კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

სახლი, რომელსაც სული აქვს

19.05.2017 • 13276
სახლი, რომელსაც სული აქვს

ავტორი: ნათია ზოიძე

სულაც არ იყო ეს ქუჩები ვიწრო ბათუმში, ყოველ შემთხვევაში, ის ქუჩა, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ. ამ ქუჩაზე მატარებლის ძველი სადგური იყო, თუმცა ქუჩა რა შუაშია?! უბრალოდ, აქ ის სახლია, ერთსართულიანი, ქვითკირის, კრამიტის სახურავითა და ხის ლურჯი კარით.

მანანა ქველიაშვილის ფოტო

 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ამ სახლს ბავშვობიდან ვუთვალთვალებ. ეს მე ვიყავი თმაგაწეწილი პატარა გოგო, ამ სახლს რომ ჩაუვლიდა და თვალები უნათდებოდა. მივიპარებოდი სახლის ახლოს, ვარდების ბაღთან, გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა, თითქოს უფროსებმა ბლის ქურდობაზე წამასწრეს და ვიყურებოდი ფანჯრებისკენ, მაშინაც კი, როცა ხის მაღალ ფანჯრებს ხისავე დარაბები ფარავდა. ვუცქერდი მანამ, სანამ ცერებზე აწეულს მუხლები ამიკანკალდებოდა და კისერი მომეღრიცებოდა. ბაღიდან მხოლოდ ჭაღს ვხედავდი, რომელიც ჩვენი სახლისას არ ჰგავდა, ოქროსფერი იყო, მაგრამ არ ბზინავდა, ჭაღზე დაკიდული შუშის მძივები კი თითქოს მზეზე ელვარებდა, სხივებს ირეკლავდა და ამ სახლის ამბავი ჩემთან გამოჰქონდა.

ასე, თითის წვერებზე მდგარს, ბევრჯერ მიოცნებია კარი გაღებულიყო და დამენახა, როგორი იყო ეს მისტიური სახლი შიგნით? სად იდგა სასადილო მაგიდა? ვფიქრობდი, რომ ამ სახლის ინტერიერი, ალბათ, განსხვავდებოდა კორპუსის ბინის უინტერესო, ერთფეროვანი ოთახებისგან.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. იყო დრო, როცა ამ ქალაქში აღარ ვცხოვრობდი და სამი წლის წინ, ბათუმში რომ დავბრუნდი, სამსახურისკენ მიმავალმა სახლს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ისევ ჩავუარე. ხის კარები ლურჯად იყო შეღებილი, ყველა ჩუქურთმა ამოვიცანი. ჯერ მეხამუშა, შემდეგ შევეჩვიე. ახლა ჩემი სახლიც და სამსახურიც ამ ქუჩაზეა, ვაკვირდები და ვხედავ, რომ დარაბებს აღებენ და ხურავენ, აქ ისევ ცხოვრობენ, არც მიტოვებულია, არც გაყიდული და კორპუსის ასაშენებლად განწირული. ბაღიც ისევ ისაა, ხის ფანჯრებიც და დარაბებიც.

ეს ერთსართულიანი სახლი უკვე საუკუნეზე მეტი ხნისაა და ჩემთვის მისი კარი ახლა, ამ სტატიის მომზადების წინ გაიღო.

მანანა ქველიაშვილის ფოტო

 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მასპინძელი ირა ლურჯ კარს აღებს. კიბით სიმაღლეზე ავდივარ. პირველ კულტურულ შოკს სადარბაზო და მისი ჭერი იწვევს, წიგნის ფურცლები რომ სიძველისგან გაყვითლდება, აი, ის ფერია. არა, მგონი მეშლება, უფრო მიმქრალი ცისფერი დომინირებს თუ მწვანე?! სადარბაზოს კედლებზე მომრგვალებულფორმებიანი ანგელოზებით წელიწადის ოთხი დროა გამოსახული. ირა, სახლის მფლობელი, კედელზე მხატვრის ხელწერის ამოცნობას, ალბათ, მეასედ ცდილობს. 1904 წელს აშენებულ სახლში უკვე მეხუთე თაობა ცხოვრობს. შედიხარ და თავს ხან ზემოთ ატრიალებ, ხან გვერდზე და ვერ იჯერებ, რომ ამ სახლში საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელ, ერთფეროვან დიზაინს საერთოდ არ შემოუღწევია.

სახლში სამი საძინებელია, სამზარეულო, სასადილო ოთახი, სასტუმრო და დასასვენებელი ზონები. ეს უკანასკნელი ირას ახლახან შეუქმნია.

გათბობის სისტემა აქ 1904 წლიდან მოქმედებს. მაღალჭერიან დარბაზებში თეთრი ბუხრები ამაყად დგანან. ერთ-ერთ ბუხარზე თეთრი კერამიკის ფილები ისეა ასხმული, გეგონება, დედოფალს კაბა თერძმა ზედ ტანზე შეუკერაო. მეორე ბუხარზე ქალის ქანდაკებაა, ცივი, კმაყოფილი ღიმილით. ამ ფაიფურის ქალის ახალგაზრდობამ და სილამაზემ საუკუნეს გაუძლო. მესამე ბუხარს თავზე ჩამქრალი ოქროსფერი ჩუქურთმები ადგას.

მოხატული სადარბაზოდან ირას სასტუმრო დარბაზში შევყავარ. მუქ წითელ კედლებზე ნახატებია, ბუხრის თავზე – სარკე, ირა ინაიშვილის ბებიის მზითვი. ბუხრის გვერდით წიგნებია. თუ წიგნების მიხედვით ვიმსჯელებთ, ამ სახლში ხელოვნება იმაზე მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ინტერესი. ირა ხელოვნებათმცოდნეა, მისი მამა, თემურ ინაიშვილი კი ინტერიერის პირველი დიზაინერი ყოფილა აჭარაში.

მანანა ქველიაშვილის ფოტო

 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მეჩვენება, რომ მაქმანის ფარდებმა სასტუმრო დარბაზი მძიმე, ვიქტორიანული სტილისგან იხსნა. ინგლისური სტილის გავლენა იგრძნობა მოსასვენებელ კუთხეშიც. რბილი სამეული ირას მამას თავისი ხელით შეუქმნია. ჭაღი, რომლის ელვარება ბავშვობაში თვალს მჭრიდა, ჭერის ცენტრშია მიმაგრებული. ჭაღის ბრინჯაოს ღერძს წითელი ხავერდის ნაჭერი მიტმასნია და ათბობს.

ფორტეპიანო და ავეჯი მსუბუქი ჩუქურთმით, ირას ბაბუას, რევაზს, 1948 წელს ბერლინიდან ჩამოუტანია. სამხედრო ექიმი სამშობლოში სწორედ ამ დროს დაბრუნებულა. მისი ქალიშვილი, ეთერი, რომელიც მამის დაბრუნების დროს 7 წლის იყო, გვიყვება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნივთებიდან 1928 წლით დათარიღებული შავ, მკაცრ ყდაში ჩასმული მსოფლიო ატლასია. ის ახლა სიძველეშეპარულ საწერ მაგიდაზე ძველებურ ტორშერთან და საბეჭდ მანქანასთან ერთად დევს. წიგნების კარადის ფონზე ისეთი სიმყუდროვე და სიმშვიდეა, გინდა ჩამოჯდე და ყველა ნივთის ისტორიას ჩაუღრმავდე. კითხვები დასვა მანამ, სანამ მასპინძელს არ მობეზრდები.

საწერ მაგიდაზე ძველი გაზეთებიცაა, გაყვითლებულ ფურცლებზე ისტორიები ამ სახლისა და ადამიანების შესახებ, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და ახლაც აქ არიან. ვკითხულობ, რომ სახლი 1904 წელს აუშენებიათ და იგი სომეხ ვაჭარს ეკუთვნოდა. 1921 წლის გასაბჭოების შემდეგ ვაჭარი გაუკულაკებიათ და სახლი თბილისელი ექიმისთვის, ზურაბ წერეთლისთვის გადაუციათ, რომელსაც ბათუმში საყოველთაო სიყვარული დაუმსახურებია. წერილის ავტორი წერეთლის თანამედროვეა და მას ასე აღწერს: „ის იყო შთამაგონებელი, ბლანჟე წვერით, თავზე ცილინდრით, ერთ ხელში – მინიატურული საკვოიაჟით, მეორეში – ლამაზი ტროსტით. ეს, როცა მოკლე მანძილზე ფეხით დადიოდა. ხშირად, ეტლით მგზავრობდა – ლამაზი სანახაობა იყო. ძირითადად შინ იღებდა ავადმყოფებს, თუ ხელმოკლე ბათუმელი იყო, მაშინ წამლებს უფასოდ აძლევდა“.

მანანა ქველიაშვილის ფოტო

 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მანანა ქველიაშვილის ფოტო

 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

წერილის ავტორი უყურადღებოდ არც წერეთლის მეუღლეს ტოვებს. ქალბატონი მერი თურმე ოჯახური წვეულებების ორგანიზებით ყოფილა დაკავებული. 1950-იან წლებში ექიმი ზურაბ წერეთელი გარდაცვლილა, უკანასკნელ გზაზე თურმე მთელი ბათუმი მიაცილებდა. იგი თბილისში დაუკრძალავთ, შემდეგ კი სახლში ინაიშვილები დასახლებულან. გერმანიიდან ახლად ჩამოსული რევაზ ინაიშვილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრად დაუნიშნავთ.

ვიქექები ძველ გაზეთებში და ვხვდები, რომ ჟურნალისტების ინტერესი ამ სახლში მცხოვრებთ არც ერთ ეტაპზე არ აკლდათ. ერთ-ერთ ძველ გაზეთში ვკითხულობთ: „რევაზ ინაიშვილის სიტუაციიდან გამომდინარე, შეხვედრებს ამ სახლში უფრო კამერული ხასიათი ჰქონდა, იმართებოდა ვიწრო მეგობრული ვახშმები, საუბრები და ნარდი“, მაგრამ 70-იანი წლებიდან ინაიშვილების სახლი ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სალონად ქცეულა და ყოველ ღამე ფანჯრებიდან „ახალგაზრდული სიხალისე“ იღვრებოდა.

მერე წყვილი, თეთრად შეღებილი ხის კარი იღება მოცისფრო ბროლის სახელურებით, და სასადილო ოთახის სილურჯე, თეთრი თაღებით, თვალს მჭრის.

ლურჯ ოთახში, სასადილო მაგიდასთან, ირას დედა და მამიდა სხედან. ეს ოთახი მგონი ჩემი ფავორიტია. ლურჯი კედლები, თეთრი ბუხარი, თეთრი თაღები, ხის თეთრი, ინგლისური კარები, ბროლის ჭურჭელი ვერცხლის სინზე, შუშის საშაქრეში შაქრის ნატეხები მოსჩანს, ფეხებმორკალული ბუფეტის შუშებიდან კი ფაიფურის ჩაის სერვიზი, რომელიც რევაზ ინაიშვილმა სპეციალური შეკვეთით, ბერლინში დაამზადებინა. ამას ფაიფურზე დატანილი მონოგრამაც მოწმობს.

ირას დედა, ნანა, გულღია და მხიარული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ, როცა წარსულზე ყვება, შენც სევდიანდები და ისიც. ამბობს, რომ ბათუმი ადრე სხვა იყო. „საოცარი იყო ეს ქუჩა, მატარებელი რომ ჩამოვიდოდა ბათუმში, ამდენი ხალხი, ბარგით, ქუჩაზე გამოეფინებოდა და სხვა მხიარულება და სიცოცხლე იგრძნობოდაო“ – ამბობს. ყველაზე მეტად გული იმაზე წყდება, რომ, მისი თქმით, ევროპაში ყველაზე ლამაზი რკინიგზის სადგური ამ ქუჩიდან სხვაგან გადაიტანეს. საუბარში ირას მამიდა, ეთერიც ერთვება, რომელსაც უხარია, რომ რკინიგზის ისტორიული შენობა, რომელშიც ახლა ბანკია განთავსებული, შეინარჩუნეს მაინც, მაგრამ დასძენს, რომ ბოლო მატარებლის წასვლის შემდეგ ამ ქუჩაზე სევდამ დაისადგურა, თითქოს ამის შემდეგ აღარ იღებოდა ხის ფანჯრები, საიდანაც საფქვავის ჭრაჭუნი ისმოდა და ახლად მოხალული ყავის მარცვლების სურნელი ეფინებოდა ქუჩას.

ვისმენ ამ ისტორიებს და თან თვალებს ვაცეცებ – არც ერთი ოთახი ამ სახლში არ მეორდება, მაგრამ ერთიანი სტილი არ ირღვევა. ლურჯი ოთახიდან შუშაბანდი მოჩანს. მომწვანო ფერი დაკრავს რკინის ჭედურ დარაბებს, რომელიც მაღალ შუშაბანდს ნახევრად ფარავს.

ხისფერ სამზარეულოში თაროზე ფაიფურის თეფშები ჩაუმწკრივებიათ. ლურჯ ფონზე წითელ-ყვითელი ვარდებით – ეს სამი თეფში, ირას ბებიის მზითევი, ისეთი ლამაზია, სუნთქვა მეკვრის.

მანანა ქველიაშვილის ფოტო

 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მანანა ქველიაშვილის ფოტო

 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ამ სახლში გრძნობ მთავარს. ეს ნივთები, მაგიდაზე, ბუფეტში, დაბალი კარადის თავზე, იმიტომ კი არ მიმობნეულან, რომ ძვირფასია, არა, ეს ძაფები საყვარელ ადამიანებთან, ერთგვარი ხიდია წარსულთან.

ვტოვებ სახლს, სადაც ახლა ირა, დედა და მამიდა ცხოვრობენ და კარს ვარდების ბაღში გამოვყავარ. ისევ იმ სუროაცოცებულ კედელთან ვდგები და ისევ ამ სახლზე ვფიქრობ, ოღონდ ეს სხვა ფიქრია. ჩანს, რომ ამ სახლში საუკუნის მანძილზე ბევრი რამ შეცვლილა, დაუმატებიათ, გადაუკეთებიათ, მაგრამ თავისუფლად შეიძლება ყველა ეპოქის ამოკითხვა. ეს სახლი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ინტერიერს ადამიანებზე უფრო მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე სიტყვებსა და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის მოგონებებია, რაც სახლის კედლებს ახსოვს. ახლა უფრო მესმის, რატომ ვერ დათმო აქაურობა ირამ, რატომ მიატოვა ყველაფერი დიდ ქალაქში და დაბრუნდა სახლში, რომელსაც სული აქვს.

 

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ 2017 წლის მარტის ნომერში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: