გიგა ავალიანი: ჯარი ჩემი ოჯახია!


წარმატებული ოფიცრის მორიგი მისია ავღანეთში

აფხაზეთიდან დევნილი ვარ, 9 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო. საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, რომ სამხედრო გამოვიდოდი. მაშინ არც ვფიქრობდი ამაზე.

ჩემი კუთხე დავკარგე, დავკარგე მამა, ბიძა, სახლი. როდესაც წამოვიზარდე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უნდა მემსახურა, – ასე იწყებს საუბარს საკუთარ არჩევანზე მაიორი გიგა ავალიანი.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკვე 17 წელია მსახურობს. მრავალი  ჯილდო აქვს მიღებული. გენერალ მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები, მედალი ლომგული და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო – ვახტანგ გორგასლის ხარისხის ორდენი. ახლა, მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის მეთაურია. მისი ქვედანაყოფი ახალი მისიისთვის ემზადება. გიგა ავალიანი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციაში 52-ე ბატალიონის მეთაურის რანგში  7 თვის განმავლობაში  იმსახურებს.

გიგა ავალიანს საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ნაყოფიერი გამოცდილება აქვს ერაყსა და ავღანეთში. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დროს გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის მიიღო. 33 წლის მაიორს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. ავღანეთში სამშვიდობო მისიით კიდევ ერთხელ წასვლა მისი ოჯახისთვის რთულია. ამ დროს მეუღლის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ციცინო პაპუაშვილი, მაიორ გიგა ავალიანის მეუღლე:  სულ მარტო ვარ თითქ­მის, მაგრამ მეამაყება, რომ გვერდით მყავს სამხედრო მოსამსახურე, ქვეყნის და ერის პატრიოტი.

მაიორ გიორგი ავალიანის  თანამებრძოლი და მეგობარი მაიორი ირაკლი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ 52-ე ბატალიონის მეთაურს სრულად აქვს გააზრებული  პასუხისმგებლობა და ქართველი ჯარისკაცები საიმედო ხელში არიან.

მაიორი ირაკლი კალანდაძე: „მაიორი ავალიანი მისაბაძი სამხედროა. 33 წლის არის და 17 წელია რაც შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. გამორჩეული იყო კურსანტობისას, გამორჩეულია ოფიცრობაშიც, სხვადასხვა ბრძოლაშიც, სხვადასხვა მისიაში. ჯარისკაცები არიან კარგი მეთაურის, კარგი ოფიცრების და კარგი სერჟანტების ხელში, რომლებმაც აუცილებლად ზედმიწევნით უნდა შეასრულონ მეთაურის მოთხოვნა, მითითებები და ყველაფერი წარმატებით შესრულდება.“

რამდენიმე კვირაში მაიორი გიგა ავალიანი სამხედრო მუნდირს მოირგებს და სამშობლოს ინტერესებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილზე, ავღანეთში დაიცავს.

მაიორი გიგა ავალიანი: „7 თვით მივდივართ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, სადაც ამოცანა გვექნება – ბაზა ბაგრამის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ვალდებულები ვართ ყველა დეტალი გავაანალიზოთ.“

ეს მისი ჯარისკაცული ცხოვრებაა…

მაიორი გიგა ავალიანი: ვერ წარმომიდგენია  ჯარის იქით თუ რაიმე შემეძლება არსებობდეს, იმ დონეზე მიყვარს ჯარი, შეიარაღებული ძალები და ჩემი ჯარისკაცები, რომ ჯარი ყველაფერია ჩემთვის – ჯარი ჩემი ოჯახია!“

გიორგი ავალიანი

გიორგი ავალიანი

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი