რეკლამა

კითხვები და პასუხები თანასწორობაზე

03.07.2016 • 2067
კითხვები და პასუხები თანასწორობაზე

რას ნიშნავს თანასწორობა და რას მოიცავს კანონის წინაშე თანასწორობის უფლება?

თანასწორობის უფლება ნიშნავს თანასწორი, ანუ თანაბარი შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული თანასწორი მოპყრობის ვალდებულებას, არსებითად უთანასწოროთა მიმართ კი პირიქით. თანასწორი მოპყრობის მაგალითია, როდესაც გასხვავებული რელიგიური შეხედულების ბავშვს საჯარო სკოლაში თანაბრად აქვს სწავლის უფლება.

კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. ეს უფლება გულისხმობს ისეთი საკანონმდებლო რეგულირების შექმნის ვალდებულებას, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისთვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, უთანასწოროებს კი პირიქით.

რა ნიშნები აქვს დისკრიმინაციას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით? და რას ნიშნავს პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია?

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად

  • რასისა
  • კანის ფერისა,
  • ენისა
  • სქესისა
  • რელიგიისა
  • პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა
  • ეროვნული
  • ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა
  • წარმოშობისა
  • ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა
  • საცხოვრებელი ადგილისა

მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშნები არ არის ამომწურავი ხასიათის. მაგალითად, დისკრიმინციის ნიშანია სექსუალური ორიენტაცია, მოქალაქეობა და სხვა.

პირდაპირი დისკრიმინაცია წარმოადგენს თანასწორ პირობებში მყოფი პირების არათანასწორ მოპყრობას აკრძალულ ნიადაგზე.

არაპირდაპირი დისკრიმინაციის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს კონკრეტულ კანონს, ნორმას და ქცევას, რომელიც, თავის მხრივ, არ არის დისკრიმინაციული, თუმცა დამდგარი შედეგი აშკარა დისკრიმინაციაა გარკვეული პირთა წრისთვის. მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკურსში გასაუბრებისას აშკარად რთულ კითხვებს უსვამენ და არ ასაქმებენ სახელმწიფო სამსახურში.

როდის ითვლება განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად?

განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა. მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი.

განსხვავება დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება, თუკი მას „ობიექტური და გონივრული გამართლება“ აქვს. ობიექტური და გონივრული გამართლების კრიტერიუმი შემდეგია:

განსხვავებული მოპყრობა, შეიძლება ობიექტური და გამართლებული იყოს, თუკი

  • მას გააჩნია კანონიერი მიზანი და
  • გამოყენებული საშუალებები კანონიერი მიზნის პროპორციულია.

როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მოქალაქე, რომლის მიმართაც ირღვევა თანასწორობის უფლება? ეხება თუ არა თანასწორობის უფლების დაცვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. თუკი პირი მიიჩნევს, რომ მისი თანასწორობის უფლება ირღვევა ან იზღუდება, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს მათ დასაცავად.

საქართველოს კონსტიტუცია დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის მოქმედებას ავრცელებს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზეც. საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:

„საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“

რა ვალდებულებები ეკისრება სახელმწიფოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში? და რა ვალდებულებებს აკისრებს პოლიციელს საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დასაცავად?

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს ეკისრება ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები.

ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს, რომ სახელმწიფო თანასწორად უნდა მოეპყროს თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს.

პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს, რომ სახელმწიფო განსხვავებულად უნდა მოეპყროს არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს, რათა მათ თანასწორი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უფლებებსა და თავისუფლებებზე.

საქართველოს კანონის „პოლიციის შესახებ“ მე-11 მუხლის თანახმად, პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.

 

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
es Untitled99d6ae44-3871-48f9-9456-e5f518769249

გადაბეჭდვის წესი