კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

6 ათასი დისკრიმინაციული განცხადება დასაქმების ბაზარზე

10.11.2016 • 2947
6 ათასი დისკრიმინაციული განცხადება დასაქმების ბაზარზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დასაქმების შესახებ გამოქვეყნებული 85 ათასი განცხადების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ 6 090 განცხადება შეიცავს დისკრიმინაციულ ტერმინებს.

საქართველოს კანონმდებლობით, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია იკრძალება. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, გასაუბრების დროს კითხვა დაგისვას ოჯახური მდგომარეობის შესახებ. თუ ამას აკეთებს, უნდა იცოდეთ, რომ ის თქვენს უფლებებს არღვევს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, ადვოკატირების ჯგუფის კოორდინატორის, თიკო ნადარეიშვილის შეფასებით, დამსაქმებლები უნდა მოერიდონ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა – „ასისტენტი გოგონა“, „უკომპლექსო“, „ლამაზი გარეგნობის“ და ა.შ. ხშირია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი აკონკრეტებს სქესს – „მამაკაცი“, ან „ქალი“. რაც ასევე დაუშვებელია, რადგან არც ამ ტერმინებს აქვს საერთო პროფესიულ უნარებთან თუ გამოცდილებასთან.

„ასეთი შინაარსის ტერმინები პირდაპირ მიუთითებს დისკრიმინაციაზე. ეს არ არის ადეკვატური მოთხოვნები და არ არის კავშირში სამუშაოს ხარისხიანად შესრულებასთან“, – მიაჩნიათ ორგანიზაციაში.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ორ ვებგვერდზე – jobs.je-სა და hr.ge-ზე 2010-2014 წლებში გამოქვეყნებული 85 ათასი განცხადება სპეციალური მეთოდოლოგიით შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ შესწავლილი განცხადებების შვიდ პროცენტზე მეტი, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული იყო.

ჯობს.ჯე-დან შევისწავლეთ 76 360 განცხადება, ჰრ.გე-დან კი – 14 376. შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, სადაც მითითებული იყო დისკრიმინაციული სიტყვები. განცხადებებში სიტყვა „მამაკაცი“ 1 008-ჯერ დაფიქსირდა, „სასიამოვნო გარეგნობა“ – 1589-ჯერ, „სტაბილურობა“ კი – 780-ჯერ.

როცა განცხადებაში დამსაქმებელი წერს – „სტაბილური“, ამით სამსახურის მაძიებლის ოჯახურ მდგომარეობაზე მიუთითებს. ანუ, არის თუ არა გათხოვილი, ჰყავს თუ არა შვილები, ან ფეხმძიმედ ხომ არ არის… ეს, ბუნებრივია, დისკრიმინაციულია“, – გვეუბნება თიკო ნადარეიშვილი.

მისი თქმით, განცხადებები დისკრიმინაციას შეიცავს ორივე სქესის მისამართ: „წერია არა მხოლოდ „ლამაზი“ ან „სასიამოვნო გარეგნობის გოგონა“, არამედ „სიმპათიური მამაკაცი“. ასეთი იყო 90 პროცენტი“.

სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, სადაც დამსაქმებელი პირდაპირ მიუთითებს, რომ ძიძას არ უნდა ჰქონოდა კილო: „…კარგი მეტყველების უნარი (არ უნდა ჰქონდეს კილო და დიალექტი)“. თიკო ნადარეიშვილის თქმით, მსგავსი ფრაზებიც დისკრიმინაციულია, რადგან „კილო არ უნდა ჰქონდეს“ -მიუთითებს მის წარმომავლობაზე ან ეთნიკურობაზე. ჩვენი კოდექსი, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ზღუდავს ეთნიკური, რასობრივი, გენდერის ნიშნით და ა.შ. დისკრიმინაციას“.

„ზოგჯერ არის მოთხოვნა, რომ სჭირდებათ მამაკაცი დირექტორის თანამდებობაზე, ან მაგალითად „იურისტი ქალი“. ესეც დისკრიმინაციულია. განცხადებაში არ უნდა იყოს მითითებული სქესი, თუ ამის აუცილებლობა და გონივრული საჭიროება არ არსებობს“.

დისკრიმინაციული განცხადებები შეფასების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველსაც გადაეგზავნა, რომელმაც რეკომენდაციით მიმართა jobs.je-სა და hr.ge-ს. სახალხო დამცველმა შესთავაზა მათ, რომ გაეკეთებინათ ზოგად სტრუქტურა, რაც განცხადებების გაფილტვრის წესის შემუშავებაში დაეხმარებოდათ. hr.g-მ მიიღო ეს წინადადება და ადვილად გადაჭრა პრობლემა, jobs.je კი ცინიკურად მიუდგა საკითხს და არ მიიღო ეს როგორც ვალდებულება, რადგან რეკომენდაცია იყო“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა ამ საკითხზე გამოკითხვები ჩაატარა ათ რეგიონში, სადაც თიკო ნადარეიშვილის თქმით, ყოველი მეოთხე ადამიანი ამბობდა, რომ მათ უნახავთ დისკრიმინაციული განცხადებები.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ შრომის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტსაც მიმართა. ინიციატივა მოისმინეს შესაბამის საპარლამენტო კომიტეტშიც.

იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტი კანონში ცვლილებებს შეიტანს, დასაქმების შესახებ განცხადებებში დისკრიმინაცია საკანონმდებლო დონეზე აიკრძალება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: