კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

როგორ აპირებს სამთავრობო გუნდის ფორმირებას ზურაბ პატარაძე

18.11.2016 • 2049
როგორ აპირებს სამთავრობო გუნდის ფორმირებას ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში არჩილ ხაბაძის ნივთები უკვე აღარ არის, მათ შორის ხატები, რაც არჩილ ხაბაძეს საკმაოდ ბევრი ჰქონდა. კაბინეტში ახლა სამუშაო მაგიდა, სავარძელი, ტელევიზორი და წინა მთავრობის თავმჯდომარეების დროინდელი დივან-სავარძლებია. ზურაბ პატარაძე დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სავარძელს ოთხი წლით დაიკავებს. თავის ნივთებზე კითხვის დასმამდე გვიპასუხა: „სულ შეხვედრებზე დავდივარ, ამისთვის ვერ მოვიცალეო…“ ინტერვიუს დროს მან ყველაზე მეტჯერ ახსენა „გუნდი“, თუმცა თავი აარიდა დაკონკრეტებას, ვინ მოიაზრება აჭარის მთავრობის გუნდში.

ბატონო ზურაბ, ვინ მიიღო სახელისუფლებო გუნდში თქვენი მთავრობის თავმჯდომარეობის შესახებ გადაწყვეტილება? ცნობილია პრეზიდენტის პოზიცია? მან უნდა წარგადგინოთ უმაღლეს საბჭოში.

ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი წარადგენს ჩემს კანდიდატურას. ვერ გეტყვით სხვა კანდიდატურა განიხილება თუ არა, არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. გადაწყვეტილებას მიიღებენ მთავრობის გუნდი და პრეზიდენტი.

რა არის თქვენი უპირატესობა, რატომ უნდა იყოთ მთავრობის თავმჯდომარე?

ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, მე ამაში ვერ შევიჭრები… მინდა გითხრათ, რომ ამ სამი თვის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი რამ უკვე გააკეთა. ბევრი შეხვედრა გვქონდა რეგიონში და აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გავიარეთ ბევრი საკითხი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას მადლობა გადავუხადო ნდობისთვის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ავიღეთ, ამას სჭირდება შესრულება და ეფექტური მუშაობა. არ გვაქვს დასაკარგი არც ერთი წუთი. ეფექტური მართვაა საჭირო. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ გამოწვევები.

რას მიიჩნევთ მთავარ გამოწვევად და ასევე, ამ სამ თვეში სად გამოჩნდა თქვენი მხრიდან ეფექტური მართვა? ადამიანებს სჭირდებათ მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც არა მხოლოდ ბევრს დადის, არამედ იღებს გადაწყვეტილებებს და ატარებს პოლიტიკას.

ბევრს იმიტომ დავდივარ, რომ გავიგო, რა ხდება ადგილზე. ამ გზით ბევრ თემას გავუსწორე თვალი, ბევრი საკითხი დავინახე, შევაფასე, გავიგე რა ცვლილებებია გასატარებელი. მაქვს უკვე დაგეგმილი, სად არის მეტი აქცენტი გასაკეთებელი. ხშირად მეკითხებიან, იქნება თუ არა ცვლილება. მინდა, დაგიდასტუროთ, რომ იქნება. ჩვენ გვჭირდება ბევრი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტი. სხვათა შორის, მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა რეიტინგი და ჩანს, რომ ჩვენს რეგიონში ხორციელდება წარმატებული პროექტები და ბიზნესმენებისთვის მუშაობა გაადვილებულია.

როგორ გესმით გუნდის ფორმირება? რა პრინციპით ჩამოაყალიბებთ ამ გუნდს და როგორ აპირებთ გაემიჯნოთ ნეპოტიზმს?

მთავარი ხედვა არის პროფესიონალიზმი. პრინციპული ვიქნები, შევარჩიოთ პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ ეფექტურად, იქნებიან ძალიან წარმატებული ტოპმენეჯერები, გამოგვყვებიან ფერხულში და გააკეთებენ საქმეს ეფექტურად. ჩვენ გვჭირდება სხარტად და ოპერატიულად პრობლემების მოგვარება და ეფექტური პროექტების განხორციელება. რაც შეეხება ნეპოტიზმს, ჩემი ნათესავების მოყვანას სამთავრობო გუნდში არ ვაპირებ.

იქნებიან თუ არა უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები თქვენს გუნდში? მაგალითად, ავთანდილ ბერიძე ან კაკო ძნელაძე, რომელიც ღიად აფიქსირებს, რომ განათლების მინისტრობა სურს. ასევე ანზორ თხილაიშვილი, ალეკო ჩიტიშვილი…

ველოდი ამ კითხვას, მეც წავიკითხე ამის შესახებ პრესაში. ვადასტურებ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები და ჩვენ გვეყოლება ეფექტური გუნდი. დამერწმუნეთ, ჩვენ ნაკლებ კრიტიკას დავიმსახურებთ ამ მიმართულებით. საზოგადოება ძალიან კმაყოფილი იქნება იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ჩვენ მივიღებთ ერთობლივად.

ვის გულისხმობთ გუნდში?

ეს არის ზოგადად აჭარის მთავრობა, პირველ რიგში, თქვენი რესპონდენტი, რომელიც ახლა თქვენ წინ ზის. რომელ კაბინეტში რას განვიხილავთ, ამას ვერ გეტყვით. სურვილი აქვს, ძალიან ბევრი იყოს ამ გუნდში და მიიღოს თანამდებობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცალსახად ისე მოხდება, როგორც პრესაში იწერება.

ვისთან გადიხართ კონსულტაციებს საკადრო საკითხებზე და რა ურთიერთობა გაქვთ ბიძინა ივანიშვილთან?

საკადრო საკითხებზე ვსაუბრობ ჩემს გუნდთან. ბიძინა ივანიშვილთან საკადრო საკითხებზე საუბარი არ მაქვს. ის არის დიდი მეცენატი და მიხარია, რომ, მაგალითად, ახლახან გაიხსნა მწერალთა სახლი ბათუმში, ასევე მალე გაიხსნება დრამატული თეატრის ახალი სივრცე. ეს და კიდევ სხვა მრავალი ობიექტი „ქართუ ფონდისგან~ არის დაფინანსებული. ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინას.

რომელ რგოლს სჭირდება ყველაზე მეტად გაძლიერება მთავრობაში?

ჩვენს გუნდში დღეს მუშაობენ პროფესიონალები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გადახალისება. არ მინდა რომელიმე კონკრეტული სფერო გამოვყო.

თუ ძლიერია გუნდი, რა ინტერესს ემსახურება ცვლილება?

ჩვენ გვჭირდება სიახლეები და ინოვაციების დანერგვა. მალე ნახავთ ახალ გუნდს. პრიორიტეტი არის გაძლიერება სხვადასხვა მიმართულების, ეკონომიკა იქნება ეს, სოფლის მეურნეობა თუ ჯანდაცვა. ამიტომაც დღეს არ მაქვს გზავნილი, რომ უკმაყოფილო ვარ რომელიმე უწყებით. არ მინდა, რომ ეს დაუკავშირდეს საკადრო ცვლილებებს.

აპირებთ თუ არა სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მოყვანას მთავრობაში?

მაგალითად, განათლების მინისტრი, გიორგი თავამაიშვილი, ვფიქრობ, რომ ეფექტური მენეჯერია, ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. თუ ამის მოთხოვნა იქნება გუნდში, შესაძლოა, ის დარჩეს ხელისუფლებაში. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არიან ძლიერი მენეჯერები, რომლებიც რეგიონის განვითარებაში მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას, არ ვფიქრობ, რომ პრობლემაა პარტიული ნიშანი.

ვახტანგ წულაძეზე მინდა გკითხოთ, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა. რატომ არ მოახდინა აჭარის მთავრობამ რეაგირება მისი, როგორც გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის გადაწყვეტილებაზე? ვგულისხმობ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას მისი დაცვის ნაცვლად. ეს უკანონოდ შეაფასა უზენაესმა სასამართლომ.

ვახტანგ წულაძე არის კარგი მენეჯერი. ვფიქრობ, რომ ის იქნება წარმატებული უმაღლეს საბჭოშიც. ის არის დღეს ჩვენს გუნდში და ვფიქრობ, რომ იქნება ეფექტური დეპუტატი, ბევრს გააკეთებს რეგიონის საკეთილდღეოდ. რაც თქვენ ბრძანეთ, არის სამართალდამცველებისა და სასამართლოს პრეროგატივა.

სასამართლომ თებერვალში თქვა, რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო ვახტანგ წულაძემ. მან ასევე ივნისამდე არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც კიდევ უფრო გაიზარდა განაცდურის ოდენობაც ბიუჯეტის ხარჯზე.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვიცი, რომ შედგა კომუნიკაცია და ეს პრობლემა აღარ იდგა მწვავედ. თუ ეს საკითხი ისევ დგას მწვავედ, მზად ვარ მივუბრუნდე ხელახლა ამ საკითხს. ადამიანის უფლებები არის ჩვენი პრიორიტეტი.

თუკი უფლებები პრიორიტეტია, მაშინ ქობულეთის პანსიონის თემას რატომ აარიდეთ თავი? სასამართლომ ამ შემთხვევაში დაადგინა დისკრიმინაცია, თუმცა როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თქვენ მაშინ დუმილი არჩიეთ.

ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი კომუნიკაცია რელიგიის სააგენტოსთან, გვაქვს კომუნიკაცია მუფთებთან. ეს საკითხი არის ძალიან სენსიტიური. უახლოეს პერიოდში გვექნება მორიგი შეხვედრა მუსლიმ მრევლთან. ჩვენ სამუფთოსთან ერთად აუცილებლად მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას.

რატომ მიიჩნიეთ, რომ ისევ სამუფთოსთანაა კომუნიკაცია საჭირო, როცა სასამართლო დარბაზშივე დისკრიმინაციაში მხილებულმა ადამიანებმა თქვეს, პანსიონს მაინც ვერ გახსნითო.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია. მეტს ვერაფერს გეტყვით ამ თემაზე… მე, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, 24-საათიან რეჟიმში მზად ვარ, შევასრულო მედიატორის როლი კანონის ფარგლებში. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას.

აპირებთ თუ არა შეცვალოთ ე.წ. K2 კოეფიციენტი, რომელიც კონკრეტულად თქვენ, როგორც მთავრობის თავმჯდომარეს, განიჭებთ უფლებამოსილებას, გაზარდოთ მშენებლობის მასშტაბები ნებართვის გაცემის დროს და არის ეჭვი, რომ ეს არის საშუალება კორუფციული გარიგებისთვის.

ჩემი ხედვა მაქვს – არ უნდა დავაუშნოვოთ ჩვენი ქალაქი. ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ქალაქის განვითარება და დაგეგმარება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და იქნება აუცილებლად სწორი გადაწყვეტილებები მიღებული. ბევრი განცხადებაა შემოსული ნებართვის მისაღებად, მაგრამ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ეწინააღმდეგება ბათუმს. აუცილებლად უნდა შეიცვალს ეს წესი. მთავრობის თავმჯდომარე იმპერატიულად აღარ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუ ვინმეს უნდა დაერთოს მშენებლობის ნება კოეფიციენტის მომატებაზე, ამაზე იქნება მსჯელობა. ჩემი აზრით, მთელი ბათუმი არის კულტურული მემკვიდრეობა. აუცილებლად მექნება შეხვედრები ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებთან. ჩვენ საჯარო სივრცეში გავმართავთ მსჯელობას ამ საკითხებზე და მინდა ჩავრთო ბათუმელები ამ პროცესში. მახოვს, როგორ გამოეხმაურა და რა ვნებათაღელვა გამოიწვია ბულვარის თემამ. აქვე მინდა გითხრათ ექსკლუზიურად, რომ ჩვენ მივიღეთ რვაფეხას რეაბილიტაციის გადაწყვეტილება. ის იქნება ისეთი, როგორიც იყო წარსულში. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიწყებთ რვაფეხას აღდგენას.

ვისი დაფინანსებით ჩაუტარდება რეაბილიტაცია რვაფეხას?

ჩვენ დავუკავშირდით სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის, „ფონდ ქართუს~. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოფა სახსრები, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ „ქართუ ფონდი” ამ პროექტს დააფინანსებს.

თქვენ ესწრებოდით „ქართული ოცნების“ იმ პარტიულ შეხვედრას, სადაც სტუდენტები ლექციებიდან გამოიყვანეს და დარბაზის შესავსებად გამოიყენეს. რით განსხვავდებოდა ეს მიდგომა წინა ხელისუფლებების დამოკიდებულებისგან?

იცით, მე დავდივარ სხვადასხვა სივრცეში და ვერავის ავუკრძალავ დაესწროს შეხვედრას. სხვათა შორის, სპეციალურად ვკითხე სტუდენტებს, იყო თუ არა მსგავსი ფაქტი, რომ თითქოს იძულებით მოიყვანეს, არც ერთმა სტუდენტმა ეს არ დამიდასტურა. ამ თემით უტრირება არაა სწორი… მე არ მჯერა და არ ვიცი, ლექციები თუ გაუცდათ მათ.

რა ინვესტიციებს უნდა ველოდოთ სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული მცირემიწიანობის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში მიწის რეფორმა დღემდე არ ჩატარებულა?

თავდაპირველად ვაპირებთ ავაშენოთ ხუთი ლოჯისტიკური ცენტრი მუნიციპალიტეტებში და მთავარი აშენდება ბათუმში. ეს ნიშნავს იმას, რომ ფერმერს აღარ მოუწევს ქალაქში ჩამოსვლა რეალიზაციისთვის. ის შეძლებს ჩააბაროს პროდუქცია ლოჯისტიკურ ცენტრებში და თვითღირებულების 80 პროცენტამდე მიიღოს. ამჟამად პროდუქციის 40 პროცენტამდე რჩება გლეხს. ლოჯისტიკური ცენტრები დაამყარებენ სწორ კონტაქტებს და ეფექტურად მართავენ პროცესს. ამ ცენტრებს ექნებათ კომუნიკაცია სხვადასხვა სასტუმროსთან, სავაჭრო ცენტრთან. ტენდერის გზით გამოვლინდება კომპანია, რომელიც მოაწყობს ცენტრებს მუნიციპალიტეტში, შემდეგ კი, სასოფლო კოოპერატივები განახორციელებენ მართვას. მათ გადამზადებას ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაუტარებს. მთავრობა მხოლოდ ერთჯერადად დახარჯავს ფულს, შემდეგ კი ფერმერს მიეცემა საშუალება მოსავალი შეინახოს, დააფასოს, ისარგებლოს მაცივრებით, ვეტერინარული კლინიკით და ასე შემდეგ. იქვე იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც იურიდიული დოკუმენტაციის წარმოებას უზრუნველყოფენ, მაგალითად, ხელშეკრულებების გაფორმებას. ეს ასევე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია ტრადიციული ბაზრების გარდა გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ამისთვის ვემზადებით.

რით დასტურდება ამ ცენტრების მოწყობის აუცილებლობა?

როდესაც მითხარით, ბევრს დადიხართო, ამ დროს გვქონდა ჩვენ კონსულტაციები ფერმერებთან, ბიზნესმენებთან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ამ დროს შევჯერდით ამ იდეაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი დიდი კომპანიის წარმოადგენლები არიან ისრაელიდან ჩამოსული და იგეგმება ხელვაჩაურსა და ქობულეთში დიდი სასათბურე მეურნეობების აშენება.

მოიკითხეთ თუ არა მოწყობილმა სათბურმა რატომ ვერ იმუშავა? მაგალითად, ქობულეთში უკრაინელი ინვესტორი ყიდის სათბურს.

მე არ მქონია კონკრეტულად ამ ინვესტორებთან ურთიერთობა. როგორ ვიცი, იყო გასაღების ბაზრის პრობლემა და არ იყო სწორი ტექნოლოგიები. ხულოშიც მითხრეს, რომ ვერ უწევენ კონკურენციას თურქულ კარტოფილს. ჩვენ ახალი ტექნოლოგიებით უნდა ვიმუშაოთ, რომ მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის მოსავალი და თან ეკოლოგიურად სუფთა. ჩვენ ამაში სპეციალისტები დაგვეხმარებიან.

გომარდულზე მინდა გკითხოთ. ეს კურორტი გაჩერებულია და ბიზნესმენთა ჯგუფი, ვინც კურორტზე სამუშაოებს აწარმოებდა, მთავრობისგან დახმარებას ითხოვს, მაგალითად, მიწის გადასახადის ჩამოწერაში.

გომარდულის პრობლემა ცნობილია ჩემთვის. ამ პროექტში მუშაობდა ერთ-ერთი ჩვენი დეპუტატი, ხვიჩა შარაშიძე. უახლოეს დღეებში მექნება შეხვედრა ბიზნესჯგუფთან, ვინც უშუალოდ დაიწყო ეს პროექტი და მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწობს მათ. ჩვენ ვიმსჯელებთ და არ გამოვრიცხავ, რომ მათ ჩამოეწეროთ გადასახადები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ საერთაშორისო დონის კურორტს.

გაჩერებულ საინვესტიციო პროექტებს რას უპირებთ, მაგალითად, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას ან „ბაბილონ თაუერს“?

„ბაბილონის“ შემთხვევაში ორი მეწილე დავობს, სასამართლო პროცესებია და ჩვენი მონაწილეობა ამ პროცესში მინიმალურია. იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს დავა და პროექტი დამთავრდება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის შენობას, ვაპირებთ აუქციონები მოეწყოს შიგ და შემოსული თანხა გადაერიცხოს ბავშვთა სახლებს, შშმ პირებს, სოლიდარობის ფონდს… ვიდრე ეს ობიექტი გასხვისდება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და ამასაც უფრო კონკრეტულად მალე გავაცნობთ საზოგადოებას.

ბოლოს „ოცნების ქალაქზე“ მინდა გკითხოთ. თქვენ მათთან შეხვედრაზე უარი თქვით, სამთავრობო კომისიების მუშაობამ კი მათთვის ვერაფერი შეცვალა.

მე თავი ავარიდე შეხვედრას, რადგანაც იყო წინასაარჩევნო პერიოდი. არ მინდოდა, რაღაც დაპირებები გამეცა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მადარდებს ეს საკითხი. აუცილებლად მივალ იქ. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი კომისია კომისიისთვის არ უნდა შეიქმნას. თითოეული ადამიანის შემთხვევა იქნება შესწავლილი, მაგრამ ამას გააკეთებს მთავრობა. ვისაც ეკუთვნის სხვადასხვა პროგრამაში მოხვედრა, სუბსიდირება, ან საცხოვრებელი ფართობი, ის აუცილებლად მიიღებს. ამ საკითხს არ გავშლით წლებზე და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ კონკრეტული შემთხვევების განხილვას. ვისაც არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტული პროგრამით სარგებლობა, მათთან კანონის სრული დაცვით ვიმოქმედებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: