კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

როგორ ვისწავლოთ ევროპაში იაფად

04.11.2016 • 3369
როგორ ვისწავლოთ ევროპაში იაფად

განათლების მიღება ევროპის ქვეყნებში, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდებისთვის, არამარტო მაღალი კვალიფიკაციის გამოა მომხიბლველი, არამედ ყველა იმ ღირებულებების გასაცნობადაც, რაც ბოლო წლებია საქართველოში მკვიდრდება. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რა გზები არსებობს ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ევროპაში რაც შეიძლება მინიმალური ფინანსური დანახარჯით განათლებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად.

ევროპაში სწავლის დასაფინანსებლად სტუდენტებს აჭარიდან რამდენიმე საშუალება აქვთ. ერთ-ერთია აჭარის განათლების სამინისტროს „საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების“ პროგრამა:

რეგიონი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ-ის, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მოპოვებას აფინანსებს სტუდენტებისთვის. ასაკობრივი ზღვარი მაგისტრატურაში 21-დან 35 წლამდეა, სადოქტოროზე კი – 45 წლამდე. პროგრამის მიხედვით, თითოეულ სტუდენტზე სემესტრულად მაქსიმუმ 12 500 ლარი გაიცემა. ეს თანხა სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც სწავლის გადასახადისთვის, ისე საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. აჭარაში ეს პროგრამა მესამე წელია ხორციელდება.

`წელს რვა სტუდენტი დავაფინანსეთ. 2014-ში საბაკალავრო საფეხურსაც ვაფინანსებდით, ახლა _ მხოლოდ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. პროგრამა 2017 წლისთვისაც გაგრძელდება. ვგეგმავთ, ბენეფიციართა რაოდენობა გავზარდოთ“, – ამბობს სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლია გოგიტიძე.

კიდევ ერთი გზა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ევროპაში უფასო განათლების მისაღებად Erasmus+-ის ორი ქვეპროგრამაა: Credit Mobility -3-12 თვიანი გაცვლით პროგრამა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რომელთა ქართული უნივერსიტეტი ჩართული უნდა იყოს Erasmus+ პროგრამაში; ასევე Degree Mobility – სასტიპენდიო პროგრამა მათთვის, ვისაც ევროპაში უნდა მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვება, ოღონდ ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქართული უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული – კონკურსში მონაწილეობთ ინდივიდუალურად. გარდა ამისა, სტუდენტს შეუძლია სწავლის დაფინასებისთვის იმ ქვეყნის საელჩოს მიმართოს, სადაც სწავლის გაგრძელება სურს. ლია გოგოიტიძის თქმით, საელჩოები საგრანტო კონკურსებს მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ხშირად აცხადებენ.

კიდევ ერთი საშუალება ევროპული განათლების უფასოდ მისაღებად, უფასო საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევა ან იქაური უნივერსიტეტის გრანტის მოპოვებაა.

არაინგლისურენოვანი ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ განათლების უფასოდ ან ძალიან იაფად მიღება – გერმანიაა. ეს ინფორმაცია ეკუთვნის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო რეპუტაციის მქონე ბრიტანულ კომპანია Quacquarelli Symonds (QS)-ს, რომელიც საზღვარგარეთ სწავლისა და, ზოგადად, უმაღლესი განათლების საკითხებშია სპეციალიზებული. გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომლებიც ძირითადად გერმანულენოვან სასწავლო პროგრამებს გთავაზობთ, უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლა ბაკალავრიატში უფასოა. QS-ს ინფორმაციით, გერმანიაში ბაკალავრიატის სტუდენტებს მოეთხოვებათ ყოველ სემესტრში ნომინალური თანხის – 250 ევროს გადახდა, რაც ადმინისტრაციულ და სხვა ხარჯებს ხმარდება. გერმანიაში სამაგისტრო დონეზე სწავლა ფასიანია, მაგრამ გამონაკლისი ვრცელდება მათზე, ვინც გერმანიაშივე მიიღო ბაკალავრის ხარისხი და მაგისტრის ხარისხზე აგრძელებს სწავლას. QS-ს მონაცემებით, გერმანიაში ცხოვრების ხარჯი, საუნივერსიტეტო ხარჯებთან ერთად, წელიწადში დაახლოებით 10 520 აშშ დოლარია.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლებით გამოირჩევა, საფრანგეთია. Qშ-ს მონაცემებით, სტუდენტებს საფრანგეთში შეუძლიათ ისწავლონ სრულიად უფასოდ, ან ძალიან დაბალ ფასად. საფრანგეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ბაკალავრზე სტუდენტი წელიწადში 189 ევროს იხდის. გერმანიის მსგავსად, საფრანგეთშიც სასწავლო პროგრამების უმრავლესობა ეროვნულ ენაზეა, თუმცა ბოლო წლებში ინგლისურენოვანი პროგრამების რაოდენობაც იზრდება.

Qშ-ს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პარიზი ცნობილია მაღალი ფასებით, იგი სტუდენტებისთვის მაინც ხელმისაწვდომი ქალაქია, ცხოვრების ხარჯები აქ წლიურად დაახლოებით 9 600 ევროა. შედარებისთვის, სამომხმარებლო ხარჯების რეგისტრირებულ მონაცემთა გლობალური ბაზის Numbeo-ს მონაცემებით, ლონდონში ცხოვრება ბევრად უფრო ძვირია. იქ სამომხმარებლო ხარჯები 20%-ით, ბინის ქირავნობის ხარჯები კი 80%-ით მაღალია, ვიდრე პარიზში.

ლია გოგიტიძე ამბობს, რომ სტუდენტებისთვის ყველაზე კარგი ქვეყნები განათლების უფასოდ ან იაფად მისაღებად, ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია: პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა და ლატვია, სადაც სწავლისა და ცხოვრების დონე მაღალია, ფასები კი მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი. „მაგრამ სტუდენტმა, ფასების გარდა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს უნივერსიტეტის პროფილი, სწავლების ხარისხი და ა.შ. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს ბევრნაირი დაფინანსების წყარო აქვთ“, – ამბობს ის.

იმის გათვალისწინებით, რომ არაინგლისურენოვანი ქვეყნები საერთაშორისო სტუდენტებს სასწავლო პროგრამებს უმეტესად ინგლისურ ენაზე სთავაზობენ, აუცილებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ლია გოგიტიძის განმარტებით, სხვადასხვა უნივერსიტეტი სასწავლო პროცესისთვის საჭირო ენის ცოდნის დადასტურებას განსხვავებულად ითხოვს. ზოგჯერ საკმარისია ცნობის წარდგენა ბოლო უნივერსიტეტიდან, რომ სტუდენტს გავლილი აქვს უცხო ენის კურსი ან ითხოვენ ენის ცოდნის სპეციალური, მაგალითად, TOEFL-ის სერტიფიკატს.

TOEFL-ის ტესტისთვის მომზადება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად მასწავლებლებთან, ისე სხვადასხვა ცენტრში. ბათუმში TOEFL-ის მოსამზადებელ კურსი ასევე უფასოა – სწავლებას აჭარის განათლების ფონდი აფინანსებს [ბაგრატიონის ქუჩა, #121]. განათლების ფონდის უცხო ენების შემსწავლელი უფასო პროგრამის კოორდინატორის, თეონა ჩხაიძის თქმით, მათთან TOEFL-ის კურსი ოთხ თვიანია.

„მეცადინეობა კვირაში ტარდება ორჯერ, სამ-სამი საათით. რეგისტრაციას თუ ახლა გაივლით, იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში დაგიკავშირდებიან წინასწარი ტესტირებისთვის, რადგან სანამ ჩვენთან დაიწყებთ სწავლას, აუცილებლად უნდა შემოწმდეს თქვენი ცოდნის დონე“, – განმარტავს ის. განათლების ფონდში ასევე უფასოდ არის შესაძლებელი ინგლისური ენის შესწავლა A1-დან B2 დონის ჩათვლით.

რაც შეეხება უშუალოდ TOEFL-ის ტესტირებას, მას საქართველოში, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, საგანმანათლებლო ტესტირებისა და შეფასების არაკომერციული ორგანიზაციის – Educational Testing Service (ETS)-ის სერტიფიცირებული ცენტრები ახორციელებს. ტესტირებისთვის რეგისტრაციაც, მათ ოფიციალურ ვებგვერდზეა [www.ets.org] შესაძლებელი.
ბათუმში Eთშ-ის სერტიფიცირებული ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ინაიშვილის განმარტებით, საიტზე რეგისტრირებული ადამიანებისთვის, ბათუმის უნივერსიტეტში, წინასწარ დაანონსებულ თარიღებში ტარდება გამოცდა, რომლის შედეგებიც 10 დღის ვადაში გახდება ცნობილი. გამოცდაზე გასვლის ღირებულება 165 აშშ დოლარია. TOEFL-ის სერტიფიკატის ვადა ორი წელია.

ლია გოგიტიძის რეკომენდაციით, უნივერსიტეტის შერჩევა აპლიკაციის შევსებამდე ორი წლით ადრე უნდა დაიწყოთ, რადგან ზოგიერთ უნივერსიტეტს სპეციფიური მოთხოვნები აქვს. „არის შემთხვევები, როცა უნივერსიტეტი სტუდენტს სთავაზობს მოსამზადებელ კურსზე დაჯდომას, რომელიც შესაძლოა არ ფინანსდებოდეს, ამიტომ ასეთ დეტალებს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ. ზოგიერთმა სასწავლებელმა, შესაძლოა ეროვნული ენის ელემენტარული ცოდნა მოითხოვოს. ვურჩევ სტუდენტებს წელიწადნახევრით ადრე მაინც დაიწყონ ამ დეტალების დაზუსტება“, – ამბობს ის. ასეთი ინფორმაციის დასადგენად, თქვენ პირდაპირ კონტაქტზე უნდა გახვიდეთ შერჩეულ უნივერსიტეტებთან. ლია გოგიტიძის განმარტებით, საამისოდ უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტების მოწვევის დეპარტამენტები ფუნქციონირებს.
როცა თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ აპლიკაციას შეავსებთ, უნივერსიტეტი დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ფოსტით ან ელექტრონული ფოსტით გამოგიგზავნით მოწვევას. ადგილობრივ საგრანტო პროგრამებში მონაწილეობისთვის, სხვა დოკუმენტებთან ერთად, სწორედ ამ მოწვევის წარდგენა დაგჭირდებათ.

ფოტოზე: კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: