Batumelebi | ქართული „დიდგორი“ არაბულ უდაბნოებს დალაშქრავს ქართული „დიდგორი“ არაბულ უდაბნოებს დალაშქრავს – Batumelebi
RU | GE  

ქართული „დიდგორი“ არაბულ უდაბნოებს დალაშქრავს

2016 წელი საქართველოში უმნიშვნელოვანესი სიახლით დაიწყო, საქართველო თანამედროვე სამხედრო ტექნიკის იმპორტიორი ქვეყანა გახდა. საზოგადოების სხვადასხვა წრეში ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად და ქართული სამხედრო ინჟინერიის გამარჯვებად შეფასდა, რადგან შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე უმსხვილესი კომპანიების წარმოებული თანამედროვე ჯავშანმანქანების გვერდით ქართული „დიდგორის“ გამოჩენა უდიდესი წარმატებაა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ საუდის არაბეთთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო ზემოაღნიშნულ ქვეყანას რამდენიმე ათეული ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას მიაწვდის, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიონამდე ლარია. ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირების ყველა ეტაპი და ფინალში ამერიკულ კომპანია LENCO- სთან ერთად გავიდა.

ჯავშანმანქანა სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების კლასს განეკუთვნება და ბრძოლის ველზე დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფადაა განკუთვნილი.

საქართველო საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2014  წლიდან ჩაერთო. ტენდერი თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების შესყიდვას ითვალისწინებდა. 2014 წლის 27 აგვისტოს საუდის არაბეთში „დელტას“ მიერ დამზადებული 4X4 სავალი ნაწილის ფორმულის მქონე დიდგორის უნიფიცირებული ჯავშანმანქანა გაიგზავნა. სულ ტესტირებაში  სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა მონაწილეობდა: Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco, bearcat. საველე ტესტირებებისას ადგილობრივი მძღოლ-მექანიკოსების მიერ ჯავშანმანქანა სხვადასხვა რელიეფის პირობებში გამოიცადა –  მათ შორის: მანევრირება მაღალ და დაბალ სიჩქარეებზე, მუხრუჭების, აჩქარების, მაქსიმალური სიჩქარის ტესტი, გამავლობის შემოწმება მაღალმთიან და უდაბნოს პირობებში, ძრავისა და სავალი ნაწილების მაქსიმალური დატვირთვის შემოწმება 40-კილომეტრიანი გარბენის პირობებში ზღვრულ სიჩქარეებზე.

დელტა

დელტა

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი