ცესკო – არჩევნები 76 მილიონად და დაბალი კვალიფიკაციით

„2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები პროცედურული დარღვევებით ჩატარდა და ეს უმეტესწილად საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების კომპეტენციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. საოლქო კომისიის მსჯელობა საჩივრებთან დაკავშირებით „ყავაზე მკითხაობას ჰგავდა“, –  ასე აფასებენ კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობას. 2016 წელს საარჩევნო მოხელეების სწავლება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა, ხოლო თავად ცესკოს ბიუჯეტი 76 მილიონი ლარია [საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის ჩათვლით]. აქედან 40 მილიონი ლარი ხელფასებში იხარჯება.

წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ბიუჯეტი 38 მილიონ 136 230 ლარია. აქედან 21 მილიონ 027 522 ლარი ამ დაწესებულების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯებია. გარდა ამისა, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების უზრუნველსაყოფად ცესკომ სახელმწიფოსგან დამატებით 30 მილიონ 888 046 ლარი მიიღო, აქედან 20 მილიონ 707 739 ლარი საარჩევნო მოხელეების ხელფასებისთვის გაითვალისწინეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 13-წევრიანია, აქედან ექვსი მუდმივმ¬ოქმედი წევრია, შვიდი კი პარტიების წარმომადგენელი. იმავე პრინციპითაა დაკომპლექტებული ოლქებიც, – ხუთ წევრს მუდმივად უხდის ცესკო ხელფასს, ხოლო დროებით წევრებს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. მათ ემატება ასევე დამხმარე პერსონალი და აპარატის თანამშრომლები [ბუღალტერი, იურისტი, დამლაგებელი, მძღოლი], რომელთა რაოდენობა ჯამში 700 პირს აღ¬წევს.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სულ 73-მა საოლქო და 3702-მა საუბნო კომისიამ იმუშავა.

ხელფასები და პრემიები

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის ორ კვარტალში ცესკოს 13 წევრზე ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით 556 689 ლარი, ცესკოს აპარატის თანამდებობის პირებზე [დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები] 192 620 ლარი, ხოლო ცესკოს დეპარტამენტების სპეციალისტებზე ჯამურად მილიონ 824 914 ლარი გაიცა. კანონმდებლობა არჩევნების წელს ცესკოს წევრებსა და თანამშრომლებზე ხელფასების გაორმაგებას ითვალისწინებს.

თამარ ჟვანია

თამარ ჟვანია

ცესკოს მიერ წელს გაცემული ხელფასების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯერ არ გამოუთხოვია. თვითმმართველობის ბოლო არჩევნების წელს [2014] კი, ცესკოს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს, თავმჯდომარეს ხელფასის სახით თვეში 10 100 ლარი აქვს აღებული, რასაც ემატება პრემია ან დანამატი. გარკვეულ თვეებში თამარ ჟვანიას [2014 წელს ოთხჯერ] შემოსავალი თვეში 20 000 ლარსაც აჭარბებს. ბოლო არჩევნების წელს ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება ჯამში 154 484 ლარია.

2015 წლის [არასაარჩევნო წელი] იანვარ-ნოემბრის პერიოდში ცესკოს თავმჯდომარემ უფრო ნაკლები – 100780 ლარი გამოიმუშავა. თამარ ჟვანიას ხელფასი არასაარჩევნო წელს 5 500 ლარია, რასაც ემატება იმავე ოდენობის ყოველთვიური დანამატი.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ, 2014 წელს 132 083 ლარი გამოიმუშავა. ხოლო 2015-ში, არასაარჩევნო წელს [იანვარი-ნოემბერი], ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჯამში, 85 820 ლარი აუღია. არასაარჩევნო წელს გიორგი შარაბიძის ხელფასი 4700 ლარია, ამას ემატება ყოველთვიური დანამატი იმავე ოდენობით ან პრემია. პრემია გიორგი შარაბიძემ 2015 წელს ხუთჯერ მიიღო [პრემიასთან ერთად დანამატის მიღება არ ფიქსირდება].

ცესკოს საშტატო ნუსხაში 95 პირი ჰყავს, მათ შორისაა კომისიის 13 წევრი. კომისიის თითოეული წევრის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 3 900 ლარით განისაზღვრება; დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 3 000 ლარია; განყოფილების უფროსის _ 2 300 ლარი.

