Batumelebi | საქართველოში  უკვე 132 500 ჰა  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია გასარწყვიანებული და დრენირებული საქართველოში  უკვე 132 500 ჰა  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია გასარწყვიანებული და დრენირებული – Batumelebi
RU | GE  

საქართველოში  უკვე 132 500 ჰა  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია გასარწყვიანებული და დრენირებული

ინტერვიუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორთან, ლევან დვალთან

როგორი მდგომარეობაა დღეისათვის ქვეყანაში სამელიროაციო მომსახურების გაწევის მხრივ?

უკანასკნელი 25–30 წლის მანძილზე, საქართველოში არსებული ვითარების გამო, ქვეყნის  მასშტაბით სამელიორაციო სისტემები მთლიანად მოიშალა, მწყობრიდან გამოვიდა და  ხშირ შემთხვევაში, სრულად განადგურდა.  მელიორაციის განვითარების კულმინაციისას საქართველოში 300 000 ჰექტარზე მეტი მიწა იყო წყაუზრუნველყოფილი. 2012 წლისათვის, კი,  წყალუზრუნველყოფილი ფართობი საქართველოში 45 000 ჰექტარს შეადგენდა.

13250529_1115564441800419_1031328264_n2012 წლიდან  მდგომარეობა შეიცვალა.  სოფლის მეურნეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადდა.  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, დარგის განვითარების სტრატეგიის  ერთ–ერთ მთავარ მიმართულებად  სამელიორაციო სისტემების აღდგენა–რეაბილიტაცია გამოაცხადა.  დაიწყო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფორსირებული დაფინანსება და მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკანასკნელ წლებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 120-ზე მეტი სარეაბილიტაციო პროექტი განვახორციელეთ. რეაბილიტაციის ფარგლებში სამუშაოებს ვატარებთ სამელიროაციო ინფრატსრუქტურრის ისეთ ობიექტებზეც, სადაც სამუშაოები ათწლეულებზე მეტია არ ჩატარებულა. დღეისათვის უკვე 104 000 ჰექტარი წყალუზრუნველყოფილი  სასოფლო-სამეურნეო მიწაა საქრათველოში და 28 500 ჰექტარზე ხდება ჭარბი წყლის მოცილება.

რითი გამოირჩეოდა 2015 წელი თქვენი კომპანიისათვის?

სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში 50-მდე სარეაბილიტაციო პროექტი განვახორციელეთ. მასშტაბურ სამუშაოებს ვატარებთ, ასევე, ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის ფარგლებში. ამ მხრივ მნიშვნელოვნად გაზარდა სამუშაოების ეფექტურობა კომპანიაში გატარებულმა სტრუქტურულ-ორგანიზაცულმა რეფორმამ, რომლის ფარგლებშიც მოხდა კომპანიის ტექნიკური მმართველობის დეცენტრალიზაცია.  მდინარეთა აუზების მიხედვით შეიქმნა 4 რეგიონალური დირექტორატი. კომპანია უფრო მოქნილი გახდა ადგილზე პრობლემების იდენტიფიცირების, გადაწყვეტილების მიღების და რეაგირების ნაწილში.

2015 წელს კომპანიაში გაიხსნა მობილური მელიორაციის სამსახური, რომლის არსებობაც სამელიროაციო ინფრატსრქუტურის განვითარების ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან გადასატანი აგრეგატების მეშვეობით ირწყვება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ისეთი ნაკვეთები, სადაც სატუმბი ინფრატსრუქტურის ამ ეტაპისთვის განუვითარებლობის გამო, წყლის მიწოდება ვერ ხერხდება. 200-მდე აბონენტს მოვემსახურეთ წინა სეზონზე ამ სამსახურის მეშვეობით. წელს მობილური მელიორაციის პარკი გავზარდეთ და შესაბამისად მობილური მელიორაციის მომსახურების არეალიც წელს გაიზრდება.

როგორ ხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა?

სამუშაოების დაგეგმვისას,  კომპანია ორიენტირებულია ისეთი ტერიტორიების წყალუზრუნველყოფაზე, სადაც მიწათმოქმედება უფრო აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენი მომსახურების მოთხოვნაც მეტია. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. სისტემატიურად ვხვდებით და  ვითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო პროცესების საჭიროებებთან დაკავშირებით.

როგორია თქვენი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების დინამიკა უკანასკნელ წლებში?

უკანასკნელ წლებში წყალზურუნველყოფილი მიწის ფართობის ზრდასთან ერთად იზრდება მომსახურების არეალიც. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, რომელზეც ჩვენი კომპანია აბონენტებს სარწყავ წყალს აწვდის. თუ 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე კომპანიამ წყალი მიაწოდა 34 600 ჰექტარ მიწის ფართობს, გასული წლის სარწყავი სეზონის განმავლობაში იგივე მომსახურება გავუწიეთ აბონენტებს 46 800 ჰექტარ მიწის ფართობზე. აქ მნიშვნელოვანია ერთი ასპექტი – უკანასკნელ წლებში დაიწყო ისეთი ობიექტების რეაბილიტაცია, რომლებზეც სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა და ათწლეულების განმავლობაში არ მუშაობდა სამელიორაციო სისტემები. ჩვენ გვყავს აბონენტები, რომლებიც ამბობენ, რომ თვითონ დაამუშავეს მიწა, ვინაიდან ხედავდნენ რომ  სამელიორაციო სისტემების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობდა. მაგრამ მათმა თანასოფლელებმა არა. ახლა როდესაც ნახეს, რომ ვინც მიწა დაამუშავა ჩვენი მომსახურებითაც ისარგებლა, აუცილებლად გეგმავენ მომავალი სეზონისათვის მიწის ათვისებას და მრავალწლიანი კულტურების მოყვანას. აი ამიტომ უნდა ჩატარებულიყო და უნდა ჩატარდეს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია ყველგან. სახელმწიფო ამით არა მხოლოდ მოქმედ მიწათმოქმედებას უწყობს ხელს, არამედ სტიმულს აძლევს და ხელს უწყობს აქტიური სასოფლო-სამეურნეო პროცესის აღდგენას.

ჩვენი კომპანიის სერვისებს შორისაა, ასევე, ტბორებისათვის წყლის მიწოდება, რომლებშიც მოსახლეობა თევზს აშენებს. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მონაცემებით ეს მზარდი ბიზნესია, ვინაიდან წელს 1 600-მდე ჰექტარ ტბორს მივაწოდეთ წყალი, რაც შარშანდელთან შედარებით 38%-ით მეტია. შპს „საქართველოს მელიორაციამ“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტების მართვის სააგენტოს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა თევზის მწარმოებელ ფერმერებთან კახეთში. ფერმერებს ინფორმაცია მივაწოდეთ აკვაკულტურის ახალი სისტემების, დარგის ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივების და სოფლის მეურნეობის განვითარების იმ ხელშემწყობი პროექტების შესახებ, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ ამ დარგში დასაქმებულმა ფერმერებმა.

13233367_1115564445133752_217350741_n

რა მიმართულებებით მუშაობთ კომპანიის განვიათარების მიზნით?

ჩვენს წინაშე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანა დგას. საირიგაციო მომსახურების ორგანიზება დიდ ძალისხმევას და ფინანსურ რესურსებს საჭიროებს. ათწლეულების განმავლობაში განადგურებული დარგის აღორძინებისათვის მნიშვნელოვანია, ასევე, კომპანიაში ბიზნეს პროცესების დახვეწა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ ვმუშაობთ კომპანიის მართვის კომპლექსური ავტომატიზაციის, კადრების კვალიფიკაციის ამაღლების, ტექნიკური პარკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფის მიმართულებით.

დარგის აღორძინების და ეფექტურობის ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანია წყლის მოხმარების მეთოდების განვითარებაც. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც სამელიორაციო სისტემები სრულად გამართულია, წყლის რესურსების ეკონომიურად მოხმარების საკითხი დგას. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ავითვისოთ ირიგაციის ისეთი თანამედროვე და დღეისთვის მსოფლიოში უკვე ადაპტირებული მეთოდები, რომელიც წყლის დაზოგვის საშუალებას იძლევა – წვეთური და დაწვიმებითი საირიგაციო სისტემები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ დაიწყო საინფორმაციო კამპანია ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობისათვის. ჩვენი მიზანია გავავრცელოთ ინფორმაცია და ცოდნა ამ მეთოდების შესახებ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ მოსახლეობამ შეაფასოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობები. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ვატარებთ შეხვედრებს და რეალური, პრაქტიკული მაგალითებით ვაცნობთ ხალხს ასეთი სისტემების გამართვის დეტალებს, იმ ეკონომიკურ სარგებელს, რომელსაც წყალმომხმარებლები მიიღებენ  ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გამოიყენებით. ამავე მიზნით, შარშან დავიწყეთ საპილოტე პროექტების განხორციელება კონკრეტულ საირიგაციო სისტემებთან მიმართებაში.  სამუშაოების დაწყებამდე პროექტები გავაცანით მოსახლეობას, გავუზიარეთ მათ ინფორმაცია ირიგაციის თანამედროვე მეთოდების უპირატესობების შესახებ და მათთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა ამ პროექტების განხორციელება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსახლეობა წვეთური მორწყვის სისტემებს გამოიყენებს.

საინფორმაციო კამპანიაში ჩართულები არიან სტუდენტებიც. ვინაიდან საქართველოში მელიორირებული მიწის ფართობი და, შესაბამისად, ჩვენი მომსახურების არეალიც იზრდება, დასაქმების პერსპექტივის თვალსაზრისით მელიორაციის დარგი ყოველწლიურად უფრო საინტერესო ხდება.  აქედან გამომდინარე ვცდილობთ,  აქტიური ურთიერთობა გვქონდეს დარგის მომავალ სპეციალისტებთან.  გარდა საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობისა, ჩვენი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით კომპანიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანიაში სტაჟირების გასავლელადაც ვიწვევთ. სტუდენტების უშუალოდ ჩართვა სამუშაო პროცესში,  ხელს უწყობს მათ მომავალი სპეციალობის არჩევაში. ჩვენი ინტერესი კი, მოტივირებული ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

დღეისათვის კომპანია საქართველოს მასშტაბით 27 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. ეს გარდამავალი პროქტებია, რომელთა ნაწილი 2016 წელს დასრულდება, ნაწილი კი 2017 წელს. 2016 წელს საქართველოს რეგიონებში 75-მდე სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყება.

მიუხედავად უკანასკნელ წლებში მიღებული შედეგებისა, კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. მსოფლიო ბანკის პროექტის ,,საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარება“ ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ირიგაციის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც აუცილებელია მელიორაციის დარგის განვითარებისათვის.

სამელიორაციო მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველგან, სადაც საჭიროებაა. ჩვენი მიზანია მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობმა 278 000 ჰექტარს მიაღწიოს, დაშრობა კი 105 000 ჰექტარზე მოხდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი