კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ლიბერალური ფრთის მარცხი

25.10.2016 • 2259
ლიბერალური ფრთის მარცხი

„ისინი მოწყდნენ რეალობას… არ ჰქონდათ მკაფიო გზავნილები და ვერ მოახერხეს ამომრჩევლის მობილიზება,“ – ასე ხსნის ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ლიბერალური პოლიტიკური ძალების პარლამენტს მიღმა დარჩენას. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამ შედეგის დადგომას ძირითადად პაატა ბურჭულაძისა და მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო გააქტიურებას უკავშირებს, რამაც ლიბერალი ამომრჩეველი კიდევ უფრო ნიჰილისტურად განაწყო და სახლში გამოკეტა. „არა. ეს არ ყოფილა ლიბერალური ფრთის მარცხი, ეს იყო პოლიტიკის მარცხი საქართველოში,“ – გვითხრა „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა.

ვის მისცა ხმა ლიბერალმა ამომრჩეველმა?

„ქვეყანაში ლიბერალური იდეების მხარდამჭერი არის დაახლოებით 10-12 პროცენტი, ამის ნახევარი მოვიდა არჩევნებზე, ანუ 6 პროცენტი ჯამში მივიღეთ ლიბერალურმა ძალებმა. საერთოდ, არჩევნებზე ამომრჩევლის 50 პროცენტი არ მოსულა, ეს ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პრობლემაა, ამ კუთხით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,“ – გვიყვება ლევან ბერძენიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლის რაოდენობა წელს განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო და მოიცავდა მეტწილად ლიბერალებს, კიდევ უფრო ნიჰილისტურად განეწყო პოლიტიკის მიმართ:

„რამდენიმე ფაქტორი იყო. ერთი მხრივ, ეს იყო პიროვნული ფაქტორები. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის პაატა ბურჭულაძეს, რომელიც დაჯდა მესამე პოლიტიკური ძალის ნიშაზე და თავდაპირველად გააჩინა ალტერნატივის განცდა. შემდეგ მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, დაასამარა მოლოდინები. „რესპუბლიკელების“ თქმის არ იყოს, მართლა საფრთხობელას როლში იყო მიხეილ სააკაშვილიც, რამაც კიდევ უფრო მეტად მოახდინა პოლარიზება პოლიტიკური ველის, რაც გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა. შედეგად, იმ ადამიანებმა, ვინც განაწყენებული იყო „ოცნებაზე“, მაინც ამ პოლიტიკურ პარტიას დაუჭირეს მხარი „ნაციონალების“ შიშით.“

მოულოდნელი არ ყოფილა მომავალი პარლამენტი ლიბერალური ძალების გარეშე ფილოსოფოს გიორგი მაისურაძისთვის. მას მიაჩნია, რომ სოციალური ჩაგვრის დროს ფართო გასაქანი ეძლევა პოპულიზმს, ხოლო ლიბერალურმა ძალებმა ადამიანები პრობლემებში მდგომი ვერ დაინახეს: „რესპუბლიკელებს“ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რა იყო ეს ლოზუნგი „გავთავისუფლდეთ“? მძიმე სოციალური ფონის დროს ძალიან გაუგებარია ეს გზავნილი. რაღაც თვალსაზრისით, ქედმაღლურიც კი მეჩვენა… ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ არჩევნებზე მთავარი ფაქტორი იყო მიხეილ სააკაშვილი – ლიბერალურების მხარდამჭერმა ამომრჩეველმაც შიშით „ოცნებას“ მისცა ხმა. ასე მოხდა 90-იან წლებშიც. მაშინ ზოგიერთმა ზვიად გამსახურდიას შიშით „კომუნისტურ პარტიას“ მისცა ხმა, იმის მიუხედავად, რომ სულაც არ იყო ამ პარტიის ამომრჩეველი“.

რა გზავნილები ჰქონდათ ლიბერალურ ძალებს

„მესიჯ ბოქსი აშკარად არ იყო აქტიური,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი სხვადასხვა სახის უმცირესობა იყო, გამყოფი ხაზი არ ჩანდა: „რადგან, მაგალითად, „რესპუბლიკელები“ არ ნებდებოდნენ მხოლოდ უმცირესობაზე აქცენტირებას. ისინი მუშაობდნენ უმრავლესობაზეც, რაც არ გამოდის… გარდა ამისა, იყო პროგრამები, მაგრამ ის არ ემყარებოდა საზოგადოებრივ კონსენსუსს. გამოჩნდა, რომ რეალურად რა უნდა ადამიანს – ეს ამ პარტიებმა არ იცოდნენ. ამას სჭირდება ფინანსები და მუშაობა. შესაძლოა, რა პრობლემაც აწუხებს ბათუმელს, ეს განსხვავდება ხელვაჩაურში მცხოვრების პრობლემისგან“.

მხოლოდ მემარჯვენე ძალების არსებობის პრობლემას უსვამს ხაზს ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე. მას მიაჩნია, რომ ჩვენს რეალობაში სიღარიბეზე თვალის დახუჭვა და მხოლოდ მემარჯვენე გზავნილებზე გაყოლა, არ გამოვა: „ასე უფრო მემარჯვენე პოპულიზმი იკიდებს ფეხს და ამის ნათელი დადასტურებაა ირმა ინაშვილი. ცუდს ვერაფერს ვიტყვი: პრინციპში, ვინც იმუშავა ამომრჩეველთან, ასე ვთქვათ, არ ითაკილა აქტიურობა, მათ შორის, ქუჩაში, იყო „პატრიოტთა ალიანსი“.

„ამას სჭირდება გაანალიზება და დრო. ახლა ვერ გეტყვით, რა იყო შეცდომა… ამხელა ამბავი დაგვემართა და ვიღაცამ უკვე ერთ წუთში იცის ამის პასუხი, ასე არ არის,“ _ გვიყვება ლევან ბერძენიშვილი. ის მიიჩნევს, რომ მთავარი ფაქტორი იყო ფული, რომელიც „რესპუბლიკელებს“ არ ჰქონდათ: „შემოწირულობა იყო ნული ლარი. ნული ლარით წარმოუდგენელია ამაზე უკეთესი შედეგის დადება, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ შეცდომებზე. არც კოორდინატორების, არც სააგიტაციო მასალის საშუალება ჩვენ არ გვქონდა. შესაბამისად, საარჩევნო კამპანია წესიერად არ ჩაგვიტარებია. გასაგებია ჩვენი ამბები. გაუგებარია, მაგალითად, მილიონი რომ დახარჯა ბურჭულაძემ, ის რომ ვერ მოხვდა…“

კითხვაზე, არის თუ არა ასევე პრობლემა, როცა პარტიის დაფინანსების სურვილი არ უჩნდება არც ერთ ბიზნესმენს? ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესი ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ დააშინა. საუბრის ბოლოს, როცა მას სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ, გვითხრა, რომ ბიზნესმენებთან ურთიერთობებისა და ფინანსური რესურსების კუთხით პარტია უნდა გააქტიურდეს. ეს „რესპუბლიკელების“ ამოცანაა.

უნდა გაერთიანებულიყვნენ თუ არა ლიბერალი პოლიტიკოსები?

„ნამდვილად არ გამოჩნდა ეს“, – დარწმუნებულია ლევან ბერძენიშვილი: „ერთად რომ დავენახეთ, მერე იტყოდნენ, ალასანიას კი მივცემდი ხმას, მაგრამ თინა ხიდაშელი რომ უდგას გვერდით, ამიტომ აღარ მინდაო, ან პირიქით. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თავიდანვე თქვეს, რომ უნდოდათ მარტო ყოფნა. გაერთიანება კი ორივე პარტიას უნდა უნდოდეს. ან როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ერთად ყოფნა, როცა დღე არ გავიდოდა, გია ცაგარეიშვილს „რესპუბლიკელები“ არ გაელანძღა. იმათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ 50 პროცენტს და კიდევ მეტს მიიღებდნენ, ამიტომაა ახლა იქ ასეთი ამბები. ჩვენი პარტია რატომ არ იშლება?… ჩვენ მოგებაზეც და წაგებაზეც გვაქვს რეაქცია. ამ შენიშვნას მივიღებდით სიამოვნებით და ვიტყოდით, რომ შეგვეშალა, მაგრამ ჩვენ არ შეგვშლია, ასეთი ამოცანა არ ყოფილა.

კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი: „ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ, რადგან მეტ-ნაკლებად ერთნაირი ამომრჩეველი ჰყავთ. ვიცი ოჯახები, სადაც ეს ხმები გაიყო „თავისუფალ დემოკრატებს“ და „რესპუბლიკელებს“ შორის. მათი ამომრჩეველი არის სპეციფიკური.“

„პრობლემა იყო ლიბერალურ ძალებს შორის დაქსაქსულობა,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. ის ამბობს, რომ არათუ პარტიები, არამედ, ზოგადად, ლიბერალური ჯგუფები ქვეყანაში მიზანმიმართულად არ მუშაობდნენ: „სხვა პარტიებს ჰქონდათ სხვადასხვა ქსელი, გარდა იმისა, რომ ჰქონდათ აქციები და ასე შემდეგ. „პატრიოტთა ალიანსს“ ჰქონდა საკუთარი ტელევიზიაც კი. ვინც ხელისუფლებაში მოვიდა, მათ ჰყავდათ მხარდამჭერი ტელევიზია.“

მომავალი

გიორგი მაისურაძე: „ეს იყო არა მხოლოდ კონკრეტული ლიბერალური პოლიტიკური ძალების, არამედ მთლიანად ლიბერალური ფრთის მარცხი… ახლა კიდევ უფრო მეტ შინაარს იძენს სამოქალაქო აქტივიზმის როლი. მე ნაკლებად მჯერა, რომ ის პარტიები, ვინც პარლამენტში მოხვდა, რომელიმე ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებებზე და ლიბერალური პოლიტიკის კეთებაზე“.

ლევან ბერძენიშვილი კი მიიჩნევს, რომ ლიბერალური შეხედულების მქონე რამდენიმე დეპუტატი მაინც იქნება პარლამენტში. ის უფრო მეტ საფრთხეს საკონსტიტუციო უმრავლესობაში ხედავს, რადგან „ეს ისეთი საშიში სათამაშოა, რომელსაც როგორ ითამაშებენ, ჯერ არ ვიცით“.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები პარტიის სადავეების გადაცემას ახალგაზრდებისთვის აპირებენ. ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ძველი სახეები საზოგადოებას მოსწყინდა, მაგრამ „იდეები ვერ მოაბეზრებს ვერავის თავს, მისი ერთგული ხარ, ან – არ ხარ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლიბერალებს ეკუთვნით მომავალი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: