ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი
___
The New York Eye – ნიშნავს თვალს, რომელიც ყველაფერს ამჩნევს და არაფერს იმჩნევს. ეს ნიუიორკული ცხოვრების და უსაფრთხოების ნაწილია. თუმცა შეუძლებელი იყო ბროდვეიზე, ლინკოლნ ცენტრში ხის უზარმაზარი ცხენის, რიგში მდგარი თაყვანისმცემლების არმიის, ასობით დაცვის თანამშრომლის, შავტანსაცმლიანი ფოტოგრაფების და სხვა ანტიკური რეკვიზიტების ყურადღების მიღმა დატოვება.
ქრისტეს შობამდე ჰომეროსის მიერ დაწერილი „ოდისეა“ 2026 წლის 14 ივლისს რეჟისორმა ქრისტოფერ ნოლანმა ამერიკული ბლოკბასტერის ფორმატში წარმოადგინა.
ნიუ იორკს ნახევრად გადაკეტილი ბროდვეითა და გრანდიოზული ხის ცხენითაც კი ვერ გააკვირვებ. აქ ყველაფერი გადაითარგმნება სთორიზე დასადებ ფოტოდ ან რამდენიმეწამიან რილსად, for memory ან just for fun და როგორც ამბობენ it’s all.
აი, პრემიერა მართლაც მომხიბვლელი იყო. ბროდვეიზე თითოეული მსახიობი ბრწყინავდა. განსაკუთრებით, ზენდაია, ანგელოზის ფრთებითა და ანტიკური ღიმილით.
ფილმში ოდისევსის როლს მეთ დეიმონი ასრულებს – ბერძენი მეფის, რომელიც ტროას ომში ბრძოლის შემდეგ, სახლში დაბრუნებისთვის წარმოუდგენელი სირთულეებით სავსე გრძელ გზას გადის. ამ პერსონალურ ბრძოლაში ამერიკელი მსახიობების ვარსკვლავური გუნდი მონაწილეობს – ტომ ჰოლანდი (ტელემაქოსი), ზენდაია (ათენა), რობერტ პატინსონი (ანტინოოსი), ენ ჰეთევეი (პენელოპე), ლუპიტა ნიონგო (კლიტემნესტრა), შარლიზ თერონი (კალიფსო), ელიოტ პეიჯი (სინონი) და ჯონ ლეგუიზამო (ევმაიოსი).
აფიშაზე იმდენად ბევრი ვარსკვლავია ერთად, ხვდები თითოეულს თავისი თაყვანისმცემლების არმია როგორ შემოჰყავს ფილმის გაყიდვაში.
ბერძენი ავტორის, ჰომეროსის (და უკვე რეჟისორ ქრისტოფერ ნოლანის) „ოდისეა“ ნიუ იორკის კინოთეატრებში 16 ივლისიდანაა ხელმისაწვდომი. ფილმის გამოჩენამდე კრიტიკოსების ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს ავრცელებდნენ.
როგორც ყოველთვის, ქებას (და ძაგებასაც) ნახვა სჯობს.
პირველივე ჩვენებაზე ვიყიდე ბილეთი. სულ რაღაც 25 დოლარად და 79 ცენტად, რომ მენახა ის, რასაც საუკუნეებია გვიყვებიან პლანეტის უმამაცეს, გამჭრიახ და იღბლიან კაცზე – როგორ იბრძოდა და როგორ გადარჩა.
ფილმის რეცენზია ჩემი მიზანი არ არის, ეგ ისეთივე თავხედობა გამოვა, როგორც ჰომეროსის ძველი ტექსტების მარადიული ფაბულის კორექცია, თუმცა ორივე მოსალოდნელი ყოფილა.
ზოგიერთები ამბობენ, ეკრანიზაცია მას მოეწონება, ვინც ოდისევსზე არაფერი იცისო. ფილმის ნახვის შემდეგ, კრიტიკოსების ამ ნაწილს უფრო ვეთანხმები.
IMAX ტექნოლოგიით გადაღებული პირველი ფილმი ტექნიკურად საოცარი მოგზაურობაა, ამაღელვებელი სპეცეფექტებით, თითქმის უმაკიაჟო რეალობით, ხან ჩვეულებრივი კაცივით, ცოტა არაქარიზმატული, მოუწესრიგებელი მეფით, მსახიობებით გაპრიალებული თითების გარეშე, სადაც მელირება მხოლოდ შარლიზ სტერონს აქვს. ზენდაია კი სულ სამ-ოთხ ეპიზოდში რამდენიმე წუთით რომ ჩანს, პრეზენტაციაზე ბევრად უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე ფილმში.
ოდისევსის სპეცეფექტებით სავსე გზას რეჟისორი დროის სამ სარტყელში აჩვენებს: ტროას ომი (მოგონებებში), მოვლენები ითაკაში პენელოპესა და ტელემაქოსთან და სახლისკენ მოგზაურობა, რომელსაც ოდისევსი კალიფსოს უყვება.
რადგან ოდისევსზე ყველამ ყველაფერი იცის, სპოილერი სულ არ გამოვა, თუ გეტყვით, რომ ძირითადი ეპიზოდებში რაღაც სხვაც დამამახსოვრდა:
- ტროას ცხენი – ომის დასასრული, ქალაქში შეღწევის მოკლე ეპიზოდი და ტროას დაცემა. აქ წინააღმდეგობების დასაძლევად პროცესის მიყოლაც კი გონიერება შეიძლება აღმოჩნდეს;
- ციკლოპი პოლიფემოსი – ცალთვალა გიგანტთან შთამბეჭდავი შეხვედრა მღვიმეში გასწავლის, როგორ გაქვს ძალა მოერიო შენზე ძლიერ მტერს, თუ სწორად იპოვი მის სუსტ წერტილს;
- ლესტრიგონები – გიგანტების თავდასხმა ფლოტზე. უკან დახევის სტრატეგიის ეფექტსა და საჭიროებაზე დააფიქრებს მაყურებელს;
- კირკე (სამანთა მორტონი) – ჯადოქარი კუნძულზე, სადაც ოდისევსი და მისი ხალხი წელიწადს ატარებენ. ის მომენტია მეფის ამალა ჯადოქარმა ღორებად რომ აქცია და მოხერხებულმა ოდისევსმა ისევ შეძლო მათთვის ადამიანური ფორმის დაბრუნება. ამ ნაწილში სწავლობ, როგორ მართო ბოროტი ძალებიც კი და მიიღო შენთვის სასურველი შედეგი მოლაპარაკებებით;
- ჰადესი – ბრმა წინასწარმეტყველ ტირესიასთან (ჯეიმზ რემარი) საუბარი მკვდართა სამეფოში. მგონი, ამ ეპიზოდში ბერძენი ავტორი და ამერიკელი რეჟისორი გვარწმუნებენ, რომ დიდი მიზნისთვის შეიძლება ქვესკნელში ჩასვლაც კი (და შემდეგ ამოსვლა);
- ქალთევზები – ეს საკმაოდ ამაღელვებელი მომენტია, ანძაზე მიბმული ოდისევსი უსმენს მათ სიმღერას, გემის სხვა წევრებს კი ყურები ცვილით დაუცო და ასე გაუმკლავდნენ სიკვდილს. შენ კი გრჩება შანსი აღმოაჩინო, როგორ გადარჩე და როგორ გადაარჩინო შენი გუნდი დიდ ცდუნებებსაც კი;
- კალიფსო (შარლიზ თერონი) – შვიდწლიანი ტყვეობა კუნძულზე, ოდისევსი აქ შარლიზ სტერონის სილამაზეზე უარის თქმით, ჩვენც გვაფიქრებს, მიზანი სილამაზეს როგორ ვამჯობინოთ.
ახლა წერენ, „ოდისეა“ საუკეთესო გაგებით დაგატყვევებსო. ბევრი ინფლუენსერი გვირჩევს, ფილმის ნახვამდე აუდიო წიგნს მოუსმინეთ, ან უფრო ყოჩაღებმა წიგნი წაიკითხოთო. ყველა მართალია, რადგან რეჟისორი დიდ დროს უთმობს ოდისევსის „მაგიურ“ ხეტიალს. ასეთ ფანტასტიკურ სპეცეფექტებში კი 2 საათი და 52 წუთი არ გყოფნის სიცოცხლისა და სიკვდილის გასააზრებლად.
- ვინმეს შეუძლია მეთ დეიმონისთვის უკეთესად თვალყურის დევნება? ის მუდმივად იკარგება. იქნებ AirTag მიაბან?
- უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ცნობილი ადამიანები შეყარეს ერთად და დიდი წვნიანი გააკეთეს;
- ჰომეროსის ნაწარმოებზე ეს „ახალი ხედვა“ ისტორიული ვანდალიზმია.
ასეთი ენამწარე კომენტარებიცაა დატოვებული ფილმის ოფიციალურ ფეიჯზე.
The wall street Journal რეჟისორს იმაშიც აქებს, რომ 3000 წლის შემდეგ ხალხს აიძულებს წაიკითხონ კლასიკური ნაწარმოების შესახებ გუგლში მაინც.
აზრთა სხვადასხვაობაში ფილმმა გამახსენა მთავარი – ადამიანის მიზანდასახულობა და შრომა სტრატეგიის გარეშე სისულელეა. ახალი ამერიკის გამოგონება საჭირო არაა, როცა ოდისევსის ცხოვრებამ საუკუნეების წინ გვასწავლა – ზოგჯერ პირდაპირი გზა არაეფექტურია. ხან აუცილებლობაა გამოწვევებს გვერდიდან შეხედო. ცდუნებებმა რომ არ გაგიტაცოს, ყურები ცვილით ამოივსო, თუ მოწინააღმდეგე ციკლოპივით ძლიერია, საკუთარი ძალები დაზოგო. საჭირო მომენტში, ცხვრის ტყავიც კი უნდა მოირგო. როცა მორევი გითრევს, რაღაც შეიძლება გაწირო ნიჩბების ნაწილივით.
Must See აი, ამ კატეგორიის ფილმებში ჩაიწერება ეს ეკრანიზაცია. რამდენადაც ამაღელვებელია, იმდენად გულდასაწყვეტიც, რომ ფილმის სპეცეფექტებში ხეტიალი ადამიანური გამოწვევების ვერცერთი სიღრმისკენ ბოლომდე ვერ გიტაცებს. არსადაა ბრძოლის ფილოსოფიური მიზანი, ცხოვრების საზრისი, სიცოცხლის მიმზიდველობა, გამძლეობის უხილავი ძაფები…
ჩვენში დარჩეს და, ფილმში ოდისევსი ჰგავს კაცს სახლისკენ ძალიან რომ ეჩქარება, რათა ვიქენდზე ოჯახთან ერთად გავიდეს.
როგორც არ უნდა იყოს – ქრისტეს შობამდე დაწერილი ეს ღვთაებრივი ამბავი სულ შეგვახსენებს, რომ გამარჯვებამდე მისასვლელად არაერთი გზა არსებობს. მიზანდასახულობის გონიერება, მოქნილობის სირბილე და გამჭრიახობის ცბიერება ის საშუალებებია, მიზანს რომ ამართლებს.
თუ ჯერ გამარჯვებული არ ხარ, თუ ჯერ კიდევ იბრძვი, უნდა გაიხსენო ოდისევსი.