Batumelebi | ქართველები ავღანეთის „ცხელ მიწაზე“ ქართველები ავღანეთის „ცხელ მიწაზე“ – Batumelebi
RU | GE  

ქართველები ავღანეთის „ცხელ მიწაზე“

საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნის გარეშე მტრისაგან დაცვაა. მაგრამ, როცა საქართველო ამდენი გამოწვევის და პრობლემის წინაშე დგას, ჩვენი ქვეყნის ათასამდე ჯარისკაცი, შორეულ ავღანეთში, NATOწევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მისიას ასრულებს. რა თქმა უნდა, იბადება კითხვა, რა გვინდა ავღანეთში, მაშინ, როდესაც ჩვენ ირგვლივ და ჩვენს რეგიონში ამდენი პრობლემაა და ახალი გამოწვევები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იჩენს თავს.

საქართველო ავღანეთში NATO -ს ეგიდით წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში 2004 წლიდან ჩაერთო. შესრულდა 16 საბატალიონო როტაცია. „ავღანური გამოცდილება“ მიიღო 8000-მდე სამხედრო მოსამსახურემ. სამწუხაროდ, დაიღუპა 31 ჯარისკაცი, ათობით მეომარი კი  მძიმედ დაიჭრა.

ავღანეთის სამხედრო მისიამდე საქართველოს შეიარაღებული ძალები აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო მისიებში კოსოვოში (1999 _ 2008 წ), ერაყში (2003 _ 2008წ). XXI საუკუნის ამ უმნიშვნელოვანესი კონფლიქტების გადაჭრის დროს, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად, ამაყად ფრიალებდა საქართველოს დროშა. ქართველმა ჯარისკაცებმა საქართველოსა და დასავლეთს შორის ხიდების გადებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს.

თანამედროვე გლობალურმა გამოწვევებმა, საერთაშორისო ტერორიზმის აღზევებამ  კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არ არსებობს „სხვისი ომი, არ არსებობას ,,სხვისი პრობლემები’’. ტერორისტების უმოწყალო ქმედებებმა, ლტოლვილების მილიონიანმა ნაკადმა ყველას დაანახვა, რამდენად გადაჯაჭვულია დიდი და პატარა ქვეყნების ინტერესები, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოება დღევანდელ დღეს.

საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გაუარესება, რომლის ახალი ფაზაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით დაიწყო და ყირიმის, აღმოსავლეთ-სამხრეთ უკრაინის და სირიის მოვლენებით გაგრძელდა, საქართველოს  რთული არჩევანის წინაშე აყენებს: ის, ან უნდა დაუბრუნდეს აღმოსავლური ტირანიის, ავტორიტარიზმისა და სიღარიბის მოდელს, ან გახდეს დასავლური ცივლიზაციის ნაწილი _ გააგრძელოს ბრძოლა ძლიერი, ერთიანი, ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის.

ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ახლა NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ დგანან, კვლავ თავიანთ მთავარ ამოცანას ასრულებენ _ იქაც საქართველოს მშვიდობას იცავენ. შორეულ ავღანეთში საფუძველი ეყრება  ერთობას, რომელიც მომავალში ჩვენი უსაფრთხოების გარანტი იქნება და რაც ასე გვჭირდება. ჩვენი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები უნიკალურ საბრძოლო გამოცდილებას იღებენ, თუ როგორ უნდა აწარმოონ სამხედრო ოპერაციები ახალ რეალობასა და პირობებში. ჩვენი ოფიცრები და სერჟანტები იღრმავებენ ცოდნას იმ ურთულეს ოპერაციებში, რასაც ჰქვია არაკონვენციური ომის წარმოება. სადაც ხიშტების რაოდენობა და საცეცხლე ძალა კი არ წყვეტს ყველაფერს, არამედ, ბრძოლა ადგილობრივი მოსახლეობის „გულის და გონების“ მოსაგებად.

ქართველი ჯარისკაცი ამ ოპერაციებში მხოლოდ მეომარი არ არის. ის  საქართველოს ელჩი და წარმომადგენელია. ქართველებმა არაერთხელ დაიმსახურეს მაღალი შეფასება პროფესიონალიზმისა და ეთიკური საქციელისთვის. მათ არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას დაანახვეს, ვინ არის ქართველი ჯარისკაცი, არამედ NATO -ს წევრ ქვეყნებსაც შეუქმნეს წარმოდგენა ჩვენი ჯარის და ქვეყნის შესახებ. NATO -ს ნებისმიერი დონის შეხვედრაზე ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი, რომელზეც დაყრდნობა ნებისმიერი გამოწვევების დროს შეიძლება. ავღანეთის სამხედრო ოპერაციების ქარიშხალში იწვრთნება და იზრდება ქართული ჯარის ოფიცერთა და სერჟანტთა კორპუსის ახალი თაობა  _  საქართველოს შეიარაღებული ძალების ხვალინდელი დღე. ქართველ ჯარისკაცებს ეს უნიკალური გამოცდილება მთელი სამხედრო კარიერის განმავლობაში გაჰყვება და  სამშობლოს დაცვაში დაეხმარება.

ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში ყოფნის დროს, ქართულმა ქვედანაყოფებმა „თალიბებთან“ ბრძოლისას, კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს საკუთარ თავსა და მთელ მსოფლიოს, რა არის თავდადება და სიმამაცე. დაიმსახურეს ქება არა მხოლოდ კოალიციის წევრი პარტნიორებისგან, არამედ მტრისგანაც. რადიოგადაჭერების დროს ხშირად ისმოდა როგორ აფრთხილებდნენ „თალიბები“ ერთმანეთს „სადაც ქართველები დგანან, იმ ტერიტორიებს მოერიდეთ, იქ ვერ გახვალთ!“

ავღანეთში სამხედრო ოპერაციების დროს  31 ქართველი მეომარი დაიღუპა. ისინი იმ ქართველი გმირების განუყოფელ ნაწილად იქცნენ, რომლებიც შორეული დროიდან დღემდე იცავდნენ და ეწირებოდნენ საქართველოს თავისუფლებას. მათი გმირობა ტოლფასია ჩვენი იუნკრების გმირობისა, ვინც 1921 წელს კოჯორში თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. საქართველოს დღევანდელმა შეიარაღებულმა ძალებმა წინაპრებისგან მიიღო ესტაფეტა, რათა შეინარჩუნოს და დაიცვას საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

ავტორი: პოლკოვნიკი, ნიკოლოზ ჯანჯღავა

ქართველები ავღანეთის ,,ცხელ მიწაზე’’

ქართველები ავღანეთის ,,ცხელ მიწაზე’’

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი