რეკლამა

ფინანსური „დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობამდე“ – ბათუმში „ბიზნესსაინფორმაციო ცენტრი“ მცირე ბიზნესიდეების დაფინანსების ხელშეწყობისთვის

14.05.2016 • 2072
ფინანსური „დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობამდე“ – ბათუმში „ბიზნესსაინფორმაციო ცენტრი“ მცირე ბიზნესიდეების დაფინანსების ხელშეწყობისთვის

აჭარის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა არც ისე ცოტაა. ექვსი ათასზე მეტი ადამიანი მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილია, ეკომიგრანტ ოჯახთა სტატისტიკა კი ჯერ კიდევ არ არსებობს. წლებია ამ ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას  სახელმწიფო ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს, დევნილებს ყოველთვიურად მიზერული დახმარება ერგებათ, ამიტომ მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველთა კატეგორიაშია.

წლების განმავლობაში იძულებით გადაადგილებული პირები ცდილობენ ოჯახები ფინანსურად უზრუნველყონ, თუმცა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და ქვეყანაში უმუშევრობის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ რთულია მათთვის.

13187724_1269557186389581_1242427917_nნანა ლეჟავაც დევნილია. იგი თამარის დასახლებაში, სადაც 3000 დევნილისთვის სახელმწიფომ კორპუსები ააშენა, 2012 წლიდან ცხოვრობს. ნანა გვიყვება, რომ წლებია ნამცხვრის ცხობით ირჩენს თავს: „ხოფის ბაზრობაზე ვვაჭრობდი, იქ ერთი ქალი ნამცხვრებს ყიდდა ყოველდღიურად. ერთხელ მეც ვიყიდე და როცა გავსინჯე, გავიფიქრე, ამაზე უკეთესად მე გამოვაცხობ ნამცხვრებს-მეთქი. მეორე დღეს გამოვაცხვე  ნამცხვარი და წავიღე გასაყიდად. მოეწონათ, ხშირად მიკვეთავდნენ და ყიდულობდნენ ჩემგან ნამცხვრებს. ასე აეწყო ჩემი პატარა ბიზნესი, რომელსაც ისეთი მწირი შემოსავალი ჰქონდა, რომ ოჯახის ელემენტარულ ხარჯებს ძლივს ვწვდებოდი. ელექტროენერგიის ფასმა რომ მოიმატა, მაშინ გავაჩერე  ცხობა, ძალიან დიდი გადასახი მქონდა და გადავწყვიტე, როგორმე გაზის ქურა მეშოვა. ეს კი ჩემი ფინანსური რესურსით შეუძლებელი იყო“.

მსგავსი ისტორია აქვს რიტა ბოჯგუასაც. იგი ნანას მეზობელია, ისიც ვაჭრობით ირჩენდა თავს, თუმცა არასაკმარისი ტექნიკური საშუალებების გამო მისი შემოსავალი ხარჯებს ძლივს წვდებოდა.

ქალბატონები იხსენებენ, რომ რამდენიმე თვის წინ მათთან ჰუმანიტარული ცენტრიდან,  „აფხაზეთიდან“ მივიდნენ. ორგანიზაციის წევრებმა მათ ბიზნესიდეების დაფინანსებაში ან უკვე არსებული ბიზნესის გაფართოებაში დახმარება შესთავაზეს. ამასთან, ბიზნესპროექტების დაწერაშიც გაუწევდნენ კონსულტაციას.

„გაგეცინებათ და, თავიდან ვერაფრით დავიჯერეთ, რომ ასე უსასყიდლოთ დაგვეხმარებოდნენ. ეჭვის თვალით ვუყურებდით, ვეკითხებოდით ბიზნესიდეას რა პროცენტში დაგვიფინანსებდნენ და ა.შ. რაღაც ბანკის მსგავსი გვეგონა. ვერც კი წარმოგვედიგინა, რომ შესაძლებელია პროექტი დაწერო და ბიზნესიდეა დაგიფინანსონ. ისიც არ ვიცოდით, როგორ უნდა დაგვეწერა ან სად უნდა შეგვეტანა.  რაღაცა პერიოდის შემდეგ კი ნდობა გაძლიერდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენმა ერთმა მეზობელმა ბიზნესპროექტი შეიტანა და დაუფინანსეს“, – იხსენებს ნანა ლეჟავა.

„ამის შემდეგ ყველა ჩავერთეთ საქმეში, დავიწყეთ ოფისში სიარული, სადაც არაჩვეულებრივი ადამიანები დაგვხვდნენ. ისინი ყველაფერში გვეხმარებოდნენ, გვასწავლიდნენ რა შემთხვევაში იქნებოდა ბიზნესი მომგებიანი, როგორ უნდა დაგვეწერა ეს გეგმა, როგორ დავრეგისტრირებულიყავით ოფიციალურად. ახლა უკვე ინდმეწარმე ვარ და 4 სახის აჯიკას ვაწარმოებ, ვაფასოებ და ისე ვაწვდი მომხმარებელს. ძალიან მოსწონთ რესტორნებში, სადაც ჩემს ნაწარმს ვაბარებ. ადრე ხელით მცირე რაოდენობის, ერთი სახის აჯიკას ვაკეთებდი. ახლა ავიღე გრანტი, ვიყიდე ელექტროსატარებლები, გავარემონტე სახლის ერთი ოთახი, სხვა ტექნიკაც შევიძნე და უკვე შემიძლია იმდენი პროდუქტი ვაწარმოო, რამდენსაც შემიკვეთავენ და რა სახისაც“, – ამბობს რიტა.

რიტამ და ნანამ, სხვა მეზობლებთან ერთად, გრანტის სახით 500-500 ევრო მიიღეს და ამ თანხით საჭირო ინვენტარი შეიძინეს. ამბობენ, რომ ეს მათი საქმისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი იყო და მომავალშიც აპირებენ სხვადასხვა ორგანიზაციის გრანტებით ისარგებლონ.

რიტა ბოჯგუა და ნანა ლეჟავა ჰუმანიტარული ორგანიზაცია „აფხაზეთის“ ბენეფიციარები არიან. ინფორმაციას სხვადასხვა გრანტის შესახებ მათ ორგანიზაციის „ბიზნეს საინფორმაციო ცენტრში“ აწვდიან, რომელიც ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს.  აქ მისულ ნებისმიერ დევნილს, ეკომიგრანტს, შშმ ომის ვეტერანს და ბათუმელებს, რომლებიც მათ დაასაქმებენ, ყველა სახის კონსულტაციას გაუწევენ.

13214792_1269557249722908_1242431283_o„ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი – „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც  ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირი უწევს. პროექტის- „დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“ მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების უზრუნველყოფით. პროექტის ფარგლებში დევნილებისთვის და ბათუმელებისთვის, როგორც მასპინძელი თემის წევრებისთვის, სამი ტიპის ბიზნესგრანტი გაიცა, 2000 და 4000 ევროს ღირებულების.

„ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი“ აგრძელებს მუშაობას. მისი მიზანია, საარსებო წყაროების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სათემო ორგანიზაციების გაძლიერება. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში გრანტების გაცემა დასრულდა, თუმცა „ბიზნეს საინფორმაციო ცენტს“ აქვს მონაცემთა ბაზა, სადაც შესულია ინფორმაცია ყველა გრანტის გამცემი ორგანიზაციის შესახებ, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის.

13227950_1269557313056235_956889706_n„ბიზნეს საინფორმაციო ცენტრში“ კონსულტაციას უწევენ იქ მისულ მცირე ბიზნესიდეების მქონე პირებს და აწვდიან ბაზას, სადაც განთავსებულია ინფორმაცია გრანტებსა თუ კონკურსებზე.

ასე რომ, თუ თქვენ დევნილი, ეკომიგრანტი, შშმ ომის ვეტერანი ან უბრალოდ ბათუმელი ბრძანდებით, შეგიძლიათ ამ მომსახურებით უფასოდ ისარგებლოთ და თქვენი მცირე ბიზნესის გაფართოებისთვის ან ახალი ბიზნესიდეის განხორციელებისთვის ყველა სახის დახმარება და ინფორმაცია მიიღოთ.

ბათუმის ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი
მის: ქ. ბათუმი, გამსახურდიას ქ. 13
ტელ.: +995 593 730 293 / +995 592 908 258

13214391_1269557439722889_1497006483_o13246018_1269557489722884_864778938_n
13236257_1269557473056219_1109460739_n

პროექტის ჩარჩო ინფორმაცია: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“. ქ. ბათუმში ცენტრი „აფხაზეთის“ პარტნიორია ორგანიზაცია ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, რომელიც მართავს ბიზნეს საინფორმაციო ცენტრს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: