რეკლამა

ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან

03.07.2016 • 1688
ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან

თინათინ ხიდაშელი„ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდნენ წვევამდელები. ეს მარტივი მიზეზით აიხსნება – შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში და არის ძალიან მაღალი მოთხოვნა, არავის სჭირდება დაძალება, რომ გახდეს საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცი. აქ მსახურობენ ახალგაზრდები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ცხოვრების არჩევანი დაუკავშირონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ემსახურონ სამშობლოს აქ, ამ მიწაზეც და საერთაშორისო მისიებშიც; უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახურში იდგნენ ყველგან, სადაც ამას მათი ქვეყანა მოითხოვს. უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან. ეს საუბრები უსაფუძვლოა, მაგრამ, მაინც ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ და არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, არ უნდა შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს. სწორედ ამიტომ, მე დავდე პირობა, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს. ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა. ეს არ გამოვიდა, თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა. მე, როგორც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო და ახლა, თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან. დღემდე მოქმედი წესით, ჩვენ მივმართავდით მთავრობას ყოველი გაწვევის წინ და ვეუბნებოდით, თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურე გვჭირდება. შემდეგ უკვე საერთო გაწვევიდან არჩევდნენ ადამიანებს, რომლებიც თავდაცვის უწყებაში გაივლიდნენ სამსახურს. ვაცხადებ, რომ დღეიდან თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად, მინისტრის ბრძანებით, აღარ განახორციელებს გაწვევას და არ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. შესაბამისად, ნებისმიერ ჩემ შემდეგ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები“, – განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 27 ივნისს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

აღნიშნულის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ დასმულ შეკითხვებს ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა “ქრონიკაში” უპასუხა. „ჩვენ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს ნატოს წინაშე და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი გადაწყვეტილებების ერთგულება, რომელიც ორგანიზაციის წინაშე გვაქვს აღებული ვარშავის სამიტის წინ, სისრულეში უნდა მოვიყვანოთ“.

„გადაწყვეტილება, რომელიც მე გავახმოვანე, რამდენიმე კონკრეტული ამბავი უდევს საფუძვლად: პირველი _ საქართველოს მიღებული აქვს სტრატეგიული დოკუმენტები. ამ დოკუმენტში ცალსახად შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღარ იქნება გაწვევა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ და მთავრობასთან არათუ შეთანხმებულია, რამედ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არის ეს საკითხი დადასტურებული. ასევე არსებობს ანალოგიური შინაარსის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ზუსტად იმავეს აცხადებს“.

სავალდებულო სამხედრო გაწვევის საკითხებზე საუბრობს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე: „ეს საკითხი ჯერ კიდევ სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტში აისახა, როდესაც ჩაიწერა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები 2016 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად პროფესიულ სამხედრო სამსახურზე გადასასვლელად და გაწვევითი სამხედრო სამსახურის ჩასანაცვლებლად“. „ჩემი ღრმა რწმენით, დღევანდელი თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული სტრუქტურა გაცილებით უფრო ეფექტიანია ვიდრე ყოფილი წვევამდელებით დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალები“. “ეფექტიანობა პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურის რომელიც 4 წელი მსახურობდა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის სამხედრო პროფესია, გაცილებით მაღალია ვიდრე ახალწვეულის“. გარდა ამისა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა რეზერვის და სამობილიზაციო სისტემის ახალ კონფეფციაზე, სადაც გაწერილი იქნება ზუსტად იმ რგოლის შევსება, რომელიც საზოგადოებასა და პროფესიულ ჯარს შორის ურთიერთ კავშიერს გულისხმობს, მისი აზრით, სწორედ კონცეფციაში იქნება გათვალისწინებული მოქალაქეებისა და მოსახლეობის თანამონაწილეობა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაში“.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი