Batumelebi | ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის – 1921 წლის თებერვალი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის – 1921 წლის თებერვალი – Batumelebi
RU | GE  

ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის – 1921 წლის თებერვალი

ივანე ჯავახიშვილის მიმართვა სტუდენტებს!

ივანე ჯავახიშვილი

ივანე ჯავახიშვილი

შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ“.

25 თებერვლის ღამე მოგონებები ბრძოლის ველიდან

ტაბახმელაზე საშინელი ქარი ქრის. ხვეტავს და პირში გვაყრის ხორხოშელასა და თოვლს. თხელ ფარაჯებში გახვეულნი, გაყინულნი, გულდასმით ვდარაჯობთ კუთვნილ სივრცეს. სასროლად გამზადებული თოფები ხელში გვიჭირავს. ოთხნი ვართ: მათიკაშვილი, სომხიანცი, ანდრონიკაშვილი, ლომკაცი, 21 წელს არც ერთი ვართ გადაცილებულნი, ტანითაც დაბალი და სუსტი აგებულებისანი ვართ, ყველაზე ჯმუხი სომხიანცია, ქართველთა ერთგული და გულადი სომეხი.

ტაბახმელის რაიონის ერთ ტრანშეაში 40 ჯარისკაცია. მათ კაპიტანი ყიფიანი მეთაურობს. უცბად, ტრანშეას თავს დაესხა წითელი რაზმი. თითქმის ალყაში მოაქცია. რიცხობრივად, მათ შორის, უშველებელი სხვაობაა, მაგრამ ქართველები არ ნებდებიან. იმედოვნებენ, დახმარება მოუსწრებთ, ეს იმედი ამაოა. ქართველთა რაოდენობა სწრაფად კლებულობს. რჩება მხოლოდ ფეხზე მდგომი ხუთი ჯარისკაცი და მათი კაპიტანი. ბოლშევიკები ტრანშეას იღებენ. ხუთი გადარჩენილი რწმუნდება, რომ დამარცხება გარდაუვალია. ისინი ერთმუშტად იკვრებიან. კაპიტანი მათგან ცოტა მოშორებით აღმოჩნდა, მას არც გაქცევა სურს და არც ცოცხლად მტრის ხელში ჩავარდნა. მკერდზე რევოლვერს მიიდებს და ერთიმეორის მიყოლებით ტყვიებს დაიხლის. სასწაული! კაპიტანს სიკვდილი არ ეკარება. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რომ სიცოცხლე მოისწრაფოს. უეცრად, ვიღაცამ უსწრაფესად ხელიდან გამოგლიჯა რევოლვერი. ეს სამხედრო სკოლის კურსანტები გამოჩნდნენ დასახმარებლად. კურსანტებმა მტერი უკუაგდეს.  ტრანშეა ბოლშევიკებისაგან გაწმინდეს.

ნ. მათიკაშვილისა და მ. კვალიაშვილის მოგონებებიდან

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი