ერთად შევქმნათ ნამდვილი რეზერვი – ახალი კონცეფციის  განხილვა გრძელდება


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მობილიზაციის და რეზერვის ახალი კონცეფციის  საჯარო განხილვებს განაგრძობს. 29 მარტს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რიგით მეორე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა.

ჩვენი ამოცანაა ზაფხულის ბოლოს – სექტემბრისთვის საქართველოს აბსოლუტურად დასრულებული ვარიანტი შევთავაზოთ, მათ შორის ჩატარებული პირველი ფაზის ჩათვლით. ჩვენი გეგმაა, კონცეფცია მაისის ბოლოს დავასრულოთ. მაისის ბოლოს გვექნება დიდი ღონისძიება, სადაც ნატოს რეზერვის ოფიცრებიც ჩამოვლენ. მათთან და ქართველ ექსპერტებთან ერთად დოკუმენტს საბოლოო სახეს მივცემთ, რომელსაც ივნისში გამოვაქვეყნებთ. ზაფხულში ვგეგმავთ პირველი ექსპერიმენტული ფაზის გაკეთებას. სექტემბრიდან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თემა დახურულია, დისკუსიები დამთავრებულია და რეალურ მოქმედებაზე გადავდივართ, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

კონცეფციის ავტორი, პოლკოვნიკი შალვა ჩუბინიძეა. რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი. ავტორი ამბობს, რომ პირველი და აუცილებელი წინაპირობაა _ სოციალურ ცნობიერებაში დამკვიდრდეს „მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია, რომელიც ჩაანაცვლებს ე.წ. „რეზერვის კონცეფციას, ვინმეს ხედვას რეზერვის განვითარებაზე“ და ა.შ.. მისი განმარტებით, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა საქართველოს მოსახლეობაში, გეგმაზომიერი მუშაობითა და წვრთნებით ეტაპობრივად აღდგეს მისთვის ისტორიულად მახასიათებელი, მუდმივი მზადყოფნისა და განგაშზე სწრაფი რეაგირების უნარ-ჩვევები, სამშობლოსა და მოყვასის დასაცავად.

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი მაღალია. პოლკოვნიკი შალვა ჩუბინიძე პასუხობს შეკითხვებს, რომელიც კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დაისვა.

შესაძლებელია თუ არა მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის საბოლოო ფორმატის ჩამოყალიბებაში  გარეშე დაინტერესებულმა პირებმაც მიიღონ მონაწილეობა?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მტკიცე ნებაა უზრუნველყოს ფართო საზოგადოების აქტიური ჩართულობა შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვასა და საბოლოო ფორმატამდე დამუშავების პროცესში. ამის რეალიზება უკვე დაიწყო. 14 მარტს ვაზიანში და 29 მარტს კრწანისში გამართული საჯარო განხილვებით, რომლებშიც მონაწილეობდნენ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. ასევე, კონცეფცია დაიდო თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდსა (წწწ.მოდ.გოვ.გე) და ფეისბუქის გვერდზე, შეიქმნა ელექტრონული ფოსტა  სტრატცომ@მოდ.გოვ.გე,  სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  მოსაზრების  გამოგზავნა შეუძლია. აგრეთვე იგეგმება შეხვედრები და განხილვები სტუდენტებთან, ვეტერანებთან, დამსაქმებლებთან, ბიზნესსექტორთან.

რას გულისხმობს მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია?

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის“ მთავარი მახასიათებელია ის,  რომ უპირველესად ის ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო სისტემის აღდგენასა და განვითარებას, სამობილიზაციო რესურსებისა და სამობილიზაციო რეზერვების მართვისათვის სამოქალაქო სისტემებში მჭიდროდ ინტეგრირებული სტრუქტურების ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, კონცეფცია მოიცავს დაგეგმვისა და მართვის მოქნილ, სპეციფიკურ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა უმოკლეს დროში  საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში განხორციელებულ ცვლილებებს მოერგება და შესაბამისად უპასუხებს წარმოქმნილ ახალ გამოწვევებს;

შემუშავებულია სახელმწიფოსა და შეიარაღებული ძალების განკარგულებაში რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით და ეფუძნება ეტაპობრივად განვითარების პრინციპს;

არის სრულიად ავთენტური და არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნის ანალოგიური სისტემის ასლს, მიუხედავად იმისა, რომ მასში ფართოდაა გამოყენებული პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება.

ახალი კონცეფციის თანახმად, ვის შეეძლება იმსახუროს შეიარაღებული ძალების რეზერვში?

ახალი კონცეფციის მიხედვით შეიარაღებული ძალების რეზერვში შეიძლება იმსახუროს საქართველოს მოქალაქემ 18 წლის ასაკიდან, თუკი მისი ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობა შეესაბამება სამხედრო-სარეზერვო სამსახურში არსებულ მოთხოვნებს. რეზერვის სხვადასხვა კატეგორიისათვის ეს მოთხოვნები იქნება სხვადასხვა. ასაკის ზედა ზღვარზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს განხილვა (60 ან 65 წელი).

ეყრდნობა თუ არა ახალი კონცეფცია სხვა ქვეყნის პრაქტიკასა და მაგალითებს?

ახალი კონცეფციის შემუშავების დროს გამოყებულია NATO-სა და სხვა პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება. 2013 წლის ნოემბრიდან საქართველო გახ­ლავთ NAთO-ს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC- National Reserve Forces Committee) დამკვირვებელი წევრი, რაც იძლევა ზემოაღნიშნული ქვეყნების სამობილიზაციო და სარეზერვო სისტემებში მიმდინარე განახლებების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიღებისა და ტექნოლოგიების გაზიარების საუკეთესო საშუალებას.

რას შეუწყობს ხელს მობილიზაციისა და რეზერვის ახალი კონცეფციით ხელმძღვანელობა?

კონცეფციის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და დამტკიცება უპირველესად ახალი ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, უნდა გახდეს კონცეფციით გათვალისწინებული მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის ახალი მოდელის გამართული ფუნქციონირების გარანტი.

წახალისდებიან თუ არა ის მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო რეზერვში იმსახურებენ?

კონცეფციის თანახმად გათვალისწინებულია რეზერვისტთა წახალისება ანაზღაურებით და ჯილდოებით (კატეგორიების მიხედვით). გარდა ამისა, ეტაპობრივად დაინერგება დასაქმების ხელშეწყობისა და დამსაქმებლებთან დაინტერესებული თანამშრომლობის მექანიზმები. კანონმდებლობით გამყარდება რეზერვისტთა შრომისა და სოციალური დაცვის გარანტიები. რეზერვისტს მიეცემა საშუალება მიიღოს ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელსაც გამოიყენებს სამოქალაქო ცხოვრებაშიც. კონცეფცია საერთაშორისო წვრთნებსა და მისიებში რეზერვისტთა ეტაპობრივად ჩართვასაც (ნებაყოფლობით) ითვალისწინებს, შესაბამისად მათი დასაქმების კიდევ ერთ შესაძლებლობასაც.

რა სარგებელი ექნება ქვეყანას ახალი კონცეფციის თანახმად?

საქართველოს შეიარაღებული ძალები მიიღებენ სწრაფად გაძლიერებისა და შევსების მნიშვნელოვან პოტენციალს, ხოლო სამოქალაქო ხელისუფლების სტრუქტურები მიიღებენ ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირებისათვის საჭირო კომპეტენტურ და ძლიერ მხარდაჭერას.

საქართველოს მოსახლეობაში აღორძინდება და დამკვიდრდება გარე და შიდა გამოწვევებისათვის მზადყოფნისა და სწრაფი მობილიზაციის უნარი.

რეზერვისტი მოქალაქე აღჭურვილი იქნება კრიზისულ სიტუაციებში მოყვასისა და საკუთარი თავისათვის გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გასაწევად საჭირო ცოდნითა და უნარებით.

ქვეყანაში აღდგება სახელმწიფო-სამობილიზაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ომისა და კრიზისების დროს სახელმწიფო მართვის მექანიზმების სწრაფ და კოორდინირებულ რეაგირებას ქვეყნის მოსახლეობის, ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

რეზერვი

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი