რეკლამა

საგადასახადო შეღავათები მძიმე დაზიანება მიღებული სამხედროებისთვის

29.02.2016 • 2262
საგადასახადო შეღავათები მძიმე დაზიანება მიღებული სამხედროებისთვის

2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’, რომელსაც 25 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და გამოაქვეყნა. კანონი ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების ავტორი  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იყო, ხოლო ინიციატორი  –  საქართველოს მთავრობა.

sagadasaxado shegavatebi mdzime dazianeba migebuli samxedroebistvis

ბესიკ ლოლაძე

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის იდეა წარმოიშვა დაჭრილი და დაშავებული მეომრების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კონტექსტში, მათთან კონსულტაციების შედეგად.

როგორც ცნობილია, საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის საქმეში. შესაბამის ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პერსონალი აქტიურად მონაწილეობს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ისინი  ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იღებენ.

ამ კატეგორიის პირები, რომელთა თავდადება და დამსახურება ქვეყნის წინაშე ძალიან დასაფასებელია, კვლავ ირიცხებიან შეიარაღებული ძალების რიგებში (აქვე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება ამ თვალსაზრისით არაფერს ცვლის).
მათთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება გახდებოდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისა და იმავდროულად, სოციალური მდგომარეობის გაუარესების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიღებული პირებისათვის საგადასახადო შეღავათის მისანიჭებლად გადაწყდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი სპეციალური ნორმის შეტანა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივამ მოიპოვა როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე საქართველოს პარლამენტის სრული მხარდაჭერა.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, საშემოსავლო გადასახადით  კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი არ იბეგრება. ეს შესამჩნევად გააუმჯობესებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიღებულ პირთა ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას.

ბესიკ ლოლაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული
კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი:  mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი