რეკლამა

JTEC – ახალი ფაზა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში

15.02.2016 • 1705
JTEC –  ახალი ფაზა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში

ზუსტად ექვსი თვის წინ  ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი სასწავლო ცენტრი ( JTEC) დაფუძნდა. იქ, სადაც ერთ დროს საბჭოთა საწვრთნელი პოლიგონი იყო და სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც ჩამოდიოდნენ, რათა ტერიტორია, როგორც საბჭოთა  საწვრთნელი პოლიგონის ნიმუში, დოკუმენტური ფილმებისთვის გადაეღოთ. გზა პოლიგონ იაღლუჯიდან ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრამდე  ნატო-საქართველოს ურთიერთობების, პრაქტიკულად, ყველა ეტაპს მოიცავს.

საქართველოსა და ნატოსთვის JTEC -ის მნიშვნელობა რომ გავიაზროთ,  აუცილებელია ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიულ ჭრილში განხილვა და, ამ კონტექსტში,  იმ მოლოდინების იდენტიფიცირება, რომელიც წვრთნისა და შეფასებების ერთობლივ სასწავლო ცენტრს უკავშირდება.

საქართველოს პირველი ნაბიჯი ალიანსისკენ 1992 წელს, ჩრდილოატლანტიკური  თანამშრომლობის საბჭოში გაწევრიანება იყო. მას შემდეგ თითქმის საუკუნის მეოთხედმა განვლო. ამ, ერთი შეხედვით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მრავალი  შეხების წერტილი გამოიკვეთა. ურთიერთობები უფრო ინტენსიური, საინტერესო და  ურთიერთსასარგებლო გახდა.

ამას გარდა, განხორციელდა არაერთი პროგრამა,  ჩატარდა არაერთი  სწავლება თუ წვრთნა, რომელიც 1994 წელს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამით (PFP) დაიწყო და 2014 წლის სექტემბრის უელსის სამიტზე „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ მიღებით  დასრულდა.

არსებითი პაკეტი ცამეტი ქვეპროგრამისაგან შედგება: ლოგისტიკა, სამხედრო პოლიცია, უსაფრთხო და სტრატეგიული კომუნიკაციები, საზღვაო უსაფრთხოება, შესყიდვები, კიბერთავდაცვა, ავიაცია, საჰაერო თავდაცვა, სპეცდანიშნულების ძალები, სტრატეგიულ-ოპერატიული დაგეგმვა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და, რა თქმა უნდა, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC).

JTEC  ნატოს არსებობის­ ისტო­რი­აში უპრეცედენტო პროექტია, რომელსაც  ალიანსი პარტნიორ ქვეყანასთან ერთად ახორციელებს და სადაც ნატოს 10 წევრი ქვეყნის ამდენივე ოფიცერი  მუდმივად იქნება წარმოდგენილი. მათ არ ექნებათ დამკვირვებლის სტატუსი, დაინიშნებიან კონკრეტულ თანამდებობებზე და განესაზღვრებათ  კონკრეტული პასუხისმგებლობები.

ცენტრის ჩამოყალიბება ნატო-საქართველოს ურთიერთობების ახალი, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფაზის დაწყებაზე მიუთითებს, რომელიც  საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მექანიზმია. მისი  წარმატებული ფუნქციონირება  საქართველოს ნატოსთან ოპერატიულ დონეზე თავსებადობის მზაობას დაადასტურებს, რომელიც ტაქტიკურ დონეზე თავსებადობის შემდგომი ეტაპია. ეს უკანასკნელი გამოცდა კი, საქართველომ მსოფლიოს სამ კონტინენტზე წარმატებით ჩააბარა _ 1999 წლიდან დაწყებული, როდესაც პირველი კონტინგენტი გააგზავნა კოსოვოში, შემდეგ ავღანეთში, ერაყში და ცენტრალურ აფრიკაში. ეს არაერთხელ აღუნიშნავთ ნატოს,  გაეროს თუ სხვა წამყვანი ორგანიზაციების წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სხვადასხვა დონის ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე.

სწორედ,  სხვადასხვა მისიაში მონაწილეობამ გახადა მიმზიდველი თანამშრომლობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან. .

მისიებში მონაწილე ოფიცრების, სერჟანტებისა და კაპრალ-რიგითების პროფესიონალიზმი აყალიბებს და ამყარებს ნდობას ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და სხვა მოკავშირე ქვეყნებს შორის. ეს ნდობა კი საბოლოო წარმატების მისაღწევად მეტად მნიშვნელოვანია.

იმედია, JTEC ღირსეულად ჩაებმება დაწყებულ დიდ საქმეში  და კიდევ ერთ წარმატებულ ფურცელს ჩაწერს ქართული ჯარის ისტორიაში.

ავტორები: პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი დუმბაძე

jtec

jtec

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი