს მიაღწიოს.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე დაესწრნენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა არის რთველის ორგანიზებულად ჩატარება. გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია ვენახების ფართობები და შესაბამისად ყურძნის მოსავალიც. ქართული ღვინის ინდუსტრია თანდათან ემსგავსება მევენახეობა-მეღვინეობის დიდი ტრადიციების ქვეყნებს, როდესაც დარგი დგას მცირე, საშუალო და მსხვილ ღვინის მწარმოებლებზე და ადგას მდგრადი განვითარების გზას“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი და ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ. მათ სოფლის მეურნეობის მინისტრს და მთლიანად სამინისტროს გუნდს მადლობა გადაუხადეს იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და ინიციატივებისთვის, რომლებიც მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისკენაა მიმართული.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

გადაბეჭდვის წესი