ცესკოს მიერ პრემიისა და დანამატების გადანაწილებაზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2016 წლის მაისში კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია:

„… მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ცესკოს წევრებისა და თანამშრომლების მიერ პრემიებისა და დანამატების მიღების პერიოდულობა, საფუძველი და ოდენობა; განისაზღვროს პრემიის და დანამატის მინიმალური და მაქსიმალური პროცენტული ოდენობა თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებით; უნდა შემცირდეს არასაარჩევნო პერიოდში გაცემული პრემიების და დანამატების ოდენობა; პრემიებით თუ დანამატებით წახალისებას არ უნდა ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი. ის უნდა წარმოადგენდეს იშვიათ შემთხვევას, განსაკუთრებული დამსახურებისთვის; საარჩევნო პერიოდში გაორმაგებული სარგოს ფონზე არ უნდა ხდებოდეს დანამატის გაცემა; ცესკო თითოეული წევრის თანამდებობრივი სარგოს, პრემიის და დანამატის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო, ისევე როგორც ეს არის ცესკოს თავმჯდომარის, მოადგილის და მდივნის შემთხვევაში.“

ცესკოს კვალიფიკაცია

ბათუმის #69.69.01 უბანზე კომისიამ ხმები საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების უხეში დარღვევით დათვალა. დათვლის პროცესის დაწყებამდე კომისიამ არ დალუქა სამაგიდო სია და გამოუყენებელი ბიულეტენები. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული ბიულეტენები აღემატებოდა სამაგიდო სიებში დაფიქსირებული ხელმოწერების რაოდენობას.

დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა – „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ [საია] შესაბამისი საჩივრებით საოლქო კომისიას მიმართეს. ისინი ოქმის ბათილობას და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ. საოლქო კომისია მხოლოდ თავმჯდომარისა და მოადგილისთვის დისციპლინარული სასჯელის დაკისრებით შემოიფარგლა. ორივე ორგანიზაცია დავას სასამართლოში აგრძელებს.

დისციპლინარული სასჯელის დაკისრება არ გამორიცხავს დამრღვევი პირების თუნდაც ამ არჩევნების მეორე ტურში კომისიაში ხელმძღვანელად მუშაობას. საქართველოში არსებობს პრაქტიკა, როცა სასჯელდაკისრებული პირები კომისიების ხელმძღვანელებად დანიშნეს.

#69.70.58 უბნის შემაჯამებელ ოქმზე არ იყო დაფიქსირებული კომისიის წევრების ხელმოწერები. სამაგიდო სიაში არსებული ხელმოწერები კი საარჩევნო ყუთიდან ამოღებული ბიულეტენების რაოდენობას არ დაემთხვა – ყუთში უფრო მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე უბანზე მოვიდა ამომრჩეველი. გარდა ამისა, კომისიამ შემაჯამებელ ოქმში ციფრები ისე გადაასწორა, რომ არ მოამზადეს სათანადო ოქმი. ოლქმა ამ უბნის შედეგების ხელახალი გადათვლა გადაწყვიტა. გადათვლისას კომისიის საუბნო წევრებმა შეცდომები დამკვირვებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლით ახსნეს.

ჯამში მხოლოდ ბათუმის ოლქში უხეში დარღვევების გამო საია შვიდი საუბნო კომისიის ოქმის ბათილობას და ხელახალ გადათვლას, ხოლო „სამართლიანი არჩევნები“ რვა საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვდა. საჩივრების განხილვისას დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა კომისიის ხელმძღვანელი პირების კომპეტენციის ნაკლებობაზე გააკეთეს აქცენტი.

„იქცეოდნენ არაადეკვატურად, უბნებზე იყო ქაოსი; კომისიის მდივანმა ვერ შეძლო შემაჯამებელი ოქმის შევსება; არ არეგისტრირებდნენ საჩივრებს, გადადიოდნენ შეურაცხყოფაზე, დამკვირვებელი გააძევეს უბნიდან და ჩვენს ერთ-ერთ დამკვირვებელს დაუხიეს საჩივარი“, – განმარტა სხდომაზე მადონა ბერიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორმა საჩივრების განიხილვის დროს.

საიამ დარღვევები იმ საარჩევნო უბნების ოქმებშიც აღმოაჩინა, სადაც ორგანიზაციას დამკვირვებელი არ ჰყოლია: მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ოქმები განთავსდა, საიამ ციფრები შეაჯამა და აღმოაჩინა, რომ შვიდ ოქმში ბალანსი არ იყო შედგენილი.

„საარჩევნო მოხელეების კვალიფიკაციის პრობლემა დღის წესრიგში იდგა თითქმის ყველა არჩევნებზე, რაც ჩატარებულა საქართველოში, მაგრამ მეტი სიმძაფრით ეს ამ არჩევნებზე გამოჩნდა. საუბნო კომისიების წევრებს ვერ მოვთხოვთ უმაღლეს იურიდიულ განათლებას, მაგრამ საუბარია იმაზე, თუ რამდენად მომზადებული ხვდება საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებს, რამდენად გამოხატავს იგი მზაობას გადაამზადოს და ასწავლოს მოხელეებს საარჩევნო კანონმდებლობის ანი-ბანი. ვის უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა? – ოლქი არის ის სუბიექტი, რომელმაც დააკომპლექტა საუბნო კომისიები და აიღო მათზე პასუხისმგებლობა. ტრენინგები ჩაუტარდათ კიდეც… ამ არჩევნებს ჩრდილი სწორედ საუბნო-საარჩევნო კომისიების კვალიფიკაციის დაბალმა დონემ მიაყენა. საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებიც კი საუბრობენ კომისიის წევრების დაბალი კომპეტენციით გამოწვეულ პრობლემებზე“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2016 წლის 6 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცესკოში ხუთასზე მეტი საჩივარი შევიდა.

ვინ არის პასუხისმგებელი საარჩევნო მოხელის კვლიფიკაციაზე

საუბნო-საარჩევნო კომისიის ექვს წევრს საოლქო კომისია ირჩევს, დანარჩენ შვიდ წევრს კი კვალიფიციური პარტიები. იმავე პრინციპით აკომპლექტებს ცესკო საოლქო კომისიას. არსებული პრაქტიკით, ოლქებში უპირატესობა არ მიანიჭეს პირებს, რომლებსაც საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა ცესკომ სერტიფიკატით დაუდასტურა, სპეციალური გამოცდის ჩაბარების შემდეგ. დანიშნეს ისეთი პირები, ვისაც არ ჰქონდა მსგავსი სერტიფიკატი.

დამკვირვებელი ორგანიზაციები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კომპეტენციის ნაკლებობის მიზეზად ცესკოს და საოლქო კომისიის მიერ საარჩევნო მოხელეების პოლიტიკური სიმპათიების საფუძველზე შერჩევას ასახელებენ. მათი მოსაზრებით, სწორედ ამიტომ არა აქვს შედეგი სასწავლო ცენტრის არსებობას და ამიტომაც ვერ ახერხებს ცესკო მოხელეთა მომზადებას.

ცესკო საოლქო კომისიებს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებით რომ აკომპლექტებს, ამაზე „ბათუმელებმა“ არჩევნებამდეც დაწერა:

ბათუმის #79 საოლქო კომისიას ხელმძღვანელობს ცესკოს მიერ შერჩეული პირი ციალა შავაძე, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო. სამი ახალი წევრი ჰყავს ქედის #80 საოლქო-საარჩევნო კომისიასაც. „ბათუმელებმა“ ასევე დაადასტურა ორი მათგანის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი. თემურ ბერიძე წინა არჩევნებში ქედის საოლქო-საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, ირინა ბერიძე კი მმართველ კოალიციაში შემავალ „ეროვნულ ფორუმს“. ახალი თავმჯდომარე ჰყავს შუახევის საოლქო-საარჩევნო კომისიასაც. ამ თანამდებობაზე თამაზ ტაკიძე დათა ზოიძემ ჩაანაცვლა. წინა არჩევნებზე ის შუახევის ოლქში კოალიციაში შემავალ პარტია „მრეწველებს“ წარმოადგენდა. შუახევის საოლქო-საარჩევნო კომისიის ახალი წევრები გახდნენ გიორგი მაკარაძე და ნერიმან დიასამიძე. გიორგი მაკარაძე წინა არჩევნებზე ამავე ოლქში „რესპუბლიკელებს“ წარმოადგენდა, ხოლო ნერიმან დიასამიძე ოლქის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ორი ახალი წევრი ჰყავს ხულოს საარჩევნო ოლქსაც – თამარ ქამადაძე, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამავე ოლქის წევრი იყო კოალიციაში შემავალი „კონსერვატორებიდან.“

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო კომისიების მიერ საუბნო კომისიების წევრების შერჩევამდე ქობულეთში პარტიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს სია. ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო `ქართული ოცნების~ შტაბში შედგენილი იმ პირთა სია, რომლებიც ოლქს უბნებში კომისიის წევრებად უნდა შეერჩია. საოლქო კომისიამ ინფორმაცია უარყო, თუმცა კომისიის მიერ შერჩეული პირების სახელები და გვარები, წინასწარ გავრცელებულ სიაში არსებულ სახელებსა და გვარებს დაემთხვა. უმეტეს შემთხვევაში საუბნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იყო საოლქო კომისიის მიერ შერჩეული პირი ან „ქართული ოცნების~ წარმომადგენელი“. საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორი შემთხვევა ფიქსირდება, როცა საუბნო კომისიას სხვა პარტიის წარმომადგენელმა უხელმძღვანელა.

შეფასება

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ცესკოს კომპეტენციის განხილვა მაშინ დაიწყო, როცა ცესკომ დააყოვნა მონაცემების გამოქვეყნება „პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, მიხეილ ბენიძე 8 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოს მუშაობას ასე აფასებს: „ვერ ვიტყვი, რომ ცესკომ ძალიან გააჭიანურა შედეგების დათვლა. თითქმის სრული სურათი ძალიან მალე გვქონდა, თუმცა 10 ოქტომბერს იყო იმის განცდა, რომ რაღაც სხვა პროცენტები ითვლებოდა. ამან, ბუნებრივია, გამოიწვია კითხვები. საეჭვო იყო სწორედ ის მონაკვეთი, როდესაც წესით უნდა გამოთვლილიყო პროცენტი, მაგრამ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ რაიმე ხელოვნურ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი. ზოგადად, ცესკოს ყველაზე ნაკლებად აქვს კომპეტენციის პრობლემა, თუმცა ქვედა დონის კომისიებში უფრო მეტი კითხვები რჩება კომპეტენციასთან დაკავშირებით. კითხვები ჩნდება ასევე მათ შერჩევასთან დაკავშირებითაც“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი