კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

„ნეტავ ბიჭი ყოფილიყო“ – დისკრიმინაცია სქესის ნიშნით

14.09.2017 • 5430
„ნეტავ ბიჭი ყოფილიყო“  – დისკრიმინაცია სქესის ნიშნით

ავტორი: მარიკა ფუტკარაძე, სტუდენტი 

ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში გავიზარდე, სადაც საღამოობით იშვიათად თუ დაინახავთ მოსეირნე წყვილებს ან გოგონებს. გასართობი ადგილი თითქმის არ გვაქვს, სამაგიეროდ რამდენიმე საფეხბურთო მოედანია, სადაც მხოლოდ ბიჭები თამაშობენ არა იმიტომ, რომ გოგონებს არ უნდათ თამაში, უბრალოდ ბიჭების აზრით, მოედანი მათ ეკუთვნით და ჩვენც არ ვიქმნით პრობლემებს. სკოლაც ამ უბანში დავამთავრე. სკოლიდან მხოლოდ ბულინგზე დამრჩა მოგონებები და რამდენიმე მეგობარი, რომელთანაც დღემდე ვაგრძელებ ურთიერთობას.

რაც დრო გადის, უფრო ვაცნობიერებ, რამდენჯერ ვყოფილვართ მე და ჩემი კლასელი გოგონები სქესის ნიშნით დისკრიმანაციის მსხვერპლი არა მხოლოდ კლასელი ბიჭების, არამედ პედაგოგების მხრიდანაც.

გასულ წელს მაღალმთიანი აჭარის ბევრ სკოლაში ვიყავი და რეალობა შედარებით განსხვავებული დამხვდა. დღეს გოგონები ცდილობენ თავიანთ პრობლემებზე საუბარს, რაც ჩემს კლასში იშვიათად ხდებოდა. ძალიან ბევრმა მითხრა, რომ ყველაზე მეტად უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება სურთ. არ ვიცოდი რა მეთქვა მათთვის, რადგან ვიცი, რომ უნივერსიტეტშიც შესაძლებელია იგივე რეალობა ნახონ.

პოლონეთში ჩეხ გოგოსთან ერთად ვცხოვრობ. პირველად თვითონ მითხრა, რომ ცოტა რთულია ჩეხეთში ცხოვრება, თუ გარკვეულ ასაკში ქალს შვილები ან ქმარი არ ჰყავს. მალევე გამახსენდა სკოლაში მოსმენილი ფრაზა – „ქალი პატრონს უნდა ჩაბარდეს“  და არ მახსოვს რა ვიგრძენი, გავბრაზდი ალბათ. არასდროს მიფიქრია, რომ პატრონს ვსაჭიროებდი ან აუცილებლად შვილები უნდა მყოლოდა.

შეიძლება ბევრს გაეცინოს და თქვას, რომ მსგავს ფრაზას უკვე აღარ ამბობენ, მაგრამ თუ დააკვირდებით, აუცილებლად დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ქალებს მხოლოდ სამზარეულოში ხედავენ და დაინახავთ ქალებს, რომლებიც ფიზიკურადაც შრომობენ, სახლსაც ალაგებენ და ქმარ-შვილსაც უვლიან.

პირველად, როცა ჩემმა ნათესავებმა გაიგეს, რომ ერთი წელი პოლონეთში უნდა მეცხოვრა სრულიად მარტო, დანაღვლიანებულებმა უთხრეს ჩემს მშობლებს: ნეტავ ბიჭი ყოფილიყოო. არ ვიცი ჩემმა მშობლებმა რა იფიქრეს, მაგრამ მე გამეცინა, რადგან ცხოვრებაში პირველად ვიამაყე საკუთარი თავით მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ, რადგან თამამად შემიძლია ვიცხოვრო მარტო და ვიყო დამოუკიდებელი. არ ვიცი რატომ დანაღვლიანდნენ ჩემი ნათესავები, მაგრამ ფაქტია, ქალებს გვიწევს დამტკიცება, რომ შეგვიძლია ვიყოთ დამოუკიდებლები.

ვარშავაში ყოფნისას ერთი ქალი გავიცანი, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით ადამიანის უფლებებზე. რა თქმა უნდა, ვკითხე 2016 წლის საპროტესტო აქციაზე, რომელიც აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ეხებოდა. გამიმართლა, იგი აქციის მონაწილე აღმოჩნდა და საინტერესოდ აღმიწერა რა ხდებოდა იმ პერიოდში პოლონეთში, კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებაზეც მომიყვა. ბევრი საერთო აღმოვაჩინე. გავაცნობიერე, რამდენად დიდი ძალა აქვს იდეისთვის ერთად ბრძოლას. 2016 წლის 3 ოქტომბერს 6 მილიონი ქალი იდგა ვარშავის ცენტრში. პოლონელი მარტა ჩემთვის დარჩება ქალად, რომელმაც მითხრა:  „მე აქციაზე სხვა ქალების გამო ვიდექი და არ მეშინოდა.“

ფოტოზე: მარიკა ფუტკარაძე

________________

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: