რეკლამა

ნეიტრალიტეტის ხაფანგი

10.04.2016 • 2156
ნეიტრალიტეტის ხაფანგი

საეჭვო წყაროების მიერ დაფინანსებული, კრემლთან მეგობრობაში შემჩნეული ჯგუფები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ხშირად მიუთითებენ ხოლმე ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის აუცილებელია ქვეყანამ უარი თქვას ნატოსკენ სწრაფვაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი.

ნეიტრალიტეტი რომ გამოსავალი იყოს, ალბათ, ყველა პატარა სახელმწიფო თავს ნეიტრალურად გამოაცხადებდა და ამით უზრუნველყოფდა საკუთარ უსაფრთხოებას. თუმცა, მეზობლად აგრესიული, დიდი სახელმწიფოს არსებობის პირობებში ნეიტრალიტეტის გამოცხადება უფრო თავის მოტყუება იქნებოდა, ვიდრე შედეგზე ორიენტირებული რეალისტური პოლიტიკა.

შვეიცარია და შვედეთი უკვე ორასი წელია ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს, მათ მსოფლიო ომთა ქარტეხილები და რუსეთის აგრესია არ შეხებიათ. მათ აქვთ ფუფუნება, ატარონ მოწინავე სამყაროს ღირებულებები და, ამავდროულად, იყვნენ მიუმხრობლები სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობებში. თუმცა, გავიხსენოთ რამდენი საგარეო აგრესიის გადატანა მოუწია და უწევს საქართველოს ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში. განა გამოდგებიან შვეიცარია და შვედეთი ჩვენს მაგალითებად?..

ნეიტრალიტეტის კიდევ ერთი მაგალითია ფინეთი. რუსულ ექსპერტულ წრეებში არაერთხელ გაჟღერებულა იდეა, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობათა ჩიხიდან გამოსავალია საქართველოს „ფინლანდიზაცია. რა არის ფინლანდიზაცია? რუსეთმა 1940 წელს დაიპყრო ფინეთის ტერიტორიის მოზრდილი ნაწილი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიძულა ქვეყანა აღნიშნული მიწები რუსეთის ნაწილად ეცნო, ბოლოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოსთხოვა და შემდეგ დაამყარა მასთან „ცივილური ურთიერთობა, რომელიც სინამდვილეში არასდროს ყოფილა ცივილური. „ფინლანდიზაცია“ არის პროექტი, რომელსაც კრემლი ცდილობს თავზე მოახვიოს საქართველოს. გვინდა ჩვენ სამუდამოდ დავუკანონოთ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები, უარი ვუთხრათ დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებაზე და ვუზრუნველვყოთ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის ბაზების ლეგალური არსებობა? ალბათ ძალიან არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა ასეთი შესაძლებლობა, რომ განიხილო.

ნეიტრალიტეტი არის სატყუარა, რომელსაც რუსეთი ისტორიულად იყენებს მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისთვის. 1935-1939 წლებში ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ფინეთმა ზედიზედ გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი იმ ილუზიით, რომ მიუმხრობლობა საგარეო აგრესორთან მშვიდობის დამყარებაში დაეხმარებოდათ. ისინი შეცდნენ. რუსეთმა ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა დაიპყრო 1940 წელს, ხოლო ფინეთს, როგორც უკვე ვთქვით, ტერიტორიები წაართვა.

MMMM-1ნეიტრალიტეტის თანამედროვე და საქართველოსთან ყველაზე ახლომდგომი მაგალითია მოლდოვის რესპუბლიკა, რომელმაც 1994 წელს კონსტიტუციაში დააფიქსირა საკუთარი ნეიტრალიტეტი. მას შემდეგ 22 წელი გავიდა. განა ეს დაეხმარა მოლდოვას დაებრუნებინა, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ ოკუპირებული დნესტრისპირეთის ტერიტორიები? აარიდა ნეიტრალიტეტმა რუსეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები? პასუხი ცალსახად უარყოფითია, მოლდოვას ტერიტორიები ოკუპირებულია, სანქციებით თამაში გრძელდება, რუსეთი კვლავაც აფინანსებს მოლდოვაში მოქმედ მეხუთე კოლონას.

პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ ერთი ნეიტრალური სახელმწიფოა თურქმენეთი. ეს ქვეყანა რუსეთის ეკონომიკისთვის ფილტვების როლს თამაშობს. რუსეთი მისგან იაფად ყიდულობს გაზს და საკუთარი გაზსადენის მეშვეობით გაცილებით ძვირად ყიდის ევროპაში. თურქმენეთი მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად მოიხმაროს ბუნებრივი რესურსები, თავად გაყიდოს გაზი, მაგალითად, კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით.

ყველა ზემოხსენებული მაგალითიდან ცალსახად ჩანს, რომ ნეიტრალიტეტის იდეის უკან იმალება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებიდან გათიშვის, ქვეყნის მარტო დატოვებისა და ამას მოყოლებული რუსეთის გაძლიერებული დომინირების ან მომავალი აგრესიის სურვილი. გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, რომ კავკასიის ტურბულენტურ რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიებისა და თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში განლაგებული რუსული ბაზების გათვალისწინებით, ნეიტრალიტეტის რეალისტურობა დაიჯერო. ჩვენ არ უნდა ავყვეთ კრემლისგან დაფინანსებულ, მატერიალისტური მოტივებით დაინტერესებულ პირთა პროპაგანდას, რომლებიც თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებად გვევლინებიან.

ამ ფონზე,  ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს. ნატო არ არის თვითმიზანი, ქვეყნის ამოცანა ეროვნულ ინტერესთა დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ნატო დაცულობის საუკეთესო მექანიზმია. მისი დაარსების დღიდან, არც ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არ დარღვეულა, ისინი არ დარჩენილან მარტონი და დაუცველნი. ამის საუკეთესო მაგალითები, ჩვენი წარსულის თანაზიარი ბალტიის სახელმწიფოები არიან, რომლებმაც საბოლოოდ მოიპოვეს დაცულობა. ნატოსკენ მიმავალი გზა არ არის ადვილი, ამ გზაზე არის სირთულეები, დაძაბულობა, ხანდახან იმედგაცრუებაც, მაგრამ ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. დასახული მიზნის მისაღწევად ყოველდღიური მუშაობა, სტრატეგიული მოთმინება და საკუთარი ქვეყნის სიყვარულით არჩეულ გზაზე განუხრელი სიარულია საჭირო.

ისტორიის დოქტორი
ბექა კობახიძე

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: